Nuk
დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2 - განსხვავება და სიმპტომები

თარიღი: 21 დეკემბერი, 2020

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით. არსებობს შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი. ორივე შემთხვევისთვის დამახასიათებელია შაქრის დონის მომატება სისხლში, თუმცა, სხვა მხრივ, ერთმანეთისგან განსხვავებული დაავადებებია.

შაქრიანი დიაბეტის, მაპროვოცირებელი ფაქტორებისა და სიმპტომების შესახებ "ავერსი კლინიკის“ ენდოკრინოლოგი თეა ლომიძე გვიყვება.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 - აუტოიმუნური დაავადებაა. ამ დროს პანკრეასის მიერ ვერ გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. იგი უზრუნველყოფს გლუკოზის  შესვლას უჯრედებში და მის ენერგიის წყაროდ გამოყენებას. ინსულინის არარსებობის პირობებში ვითარდება ჰიპერგლიკემია, რაც  იწვევს სისხლძარღვების, გულის, თირკმლების, თვალის, ნერვული სისტემის მძიმე ხარისხის დაზიანებებს. ხშირად ვითარდება სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა-კეტოაციდოზი. შესაბამისად, დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულ პაციენტებს მუდმივად სჭირდებათ ინსულინის თერაპია.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სიმპტომებია:
- წყურვილისა და შიმშილის გამძაფრებული შეგრძნება
- ხშირი შარდვა
- საერთო სისუსტე
- წონაში კლება
- მხედველობის დაქვეითება

იმუნური სისტემა, რომლის ფუნქციაც არის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულების წინააღმდეგ ბრძოლა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს ვერ განასხვავებს თავისი ინსულინის წარმომქმნელ ბეტა უჯრედებს უცხოსგან და აზიანებს/ანადგურებს საკუთარ ქსოვილს. დაავადების მაპროვოცირებელია:
- ვირუსული ინფექცია
- მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა
- გარემო ფაქტორები
შაქრიანი დიაბეტი  ტიპი 1-ის ძირითად რიკს ჯგუფს შეადგენენ ბავშვები და მოზარდები.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 - მეტაბოლური დაავადებაა. ამ დროს, ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ინსულინს არ წარმოქნის ან პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინზე დაქვეითებულია.

კუნთოვანი ქსოვილი, ცხიმოვანი ქსოვილი და ღვიძლი ვერ პასუხობს ინსულინის მიერ მოტანილ ინფორმაციას და საჭიროა ინსულინის უფრო მაღალი დონე ინფორმაციის სამიზნე ქსოვილებამდე/უჯრედებამდე მისატანად.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რისკ-ჯგუფს შეადგენენ:
- 40 წლიდან ზემოთ ადამიანები
- ჭარბწონიანი ადამიანები
- ცხოვრების არაჯანსაღი წესი (უმოძრაობა, სწრაფი კვების ობიექტების ხშირი გამოყენება)
- ქოლესტერინის დონის დისბალანსი
- გენეტიკური წინასწარგანწყობა

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სიმპტომები თანდათანობით ვითარდება და შესაძლოა, დიდი ხნის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ზოგჯერ დიაგნოზს შემთხვევით, რუტინული გამოკვლევის შედეგად სვამენ. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას.

სათანადო მართვის გარეშე დიაბეტმა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის ფუნქციის დაქვეითება.
- ნეიროპათია (ნერვული სისტემის დაზიანება)
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები(ინფარქტი/ინსულტი)
- ნეფროპათია (თირკმლებისდაზიანება)
- რეტინოპათია (თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი დაზიანება)

დიაბეტის დიაგნოსტირება და მკურნალობა
დიაბეტის მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპსა და დიაგნოზზე. დიაბეტის მკურნალობა იწყება ჯანსაღი კვების რაციონით. მეტიკამენტური და თერაპიული მკურნალობა ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ პაციენტის ასაკის, დიაბეტის გართულებებისა და თანმხლების დაავადებების გათვალისწინებით.