Nuk
დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება – რა უნდა ვიცოდეთ

თარიღი: 24 იანვარი, 2023

დემენციას და ალცჰაიმერის დაავადებას ბევრი ერთმანეთთან აიგივებს. სინამდვილეში “დემენცია” ზოგადი ტერმინია, რომელიც შემეცნებითი უნარების დაქვეითებას გულისხმობს, ალცჰაიმერი კი ტვინის სპეციფიკური დაავადებაა, დემენციის ყველაზე გავრცელებული ტიპი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალცჰაიმერის დაავადება ყოველთვის დემენციაა, მაგრამ ყოველგვარი დემენცია ალცჰაიმერის დაავადება არ არის. მათი მსგავსებისა და განსხვავების ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც ალცჰაიმერის დაავადებისა თუ დემენციის სხვა ფორმების მქონე ადამიანებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისა და დამხმარე პირებისთვისაც.

დემენცია
დემენციას უწოდებენ სინდრომს – სიმპტომთა ჯგუფს, რომელიც მეხსიერების, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა შემეცნებითი უნარების დაქვეითებას მოიცავს. ის სხვადასხვა ტიპისაა და შესაძლოა, სხვადასხვა მდგომარეობით იყოს გამოწვეული. ალცჰაიმერის დაავადება მისი ყველაზე გავრცელებული ტიპია – დემენციის შემთხვევათა 60-80% მის წილად მოდის. დანარჩენ შემთხვევებში დემენცია სხვა მიზეზებით არის გამოწვეული:

* სისხლძარღვოვანი დემენცია ვითარდება ინსულტისა და სხვა მდგომარეობების შემდეგ, რომლებსაც ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ახასიათებს;

* ლევის სხეულების დემენცია ტვინში სპეციფიკური ცილოვანი გროვების გაჩენის შედეგია;

* არსებობს ტვინის საფეთქლისა და შუბლის წილის დაზიანების შედეგად განვითარებულ დაავადებებთან ასოცირებული დემენცია;

* კროიცფელდ-იაკობის დაავადება ტვინის დაზიანებით მიმდინარე იშვიათი დაავადებაა, რომელიც ცილების პათოლოგიურ ცვლილებას უკავშირდება და სწრაფი დამძიმება ახასიათებს;

* ჰანტინგტონის დაავადებაც იშვიათი, თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც თავის ტვინის ნერვული უჯრედების პროგრესირებად დაზიანებას იწვევს;

* ტვინის განმეორებითი ტრავმული დაზიანება ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიას განაპირობებს;

* შერეული, იმავე კომბინირებული დემენციის დროს კი ერთი ან რამდენიმე ტიპისთვის დამახასიათებელი ტვინის ცვლილებები ერთდროულად ვითარდება.

არსებობს სხვა დაავადებები და სამედიცინო მდგომარეობებიც, რომლებიც დემენციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება. მსგავსი სიმპტომები შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტით მკურნალობამ ან მედიკამენტების ურთიერთქმედებამ, ვიტამინ B12-ის დეფიციტმა, ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ, თავის ტრავმამ, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელების, ღვიძლის პრობლემებმა, დეპრესიამ, სტრესმა.

პროგრესირების კვალდაკვალ დემენცია დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და მის დამოუკიდებლად ფუნქციობის უნარზე. შედარებით ასაკოვანი ადამიანებისთვის ის უუნარობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დემენცია დაბერებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენა არ არის. მას საფუძვლად უდევს ტვინის უჯრედების დაზიანება, რაც უჯრედებს შორის კომუნიკაციას აფერხებს – სწორედ ამის შედეგია აზროვნებასთან, ქცევასსა და შეგრძნებებთან დაკავშირებული ცვლილებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 55 მილიონ ადამიანს აქვს დემენციის დიაგნოზი. დემენციას ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების დაქვეითებამდე მივყავართ. ადამიანი ზოგჯერ თვითონვე ამჩნევს, რომ უჭირს ამა თუ იმ მოვლენის დამახსოვრება, ფიქრების მოწესრიგება, ზოგჯერ კი მას ოჯახის წევრები ან მეგობრები ატყობენ მსგავს ცვლილებებს. თავს იჩენს ხასიათისა და ქცევის ცვლილებები, ფიქრის, პრობლემის გადაჭრის და ენობრივი სირთულეები, რომლებიც იმდენად მწვავეა, რომ საგრძნობლად აქვეითებს ყოველდღიური საქმიანობის უნარს და ცხოვრების ხარისხზე აისახება.

ალცჰაიმერის დაავადება
ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. მას უკავშირებენ თავის ტვინში ცილების ფუნქციის მოშლას, რაც საფრთხეს უქმნის ტვინის უჯრედების, ნეირონების, გამართულ მუშაობას. კერძოდ, უჯრედებს შორის გროვდება ცილა ბეტა-ამილოიდი, რომელიც ერთგვარ ფოლაქებს წარმოქმნის, ტვინის უჯრედებს ეკვრის და მათ კომუნიკაციას აბრკოლებს. მეორე ვერსიით, ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს ნერვულ უჯრედებში ტაუ ცილის გროვების წარმოქმნა, რომლებსაც ნეირონებზე ასევე ტოქსკური გავლენა აქვს. ეს გროვები ლაგდება ტვინის სპეციფიკურ უბნებში, მათ შორის ჰიპოკამპში, რომელიც გრძელვადიან მეხსიერებაში საკვანძო როლს ასრულებს.

ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები დაზიანებულ უბანზეა დამოკიდებული. ადრეულ ეტაპზე უმეტესად ვლინდება მეხსიერებასთან დაკავშირებული სირთულეები, ადამიანს უჭირს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, რადგან თავდაპირველად, წესისამებრ, ტვინის ის უბანი ზიანდება, რომელიც დასწავლას განაგებს. სიმპტომები თანდათან მძიმდება, მეხსიერების დაქვეითებას ერთვის ხასიათისა და ქცევის ცვლილებები, დროში, სივრცესა და მოვლენებში დეზორიენტაცია, სიტყვების გამოყენებისა და აღქმის სირთულეები, მეტყველების, ყლაპვისა და სიარულის გაძნელება.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების მთავარი რისკფაქტორი ასაკის მატებაა, ალცჰაიმერის დაავადება დაბერების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი არ არის. ალცჰაიმერით დაავადებულთა უმეტესობა 65 წლისა და მეტისაა, თუმცა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 200 000 ადამიანს 65 წელზე უმცროს ასაკში დაესვა ამ დაავადების დიაგნოზი.

როგორ განვასხვაოთ
ალცჰაიმერის დაავადებას სხვა ტიპის დემენციებთან ბევრი საერთო აქვს, თუმცა მათ შორის განსხვავებებიც მოიძებნება. მაგალითად, ზოგიერთი ტიპის დემენციის დროს ერთი სახის სიმპტომები მეტად არის გამოხატული, სხვები კი ნაკლებად. თავის ტვინის საფეთქლისა და შუბლის წილის დაზიანებით მიმდინარე დემენციის ადრეულ ეტაპზე უფრო თვალსაჩინოა პიროვნული ცვლილებები, ხოლო მეხსიერების დაქვეითება ხშირად საკმაოდ დიდხანს არ იჩენს თავს.

სიმპტომებს შორის განსხვავებები შესაძლოა იმითაც აიხსნას, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული. მაშინ როდესაც ალცჰაიმერის დაავადების დროს დაზიანება თავის ტვინის უმეტეს ნაწილს მოიცავს, ფრონტოტემპორალური დემენციის დროს უმთავრესად ზიანდება შუბლისა და საფეთქლის წილები – უბნები, რომლებიც პიროვნულობასა და ქცევასთან ასოცირდება. ამიტომ არის, რომ ფრონტოტემპორალური დემენციის დროს პიროვნების ცვლილებები უფრო მკაფიოა, ვიდრე ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე.

დემენციის სიმპტომების გამოვლენას ხშირად გარკვეული ხანი სჭირდება და სანამ ადამიანი ექიმს მიმართავს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დაზიანება განვითარდეს, რაც მკურნალობას ართულებს.

რისკფაქტორები
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დემენცია დაბერების ბუნებრივი ნაწილი არ არის, მაგრამ მისი განვითარების მთავარი რისკფაქტორი სწორედ ასაკია. ახალგაზრდებთანაც გვხვდება, თუმცა გაცილებით ხშირია ასაკოვნებთან. 85 წელს გადაცილებულთა ნახევარს შესაძლოა ამა თუ იმ ტიპის დემენცია ჰქონდეს.

დემენციის სხვადასხვა ტიპს ბევრი საერთო რისკფაქტორი აქვს, თუმცა ზოგიერთი რისკფაქტორის არსებობისას კონკრეტული ტიპი უფროა მოსალოდნელი, ვიდრე სხვები. მაგალითად, ინსულტი სისხლძარღვოვანი დემენციის ძირითად მიზეზად მიიჩნევა, ვინაიდან ამ დროს ტვინის სისხლმომარაგება ირღვევა და უჯრედები ჟანგბადით ღარიბდება, ამიტომ ინსულტის გადატანა ზრდის სისხლძარღვოვანი დემენციის განვითარების რისკს. გენეტიკა კროიცფელდ-იაკობის დაავადების – დემენციის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ტიპის – მკაფიოდ გამოხატული რისკფაქტორია.

მკურნალობა
დემენციის მკურნალობა ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. არსებული მედიკამენტები დაზიანების უკუქცევის საშუალებას არ იძლევა. ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას, მედიკამენტების მიღებასთან ერთად ითვალისწინებს პიროვნული კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, შემეცნებითი სავარჯიშოების შესრულებას და შემეცნებით რეაბილიტაციურ თერაპიას, რომელიც ადამიანს ყოველდღიური ცხოვრების მართვაში ეხმარება. ზოგიერთი მედიკამენტი მეხსიერებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს ამსუბუქებს, მაშინ როდესაც სხვები ძილის დარღვევისა და შფოთვის შესამცირებლადაა განკუთვნილი, ხოლო ცხოვრების ჯანსაღი წესის ისეთი ელემენტები, როგორებიცაა რეგულარული ვარჯიში და მრავალფეროვანი კვება, ზოგად ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და შეუძლია, დემენციის ნებისმიერი ფორმის პროგრესირება შეანელოს.

ტვინის სამიზნე უბნებს, სიმპტომებსა და შესაძლო მიზეზებს შორის განსხვავებათა გამო მკურნალობა, რომელიც ეფექტურია ერთი ტიპის დემენციისთვის, შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს სხვისთვის. მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად ამჟამად მოწოდებულია ოთხი სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს ეფექტური მკურნალობა, რომელიც კროიცფელდ-იაკობის დაავადების პროგრესირებას შეანელებდა.

როგორ ავიცილოთ თავიდან
არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ აზროვნების უნარის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება და დემენციის რისკის დაქვეითება შესაძლებელია ცეკვით, სპორტით და ისეთი აქტივობებით, რომლებიც როგორც გონებრივ, ისე სოციალურ ჩართულობას მოითხოვს.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"