Nuk
ჭარბოფლიანობა და ორსულობა

თარიღი: 30 სექტემბერი, 2020

ორსული ქალბატონების უმეტესობა უჩივის ოფლიანობას, ანუ ჰიპერჰიდროზს, რაც, ჩვეულებრივ, ღამის საათებში ვითარდება.

ორსულობის დროს ოფლიანობა ძალიან ხშირია. უფრო მეტიც, ეს არც ჰაერის ტემპერატურის მატებისა და არც რაიმე საკვები პროდუქტის გამოყენების შედეგია.  ყოველივე ეს, როგორც წესი, ჰორმონული ფონის ცვლილებებს უკავშირდება. ჰორმონული ცვლილებების გარდა, ერთ-ერთი პოტენციური მიზეზი შესაძლოა, იყოს სმი-ს (სხეულის მასის ინდექსი) დაშვებულ ნორმაზე ზეზღვრული მატება. შესაბამისად, უმჯობესია, აკონტროლოთ წონა.

პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ენდოკრინული სისტემისა და ჰორმონული ფონის ბუნებრივი ცვლილების შედეგად იმატებს საოფლე ჯირკვლების სეკრეცია, რამაც  შესაძლოა, კანის სტრუქტურა  შეცვალოს – მბზინავი და მგრძნობიარე კანი ხდება ცხიმიანი და გამომშრალი.

მეორე ტრიმესტრს ახასიათებს ოფლიანობის სტაბილიზირება ხოლო კანის მდგომარეობა ნორმალიზდება. თუმცა,  სხეულის მოთხოვნილება წყალზე იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, განაპირობებს  გამოყოფილი ოფლის რაოდენობას.

ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ორსულობის დროს ჭარბი ოფლიანობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, იყოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. ზუსტად ამიტომ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის კვლევა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის (TSH)  განსაზღვრა სისხლში პირველ ტრიმესტრში (უხშირესად – 13 კვირის ვადამდე), მითუმეტეს, რომ საქართველო ენდემურ კერად ითვლება.

რა მეთოდს შეიძლება მიმართოს ორსულმა ჭარბოფლიანობის დროს

უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულობის დროს განვითარებული ოფლიანობა  საშიში არ არის და მას მკურნალობა არ სჭირდება, ჭარბოფლიანობის შემთხვევაში კი, შეგიძლიათ, უბრალოდ, მიმართოთ მარტივ ჰიგიენურ პროცედურებს კონტრასტული შხაპის საშუალებით.

გამომშრალი კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად  გამოიყენეთ მხოლოდ ჰიპოალერგიული დეზოდორანტი, კრემები, ბალზამი და კანის დამატენიანებელი საშუალებები. 

ზოგადი სახის რეკომენდაციები ორსულებისთვის
თავი აარიდეთ ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგოდ მედიკამენტური საშუალებების მიღებას. ისინი ზემოქმედებს ჰორმონულ ცვლილებებზე, რითაც შესაძლოა ზიანი მიადგეს ნაყოფს.

- ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღოთ სითხე საკმარისი რაოდენობით, განსაკუთრებით კი, წყალი, გრილი სასმელებიც შესაძლებელია (ნაკლებად ტკბილი წვენები და კომპოტები, რძე), ანუ საჭიროა ადეკვატური ჰიდრატაცია. როგორ უნდა შეამოწმოთ საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება? შარდი არ უნდა იყოს კონცენტრირებული, ანუ მუქის ფერის, არამედ უნდა იყოს ღია, გამჭირვალე, რაც კარგი შედეგის ნიშანია;
- საკვები რაციონიდან გამორიცხეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იწვევს ჰიპერჰიდროზს, მაგალითად: კოფეინი, ზოგიერთი სანელებელი;
- სასურველია, ატაროთ ბამბის თეთრეული და საღამური;
- სხეულის ტემპერატურული რეჟიმის ნორმალიზებისთვის აუცილებელია, დაირეგულიროთ ძილის რეჟიმი. სასურველია, გეძინოთ არანაკლებ 8 საათისა;
- თავი აარიდეთ ზედმეტად აქტიურ ფიზიკურ  დატვირთვას, მაგრამ ისეირნეთ და მეტი იმოძრავეთ სუფთა ჰაერზე, რაც სასარგებლოა არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი მომავალი პატარასთვის.