Nuk
ჩამორჩენა სწავლაში, დაბალი სოციალური უნარები, გაზრდილი აგრესია

თარიღი: 20 სექტემბერი, 2021

რა ტიპის ინფორმაცია აქვთ ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს დისტანაციური სწავლებიდან მომდინარე საფრთხეებზე. რა ტიპის კვლევები ჩატარდა ბოლო დროს და რა იყო შედეგი. რატომ გაიზარდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვებში, როგორ შესუსტდა დასწავლების უნარი და სად გაქრა სოციალური უნარ-ჩვევები. ამ და სხვა საინტერესო თემებზე, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტმა, ბავშვთა ფსიქიატრმა და ნევროლოგმა, მედეა ზირაქაშვილმა და ფსიქოლოგმა ეკა ბაძაღუამ ისაუბრეს.

 

მოგესალმებით და მადლობას გიხდით სტუმრობისათვის. რაკი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა დისტანციური სწავლებაა, მინდა საუბარი პირველკლასელებით დავიწყოთ. ჩვეულებრივ პირობებშიც კი, სკოლაში წასვლა ბავშვისთვის აბსოლუტურად ახალი გამოცდილებაა და მას სხვანაირი მომზადება სჭირდება. პირველ კლასში წასვლამდე მოწმდება ბავშვის აკადემიური მზაობა, შეუძლია თუ არა ბავშვს 40  წუთი გაკვეთილზე გაჩერება და ა.შ. ახლა კი ამ ყველაფერს  ემატება ისიც, რომ პირველკლასელებს სკოლაში დისტანციურად „წასვლა“ და კომპიუტერთან ჯდომა მოუწევთ. რა რისკებს შეიცავს მათთვის სწავლების პროცესის დისტანციურ რეჟიმში წარმართვა?

მედეა ზირაქაშვილი: ნატა, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ყოველთვის ასეთ საინტერესო და აქტუალურ თემებს აშუქებთ. მე პირადად ვიტოვებ იმედს, რომ სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში 4 ოქტომბრიდან განახლდება ყველასთვის, მათ შორის პირველკლასელებისთვისაც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა და განათლების სამინისტრო პანდემიის არსებობას გრძელვადიან ჭრილში განიხილავენ და გაითვალისწინებენ იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის პირისპირ სწავლება, ხოლო წლების განმავლობაში ჩვენს შვილებს ვერ დავტოვებთ დისტანციურ რეჟიმზე…

 

თქვენ პირველკლასელებისთვის დისტანციური სწავლების რისკებზე მკითხეთ…კვლევების თანახმად, ადეკვატური სოციალურ-ემოციური და აკადემიური უნარების დასწავლისთვის, სინქრონული პირისპირ სწავლება, ამ ასაკში, ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის მანძილზე ბავშვს პირდაპირ მასწავლებლისგან ან თანაკლასელისგან ესმოდეს კონკრეტული ინსტრუქციები. სწავლება იყოს მიზანზე ორიენტირებული, ბევრი დამაჯილდოვებლის შემცველი, მასწავლებელი თავისი სხეულის ენით და ადეკვატური ხმის ტემბრით მუდმივ კომუნიკაციაში იყოს ბავშვებთან. ამ ასაკში საფუძველი ეყრება სოციალურ- ემოციური სფეროს განვითარებას, რაც საფუძველია შემდგომში, ეფექტური ურთიერთობების, მოლაპარაკების ტექნიკების, ემოციების რეგულირების უნარების  განვითარებისთვის…. რამდენად უზრუნველყოფს დისტანციური სწავლება ამ ყველაფერს?….რა თქმა უნდა ვერ.

 

როგორც UNICEF -ის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი რობერტ  ჯენკინსი აღნიშნავს, „სკოლა არის ადგილი, რ-იც ყველაზე ბოლოს უნდა დაიხუროს და ყველაზე ადრე გაიხსნას“. მითუმეტეს,რომ დღემდე ჩვენს ხელთ არსებული კვლევებით, „ სკოლებში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ აჭარბებს სხვა სივრცეებში ვირუსის გავრცელების სიხშირეს“( კალიფორნიის უნივერსიტეტი, დევისის  ეპიდემიოლოგი, ტრეისი ჰოგი). როდესაც ქვეყანაში სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ღიაა, მათ შორის ბარები, რესტორნები  სადაც ბავშვი ოჯახთან ერთად სადილობს, ხოლო სკოლა დაკეტილი, ვფიქრობ გადასახედია ქვეყნის პრიორიტეტები.

 

მინდა გკითხოთ კვლევებზე,რომლებიც ახსენეთ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევებმა ვერ აჩვენა მაღალი რისკები სკოლებში ვირუსის მაღალი გავრცელების კუთხით, საინტერესოა , ამ კვლევების მიხედვით რა სახის მენტალური და სოციალური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში სწავლის დისტანციურ რეჟიმში დიდხანს გაგრძელებამ, მათ შორის ჩვეულებრივი, ტიპური განვითარების ბავშვებში?

მედეა ზირაქაშვილი: თუ გადავხედავთ სამეცნიერო კვლევებს ონლაინ სივრცეში, ვნახავთ, რომ მნიშვნელოვნადაა ხაზგასმული, რომ პანდემიის ფიზიკურ პრობლემებს გადავივლით, თუმცა „ფსიქიკური პანდემია გარდაუვალია“. მინდა გამოვარჩიო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც შეისწავლიდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს თინეიჯერებსა და ბავშვებში. აღმოჩნდა, რომ 11-17 წლის ასაკის მოზარდებში 31 %-ით იყო გაზრდილი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებში მიმართვიანობა, ხოლო 5-11 წლის ასაკის ბავშვებში 24%-ით. 49%-ში ეს იყო პირველადად გამოვლენილი პრობლემები, ხოლო 30%-ში მოხდა არსებული მენტალური პრობლემების გამწვავება. მარტოობის შეგრძნებამ, იზოლაციამ, რუტინის არ არსებობამ და მოტივაციის დაკარგვამ განაპირობა ის, რომ მოიმატა გუნებაგანწყობის აშლილობებმა, აქტუალური გახდა დეპრესიის კლინიკური ნიშნები მოზარდებში, თანმდევი სუიციდური ეპიზოდებით. ამდენი გაურკვევლობის, მოულოდნელი, დაუგეგმავი მომავალის შემყურე ბავშვესა და მოზარდებში მოიმატა შფოთვითი აშლილობების სიხშირემ.  გარდა ამისა, შეიცვალა ცხოვრების სტილი, დაიკარგა ის, რაც ღირებული და ძვირფასი იყო ადამიანისთვის. მათ თითქოს ცხოვრების საზრისი დაკარგეს, იმან, რომ არ ვიცით რა იქნება ხვალ,მუდმივი დაძაბულობა, შიში უარესის მოლოდინი, მუდმივ სტრესში  ამყოფებს თითოეულ ჩვენგანს.დისტანციური სწავლების პერიოდში , ასევე მშობლების დისტანციური მუშაობის რეჟიმმა,  ერთ სივრცეში ბევრი ადამიანის თავმოყრა  განაპირობა, დაამძიმა ოჯახური გარემო და შექმნა კონფლიქტების წინაპირობები. შედეგად გაზრდილმა აგრესიამ , პანდემიის სხვადასხვა სტრესორთან ერთად ასევე გაზარდა  ოჯახური ძალადობის რიცხვი. ( მასწავლებელი, სკოლა ძირითადად არის ის სივრცე, სადაც ყველაზე პირველები ამჩნევენ ძალადობის კვალს.სადაც ბავშვისთვის უსაფრთხოდ ყოფნის ერთადერთი გარემოა ხოლმე, რაც ასევე შეუძლებელი გახადა დისტანციურმა სწავლებამ, სახლში ჩაკეტილი ბავშვების და მოზარდების პრობლემების დაფიქსირება არავის შეუძლია, შესაბამისად პრობლემაც მიჩქმალულია).

 

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ ფიზიკურად მოძრაობის შეზღუდვა გამშვები მექანიზმი გახდა წონაში მატების, რაც თინეიჯერების თვითშეფასების დაქვეითების და საკუთარი სხეულის მიმართ ზიზღის მთავარი წინაპირობა გახდა, მოიმატა კვებითმა აშლილობებმა, ძილის დარღვევებმა, თავის ტკივილებმა…მოზარდი, რომელიც ამ დროს ეძებს მარტოობას და ასაკობრივი სოციუმი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაგროვილი ემოციების ვენტილირებისთვის, ეჯაჭვება გარემოს, რომლისგანაც გაქცევის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს…რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის…

 

ქალბატონო ეკა, რა ტიპის უპირატესობა აქვს სწავლას საკლასო ოთახში და არა დისტანციურად? მით უმეტეს დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის, რომელსაც როგორც წესი, ისედაც უჭირს გაკვეთილზე 40 წუთი გაძლება და კონცენტრირება, მით უმეტეს თუ საუბარი სახლში, ლეპტოპთან ჯდომას ეხება? ამ დროს მასწავლებელი მაინცდამაინც ვერ აკონტროლებს მის დისციპლინას. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან დისტანციური გაკვეთილი საერთოდ არაფრისმომცემია. თუ არის განსხვავება აკადემიური მოსწრების კუთხით საკლასო ოთახში და დისტანციურად მიმდინარე სასწავლო პროცესით მიღებულ შედეგს შორის?

ეკა ბაძაღუა: ბოლო პერიოდში ინტერნეტში საკმაოდ ფართო ინფორმაცია იყო მიწოდებული და კარგად იყო შედარებული დისტანციური და პირისპირი სწავლების უპირატესობები. პანდემიიდან გამომდინარე, რადგან მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, არჩევანიც აღარ არსებობდა, ის რაც დისკუსიის საგანი იყო, ამჟამად 2 წლიანი დაკვირვების შედეგად, ახლა განხილვასაც არ ექვემდებარება, პირისპირ სწავლების უპირატესობებს მკვეთრად გაესვა ხაზი.

 

პირისპირ სწავლა ეფექტური საშუალებაა ცოდნის შესაძენად და ახალი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, რადგან ის აერთიანებს სხვადასხვა ხერხით სწავლების გზებს, მათ შორის წერას, კითხვას, დისკუსიას, პროექტების მომზადებას და კლასის წინაშე მის პრეზენტაციას, ჯგუფურ მუშაობას , ანუ ბავშვი იძენს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

 

პირისპირ სწავლის უპირატესობებია: 

• მეტი კონცენტრირების უნარი, ნაკლები ხელისშემშლელი გამღიზიანებლები;

• მიწოდებული მასალის უკეთ გაგება, რადგან მასწავლებელს გაკვეთილის ახსნისას, მოსწავლეს კი გაკვეთილის მოყოლისას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს რეალური მაგალითები (ცოცხალი/ნატურალური ქეისები);

• მოსწავლეს უფრო მეტი შანსი აქვს წარმატებით დაასრულოს სასწავლო წელი საკლასო სიტუაციაში (მასწავლების მიერ საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილით მიღებული შედეგი ცოდნის მხრივ, თითქმის 5-ჯერ აღემატება ონლაინ გაკვეთილით მიღებულ შედეგს);

• მასწავლებლის სხეულის ენა, ხმის ტემბრი, თანაკლასელების აქტიური ჩართულობა, დასწავლის ეფექტურობის მაღალი მოტივატორია;

• საკუთარი შესაძლებლობების შეფასების მეტი შესაძლებლობაა სხვა თანაკლასელების ფონზე, რადგან პედაგოგს გამოკითხვის აქტიურად წარმოების შესაძლებლობა აქვს.(„ვიღაც“ შენზე მეტია – მამოტივირებელია გახდე მისნაირი, „ვიღაც“ შენზე ნაკლებად ძლევს მასალას – გიმაღლებს თვითშეფასებას).

 

საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი ბევრად საინტერესოა როგორც მოსწავლისათვის, ასევე პედაგოგისთვის, ბავშვებიც უფრო აქტიურად არიან ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში, აქტიურია დისკუსია, დასმულ შეკითხვებზე გადაუდებელი პასუხები, ახერხებენ მოსაზრებების გამოხატვას, საკუთარი პოზიციების დაცვას კამათის გზით, ემოციების რეგულაციას… ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ენაც ინფორმაციის გადაცემის პროცესში, რადგან ბავშვი ასე უკეთ აღიქვამს ამ ინფორმაციას. პირისპირ სწავლებისას საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას, რომელშიც თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი ერთდროულად ჩართულია. ბავშვები მასწავლებლისგან იღებენ დიდ გამოცდილებას, მასწავლებლის თითოეული რეპლიკა, შექება, წახალისება დადებითად მოქმედებს ბავშვების თვითშეფასებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე. ზოგადად მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიური მოსწრების, არამედ კომუნიკაციის უნარების შეძენის კუთხით. მნიშვნელოვანია ის თამაშებიც, რასაც საკლასო ოთახში თამაშობენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირისპირ ურთიერთობა საკლასო ოთახში ნებისმიერი კლასის მოსწავლეებისათვის ბევრად უკეთესია, მით უმეტეს მცირეწლოვანთათვის.

 

მედა, თქვენ სოციალური უნარები ახსენეთ და საინტერესო იქნება, რომ ჩამოვთვალოთ, ზოგადად რას აფერხებს დისტანციური სწავლება ბავშვის განვითარებაში, არის ეს სოციალური უნარები, დასწავლის უნარი თუ რაიმე სხვა? 

მედეა ზირაქაშვილი: შეგახსენებთ, რომ პანდემიის შეჩერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება რაც მუდმივად ჟღერდება გახლავთ- სოციალური იზოლაციის უზრუნველყოფა, ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებმა ეს ფრაზა მკვეთრად გააპროტესტეს და აქტიურად წამოვიდა მცდელობა მისი მოდიფიცირების: „ ფიზიკური იზოლაცია, სოციალური სოლიდარობით“, იყო ჩვენი კოლეგების მოწოდებები, რატომ? იმიტომ,რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თუ რა შედეგების მომტანია მარტოობის და სოციალური იზოლაციის გავლენა ადამიანზე.

აღარაფერს ვამბობ ბავშვებზე, რომელთა სოციალურ- ემოციური სფეროს განვითარებას დაწყებით კლასებში ეყრება საფუძველი.პირისპირ ურთიერთობები თანატოლებთან გეხმარება იმის სწავლაში, თუ როგორ დაამყარო და შეინარჩუნო ურთიერთობები, ისწავლო კომპრომისზე წასვლა, ნივთების გაყოფა, ემოციების რეგულირება.ამ ჩამონათვლის გაჟღერებისას მახსენდება  ნიკ მორისონის, “Forbes”, ძალიან კარგი სტატია სათაურით “ბავშვთა აკადემიური მოსწრება არ არის საკითხი, რომელზედაც უნდა ვიდარდოთ, არამედ არის უფრო დიდი საშიშროება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით“. გარდა ამისა, დაირღვა დროის მენეჯმენტი, არ არსებობს დღის სტრუქტურა. ახლა გაცილებით ძნელია ბავშვის სასწავლო და თავისუფალი დროის გამიჯვნა, რადგან ორივე შემთხვევაში ბავშვი კომპიუტერსაა მიჯაჭვული. ეს კიდევ ცალკე მთელ რიგ პრობლემებს ქმნის- კიბერბულინგის და ეკრანდამოკიდებულების კუთხით..

 

ეკა, საინტერესოა რა არის ძირითადი პრობლემა, რაც შეიძლება მოიტანოს ბავშვის არაპირდაპირმა კომუნიკაციამ მასწავლებელთან? ეს არის აკადემიური მოსწრება თუ სხვა რამ? მაგალითად თუ ბავშვი პროგრამას ჩამორჩა, ეს არის მთავარი პრობლემა თუ ის აგრესია რაც გააჩინა ამ ყველაფერმა, დროის მენეჯმენტის არცოდნა, სიმძიმის მიხედვით რომ დავყოთ, ყველაზე მეტად რა პრობლემები შეექმნებათ ბავშვებს დისტანციური სწავლების ფონზე? 

ეკა ბაძაღუა: ალბათ ცოტ-ცოტა ყველაფერზე იმოქმედა ცხოვრების ასეთმა წესმა, სანამ თქვენს შეკითხვას ვუპასუხებდე, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, რა ტიპის სტრესორებზე ვსაუბრობთ…. ბავშვებს აღარ აქვთ დღის განრიგი, თუ აქამდე გაწერილი ჰქონდა: დილას ადგომის, თავის მოწესრიგების, სკოლაში წასვლის, დასვენების, გაკვეთილების მომზადების და ა.შ. დრო. ახლა ბავშვების უმეტესობა ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალი კლასის ბავშვები ადგომის და გამოფხიზლების გარეშე რთავს ტელეფონს, რათა მასწავლებელმა დაინახოს, რომ ბავშვი გაკვეთილს ესწრება. ამ დროს შესაძლოა სულ არ უსმენდეს და კამერა ჰქონდეს გათიშული. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ დისტანციური სწავლებისას ბავშვი ნაკლებ აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში, ის ვერ ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას, რადგან ოჯახურ გარემოშია, სადაც შეიძლება სხვაც იყოს, მაგალითად დედმამიშვილი და ბავშვებმა ხელი შეუშალონ ერთმანეთს. შესაძლოა, იმავე სივრცეში იყვნენ ოჯახის ის წევრებიც, ვინც დისტანციურად მუშაობს და ყველა მათგანმა ერთმანეთს ხელი შეუშალოს, რაც სწავლაში ბუნებრივია ქმნის პრობლემებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციას. არაპირდაპირი სწავლისას ბავშვი კარგად ვერ ახერხებს კონცენტრირებას და საკუთარი აზრების ფორმირებას თუ გადმოცემას ისე, როგორც ამას საკლასო ოთახში აკეთებდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ბავშვის მოტივაციის კლებას და შედეგიც არ აყოვნებს…

 

მედეა ზირაქაშვილი: და აქვე გავაგრძელებდი…რასაკვირველია აკადემიური მოსწრება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, სკოლას აქვს კუმულირების ეფექტი, მომდევნო კლასის მასალა წინა წელს შესწავლილ მასალას ეფუძნება, თუ ბავშვმა ერთ მშვენიერ დღეს წიგნის გადაშლა გადაწყვიტა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მისი აკადემიური მოსწრების ხარისხი გაუმჯობესდება. დისტანციური სწავლების ფონზე, საყურადღებო მაჩვენებელი დაიდო, 2020 წლის სასწავლო წლის ბოლოს, McKinsey & Co მიერ ჩატარებული 1,6 მილიონი დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ჩატარებული კვლევით, სადაც მათ აკადემიურ მოსწრებას იკვლევდნენ. აღმოჩნდა, რომ ერთწლიანი დისტანციური სწავლების შემდეგ ბავშვები დაახლოებით 5 თვით ჩამორჩებოდნენ მათემატიკის, ხოლო 4 თვით ჰუმანიტარული საგნების პროგრამას. თუ ეს დიდხანს გაგრძელდება და კოვიდს, როგორც გრძელვადიან პრობლემას შევხედავთ მივხვდებით, რომ შედეგები შესაძლოა ძალიან სავალალო იყოს…ვსხედვართ და ვუყურებთ, თუ როგორ ხდება ფორმირება თაობის,  ფსიქო-სოციალური უნარების დეფიციტით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მომატებული რისკებით, განათლების დაბალი დონით და არაფერს ვცვლით მათ სასიკეთოდ…

 

საინტერესოა როგორია მასწავლებლის როლი განსაკუთრებით ახლა, დისტანციური სწავლების ფონზე? რა უნდა ქნას მასწავლებელმა იმისათვის, რათა ბავშვებს გარკვეულწილად მაინც აუნაზღაუროს ის დანაკლისი, რასაც სწავლების დისტანციური ფორმატი ქმნის? 

მედეა ზირაქაშვილი: არ შემიძლია არ ვთქვა, რომ იმ სწრაფად შეცვლილი ცხოვრების წესის ფონზე, რაც პანდემიამ მოგვიტანა, ნამდვილად სერიოზული მობილიზება მოხდა განათლების სისტემის, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. ძალიან დიდი დარტყმა ამ ყველაფერმა მიაყენა პედაგოგებსაც, რომლებიც თავისი უნარების გამოყენებას პირისპირ სწავლებისას იყვნენ შეჩვეული და მოუწიათ სრულიად შეცვლილ სასწავლო პროცესში ჩართვა. აღმოჩნდა, რომ ბავშვების მსგავსად ზუსტად იგივე სტრესი, გადაღლა, გამოფიტვა მიიღეს პედაგოგებმაც, მით უმეტეს რომ მათი როლი დისტანციური სწავლებისას ძალიან მაღალია. არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით,რომ მოსწავლეები ნაკლებ აქტიურად არიან ჩართული სწავლების პროცესში და პედაგოგებს ხშირად უწევთ შავ ეკრანებთან ურთიერთობა. ეს მოტივაციას როგორც მოსწავლეს და სტუდენტს, ასევე პედაგოგსაც უქვეითებს. მნიშვნელოვანი კომპონენტია ისიც, რომ პედაგოგს მოუწია როგორც ბავშვის მოტივაციის ამაღლებაზე, ასევე მშობლის ინფორმირებულობაზე ზრუნვაც. განსაკუთრებით ეს საწყის კლასს ეხება. დღესდღეობით მე არ მეგულება დაწყებითი კლასის მოსწავლე, რომელიც მარტო, მშობლის გარეშე უზის ეკრანს. მშობელი ერთგვარი შუალედური რგოლი გახდა, რომელსაც ასევე სჭირდება მოტივაციის ამაღლება, რადგან ამის გარდა მას ძალიან ბევრი სხვა საზრუნავი აქვს  ცხოვრებაში : საკუთარი საქმიანობა, სახლის საქმეები, ფინანსურ მდგომარეობაზე ზრუნვა და უკვე შვილისთვის პადაგოგის და რეპეტიტორის როლის მორგებაც… ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის ის, თუ როგორ და რა სახით მიაწვდის ინფორმაციას ბავშვს. ვიცით, რომ ისინი ძალიან ბევრ და მრავალფეროვან მეთოდს იყენებს ინფორმაციის მისაწოდებლად პირისპირ სწავლებისას, იქნება ეს დისკუსიების გამართვა, ცოცხალი მაგალითებით პრეზენტაციები თუ სხვა. წარმოიდგინეთ, რა ძალისხმევა უნდა ჩადოს პედაგოგმა იმაში, რომ მან საკუთარი ემოციების გადაცემა და ბავშვამდე მიტანა ეკრანიდან შეძლოს, მით უმეტეს ბავშვთან, ვინც ახლა იწყებს ემოციების გაცვლის უნარების გამომუშავებას. ასე რომ, პედაგოგებს დღეს ძალიან დიდი შრომა უწევთ, მათი როლი დისტანციური სწავლების ეფექტურობაში უზარმაზარია, ხოლო მათი გარჯა დასაფასებელი.

 

აუცილებლად მინდა გკითხოთ იმაზეც, არის თუ არა აუცილებელი ამ ეტაპზე ბავშვებისათვის რეპეტიტორის აყვანა ან დამხმარის პოვნა, თუნდაც ოჯახის წევრი ზრდასრულის, რომელიც მას სწავლის პროცესში მიეხმარება. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ როგორც აღნიშნეთ, ბოლო კვლევების მიხედვით ბავშვები საგრძნობლად, თვეობით ჩამორჩნენ სასკოლო საგნების პროგრამას. 

მედეა ზირაქაშვილი: აქაც მინდა ხაზი გავუსვა ასაკობრივ კატეგორიებს, რადგან ამას მართლაც აქვს მნიშვნელობა. როდესაც პირველ კლასელზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს, რომ მას სწავლაში როგორც წესი, მშობელი ეხმარება. დისტანციური სწავლების პირობებში, სახლში ყოველთვის უნდა იყოს ერთი უფროსი, რომელიც ბავშვს გაკვეთილის ტექნიკურად წარმართვაში დაეხმარება, ჩართავს რომელიმე პლატფორმაზე, გვერდით ეჯდება…. თუმცა სამეცადინო პროცესის კუთხით, პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. რადგან სკოლაში მისვლის პირველ წლებში ბავშვს სჭირდება სწავლება, თუ როგორ ისწავლოს/იმეცადინოს…სწავლა უნარია, რომელიც მან უნდა ჩამოიყალიბოს. ამ დროს არ შეიძლება ბავშვის თავის ნებაზე მიშვება, აუცილებელია მეთვალყურე, ვინც გააკონტროლებს ამ პროცესს და ბავშვებს შეაჩვევს მეცადინეობას. იგივე ხდება მეორე კლასის შემთხვევაშიც, გვერდით აღარ უზის, თუმცა მშობელი არის ოთახში და აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში. ასეა საწყის კლასებში, ამიტომ ამ ასაკში მე რეპეტიტორის აყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავ. უფროსკლასელებს, რომლებიც უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებიან, ისედაც ჰყავთ რეპეტიტორები, ამიტომ ვთვლი, რომ მასწავლებლის აყვანა შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო მე-5-9 კლასების მოსწავლეებისთვის.

 

ბოლო კითხვა მექნება “ბლუმბერგის” სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ქვეყნისათვის პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლების გახსნა. თუმცა ალბათ გააჩნია ქვეყანასაც, რადგან ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორი აგრესიულია დელტა შტამი პატარების მიმართ და საქართველოს ამ მხრივ არც ისე კარგი შედეგები აქვს. რა უნდა დავაყენოთ წინა პლანზე, ფსიქიკური ჯანმრთელობა თუ ფიზიკური? ხედავთ თუ არა ოქროს შუალედს? 

მედეა ზირაქაშვილი: ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ალბათ ჩვენთვის ორჯერ ორი ოთხი არ არის. პრაქტიკულად ყოველ წუთს იცვლება ინფორმაცია და რეალობა. მაგალითად პანდემიის საწყის ეტაპზე ვიცოდით, რომ ვირუსი მაინცდამაინც არ ერჩოდა ბავშვებს, დელტა შტამზე კი საპირისპირო ვითარებაა. მე ამ თემას დავტოვებდი სადისკუსიოდ. თუმცა მინდა ერთი რამ ვთქვა ხაზგასმით – ჩვენ რომ დღეს ვსაუბრობდეთ კოვიდპანდემიის ხანმოკლე პერიოდში დასრულებაზე, მე ვიტყოდი, რომ კი ბატონო, ვასწავლოთ ბავშვებს დისტანციურად. მაგრამ დღეს, როდესაც ეს ჯერ კიდევ ხანგრძლივ პერსპექტივაში მოჩანს პრობლემად, გამიჭირდება ამის თქმა. რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, დიდ ხანს ასე გაგრძელება ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს მომავალში მენტალური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რიცხვის გაზრდის კუთხით. ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან…დავიცვათ პანდემიის შეჩერების ოქროს წესები : ნიღაბი, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ვაქცინაცია და შევეცადოთ ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად.

 

წყარო: https://fortuna.ge