Nuk
ჩაცმა, ბანაობა, კვება, ანალიზები

თარიღი: 17 ივნისი, 2021

როგორ უნდა ეცვას ჩვილს სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ, როგორ და რამდენჯერ უნდა ვაბანაოთ პატარა, რატომ აშფოთებთ მშობლებს სიყვითლე და როდის არის ის საყურადღებო, ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა D ვიტამინი და რომელია საუკეთესო რძე ჩვილისთვის. ამ და სხვა საინტერესო თემებზე პედიატრმა და ნეონატოლოგმა, ნანა ზერაგიამ ისაუბრა.

ნანა ზერაგია: ახალშობილს, რომელიც გამოწერილია სამშობიაროდან, პირველ რიგში  უნდა ეცვას კომფორტულად. მას აუცილებლად ნატურალური ბამბის ქსოვილისაგან შექმნილი სამოსი უნდა ჩავაცვათ. ბავშვს უნდა ეცვას ბოდე, შარვალი და  თხელი წინდა, რადგან სამშობიაროდან ბავშვი 2-3 დღის ასაკში ეწერება. ახალშობილის ორგანიზმს ახასიათებს  თერმოლაბილურობა, ამიტომ პირველი რამდენიმე დღე  მას თხელი ქუდი უნდა ეფაროს. მომდევნო დღეებში, 5-6 დღის შემდეგ სახლის პირობებში ქუდი საჭირო უკვე აღარაა და მხოლოდ ბანაობის მერე უნდა დავაფაროთ ბავშვს. რაც შეეხება ხელებზე ჩამოსაცმელებს, ისინი არც  ერთ დროს არაა საჭირო, რადგან ბავშვი გარშემო მყოფ საგნებს ხელით უნდა შეეხოს, რომ აღქმის უნარი ჩამოუყალიბდეს. ამიტომ ხელთათმანი არაა საჭირო.

იმისთვის რომ ბავშვმა სახე არ გაიკაწროს, ფრჩხილები უნდა დავაჭრათ ხელებზეც და ფეხებზეც. რაც შეეხება ბანაობის შემდეგ ქუდის დაფარებას, ამ დროს ქუდი უნდა დავაფაროთ. ბანაობის მერე ათ წუთში ბავშვს ქუდი უნდა შევუცვალოთ, რომ ნესტიანი ქუდით არ იყოს.


მითია, რომ ბავშვს 40 დღე ფრჩხილები არ უნდა დავაჭრათ. არაფერი საერთო სიმართლესთან ამას არ აქვს ისევე როგორც მითს, რომ თუ ბავშვს ცხვირი გაყინული აქვს, ესე იგი სცივა და თბილად უნდა ჩავაცვათ. ახალშობილის სხეულის ტემპერატურა თერმოლაბილურია , რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მოხდეს გადაციება ან გადახურება. შეიძლება ბავშვს ცხვირი ცივი ჰქონდეს, მაგრამ არ სციოდეს. სხეულის ტემპერატურა ზოგადად ცხვირზე კი არა, გულ-მკერდზე და მუცელზე უნდა ვნახოთ. თუ ბავშვი თბილია, მას ზედმეტად ჩათბობა არ უნდა. თუ ტემპერატურა გავზომეთ და ის 36,5 -ზე ნაკლებია, ეს უკვე მიანიშნებს ჰიპოთერმიაზე და ამ დროს ბავშვს გათბობა ესაჭიროება. ამაზე შეიძლება მიგვანიშნოს იმანაც, რომ ჰიპოთერმიისას ბავშვი არააქტიურია, არ იკვებება, წოვს, მხოლოდ ძილი უნდა და ერთგვარად ძილადაა მივარდნილი.

არანაკლებ საინტერესო საკითხია ბავშვის ბანაობა. მშობლების ნაწილი თვლის, რომ ჩვილი ყოველდღე არ უნდა აბანაოს, რადგან შეიძლება ბავშვი გაცივდეს. როგორ და რა სიხშირით უნდა ვაბანაოთ ჩვილი ან რაში უნდა ვაბანაოთ? მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გვირილაში ბავშვის დაბანა იყო აქტუალური.
ნანა ზერაგია: 6 თვემდე ასაკის ბავშვი სასურველია ყოველდღე ვაბანაოთ სეზონის მიუხედავად. ამ დროს არაა საჭირო საძინებლის გათბობა და ა.შ. ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსი. უმჯობესია გავათბოთ სააბაზანო ოთახი, სადაც ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 25 გრადუსი. იქ უნდა დავდგათ ბავშვის აბაზანა და ჩვეულებრივ სუფთა წყალში უნდა დავბანოთ. ბავშვისთვის ეს პროცესი სასიამოვნო უნდა იყოს. სასურველია ჩვილი ვაბანაოთ ერთი და იგივე დროს, ბოლო კვების წინ ღამით ყველაზე სასურველი დროა ამისათვის. ასე გაცილებით ადვილია დედისთვისაც და  ბავშვისთვისაც. წყალი უნდა იყოს ნორმალური ტემპერატურის. ბავშვს ჯერ ტანი უნდა დავბანოთ, მერე თავი, რათა ბავშვი არ გაცივდეს. ბანაობა 10-15 წუთი უნდა გრძელდებოდეს. კვირაში სამჯერ ბავშვი უნდა დავბანოთ საბავშვო დასაბანი გელით , გადავავლოთ სუფთა წყალი, შევამშრალოთ რბილი საფენით და ბანაობიდან 5 წუთში დამატენიანებელი საშუალება წავუსვათ, რომელიც მისი კანისთვის არის მიზანშეწონილი. პამპერსის ქვეშ გამოიყენება დამცავი კრემი და არა სამკურნალო კრემი. მნიშვნელოვანია, რომ ის კრემი, რაც პამპერსის ქვეშ ისმევა, არ შეიცავდეს ანტიბიოტიკებს. ჭიპზე არაფრის დაწებება არ არის საჭირო, ის ჩვეულებრივ მუმიფიცირებულია და გარკვეულ პერიოდში ჩვეულებრივად მოძვრება. თუ ჭიპი გაწითლებულია ან უსიამოვნო სუნი აქვს, შესაძლებელია მისი ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება, მაგალითად “ბეტადინით” ან “ქლორჰექსადინით“.

D  ვიტამინზე მინდა გკითხოთ, თითქმის ყველა გაიდლაინი ამბობს რომ D ვიტამინი ყველას სჭირდება, მით უმეტეს ჩვილებს. მაგრამ მაინც ხშირად ისმის კითხვა: როდემდეა ის საჭირო, დაბადებიდან 3თვე, 1 წელი, 3 წელი? ან რა ხდება მაშინ, როცა ბავშვი იბადება ზაფხულში, როცა მზე ბევრია?
ნანა ზერაგია: D ვიტამინი აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა. D ვიტამინი განიხილება, როგორც ჰორმონი. ის აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალურად ფუნქციონირების და ინფექციებთან ბრძოლისთვის, ასევე  ხელს  უწყობს ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და როცა D ვიტამინის დეფიციტია სახეზე, ორგანიზმი ფოსფორის მხოლოდ 50% და კალციუმის მხოლოდ 10%-ის  შეწოვას ახერხებს ნაწლავებიდან. შესაბამისად, კალციუმის ნაკლებობას მივყავართ პარატჰორმონის გამომუშავების გაძლიერებამდე,  რაც იწვევს ძვლებიდან კალციუმის და ფოსფორის გამორეცხვას . ძვლები ხდება მყიფე, იწყება  ოსტეომალაცია, რასაც მოსდევს რაქიტი. მისი განვითარება ორი თვის ასაკში იწყება,  4-12 თვის ასაკში კი რაქიტი  უკვე ვლინდება სრულად. მიუხედავად იმისა, რომ რაქიტი ჩვილ ბავშვთა ასაკში იწყება, მისგან გამოწვეული დეფორმაცია მთელი ცხოვრება რჩება. D ვიტამინი არა მხოლოდ რაქიტის პროფილაქტიკისთვის არის აუცილებელი. იგი ინიშნება ახალშობილობიდან და ორი წლის ასაკამდე გრძელდება. თუმცა ინიშნება არა სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკური დოზით. „ამერიკის პედიატრთა აკადემიის“ რეკომენდაციით 0-6 თვემდე ასაკში რეკომენდებულია D ვიტამინის 400-1000 საერთაშორისო ერთეული, 6 თვიდან 12 თვემდე არის 400-1500 საერთაშორისო ერთეული. 1500 საერთაშორისო ერთეული არის პროფილაქტიკური დოზის ზედა ზღვარი. 1-3 წლამდე ინიშნება 600-დან 2500-მდე, 4 წლიდან 18 წლამდე ინიშნება 600-დან 4000-მდე საერთაშორისო ერთეული.  D ვიტამინის დანიშვნა ხდება ყიფლიბანდის მიუხედავად. იგი არ ინიშნება მხოლოდ  ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, მაგალითად  კრანიოსტენოზის ან მიკროცეფალიის დროს.  ზოგჯერ ყიფლიბანდი ადრე იხურება, მაგრამ შემდეგ აუცილებელია თავის და გულმკერდის გარშემოწერილობის კონტროლი .

ქალბატონო ნანა, ცხადია კონკრეტულ მედიკამენტს ვერ გკითხავთ, თუმცა საინტერესოა, როგორ ავარჩიოთ D ვიტამინი აფთიაქში? განსხვავება არის ფასებში, მწარმოებელ ქვეყნებში და ა.შ. მაინც რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, აქვს თუ არა მნიშვნელობა ბრენდს, ფასს?
ნანა ზერაგია: ბავშვებში D ვიტამინის ემულსიის სახით მიცემა უკეთესია და მას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ. ემულსია უკეთესად იწოვება ორგანიზმში და უკეთეს შედეგებს იძლევა. რაც შეეხება ბრენდს, ბუნებრივია ევროპულ ბრენდებზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი.

კიდევ ერთი საინტერესო თემა ყიფლიბანდია. მშობლები ხშირად  ბავშვს თავზე ხელით უმოწმებენ ყიფლიბანდს, ცდილობენ გაიგონ  დიდია თუ პატარა. ზოგადად რამდენი ყიფლიბანდით იბადება ბავშვი,  როდის უნდა დაიხუროს ის წესით და როგორ უნდა მივხვდეთ, რამდენად სწორი ზომისაა?  როდის ითვლება,  რომ ყიფლიბანდი დროულად არ იხურება?
ნანა ზერაგია: როდესაც ბავშვი იბადება, მას აქვს ორი ყიფლიბანდი. ერთი არის დიდი ყიფლიბანდი, შუბლის და თხემის ძვლებს შორის. მას აქვს რომბისებრი ფორმა. მცირე ყიფლიბანდი სამკუთხა ფორმისაა და  თხემის ძვლებსა და კეფის  ძვალს შორის მდებარეობს. ბავშვების უმეტესობას მცირე ყიფლიბანდი არ ესინჯება, ის ესინჯებათ მხოლოდ დღენაკლულ ჩვილებს  და 3-4 თვის ასაკში უკვე მათაც აღარ. რაც შეეხება დიდ ყიფლიბანდს, ის 1-1,5 წლის ასაკში იხურება. რასაკვირველია, D ვიტამინის მიცემას ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, რომ თუ დედა ორსულობისას კალციუმს და პოლივიტამინებს იღებდა, დიდი ყიფლიბანდი 1 წლამდე ასაკშიც დაიხუროს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. თუ 2 წლამდე ბავშვს დიდი ყიფლიბანდი ისევ ღია აქვს, ეს აუცილებლად კალციუმის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამ დროს უნდა განისაზღვროს სისხლში როგორც D ვიტამინის, ასევე იონიზირებული კალციუმის რაოდენობა. როცა 1,5 წლის ასაკში ბავშვს არ ეხურება ყიფლიბანდი, ექიმი ცხადია არც დაელოდება 2 წლის ასაკს, მან შესაძლოა შეცვალოს  D ვიტამინის დოზა და კალციც დანიშნოს.

ქალბატონო ნანა, არსებობს კვლევები, რომლებიც საჭიროა ბავშვებში და არის კვლევები, რაც ზედმეტია. სიცოცხლის პირველ წელს რა კვლევებია საჭირო ბავშვთან?
ნანა ზერაგია: სამშობიაროში, დაბადებიდან 24 საათში ბავშვს უტარდება სკრინინგი გულის თანდაყოლილ მანკებზე, მერე უტარდება ტესტი ფენილკეტონურიაზე,   ტარდება სმენის და მეტაბოლური სკრინინგები, ასევე სკრინინგი ჰიპოთირეოზზე და მუკოვისციდოზზე. ვინაიდან ორი თვის ასაკში იწყება პროფილაქტიკური  აცრები, ამ ასაკში სასურველია ბავშვს ჩაუტარდეს სისხლის საერთო ანალიზი, რადგან ამ პერიოდში, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში ხშირად ფიქსირდება ე.წ. დღენაკლთა ანემია, ხოლო დროულად დაბადებულებში ე.წ. ფიზიოლოგიური ანემია. ასეთ დროს დღენაკლულებს პერორალური რკინის პრეპარატი ერთი თვის ასაკიდან უნდა მიეცეთ, ხოლო დროულ ბავშვებს ჩვენების მიხედვით.  ყიფლიბანდზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ნეიროსონოსკოპიურ კვლევას და ნევროლოგის კონსულტაციას, კონსულტაცია გეგმურად 1 თვის ასაკში უნდა ჩატარდეს და ნევროპათოლოგი გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა ბავშვს ნეიროსონოსკოპიური კვლევა, სანამ ყიფლიბანდი დაიხურება. 3 თვის ასაკში ტარდება კარდიოექოსკოპიური გამოკვლევა. ასევე, საჭიროა ჩატარდეს ორთოპედის კონსულტაცია 3 თვემდე. თუ ორთოპედი გადაწყვეტს, მენჯ ბარძაყის ექოსკოპია ამ ასაკშივე ჩატარდება, ხოლო თუ  არანაირი პრობლემა არაა სახეზე, 6 თვის ასაკში. თუ ბავშვი ანემიური იყო, სისხლის საერთო ანალიზი უნდა განმეორდეს 2 თვის შემდეგ . ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა პირველი წლის განმავლობაში საჭიროა 1 თვის , 2 თვის, 3 თვის, 4 თვის, 6 თვის, 9 თვის და 1 წელის ასაკში, ანუ წელიწადის განმავლობაში 7-ჯერ უნდა მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან. ეს იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი რიგზეა, დამატებითი კვლევა თუ საჭირო იქნა, ექიმი მას თვითონ დანიშნავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – სიყვითლე.. ყველა ახალშობილი თავისებური ფერისაა, თუმცა სიყვითლე ზოგან უფრო გამოხატულია. თუ ბავშვი გვეჩვენება ზედმეტად ყვითლად, ეს ყოველთვის იმაზე მიუთითებს, რომ ბილირუბინი არის მაღალი?
ნანა ზერაგია: სიყვითლე არის კანის და ლორწოვანის ყვითელი შეფერილობა,  რასაც სწორედ პიგმენტ ბილირუბინის ქსოვილებში ჩალაგება იწვევს. არსებობს ფიზიოლოგიური სიყვითლეც, რომელიც ორი კვირის შემდეგ გაივლის. ის ვითარდება პირველი 48 საათის შემდეგ ანუ სიცოცხლის პირველი ორი დღის შემდეგ. ამას განაპირობებს ზედმეტი ერითროციტების არსებობა ორგანიზმში, რომლებიც იშლება და წარმოიქმნება ბილირუბინი, რომელიც ლაგდება ქსოვილებში. ფიზიოლოგიური სიყვითლის დროს არ ხდება ჰემოლიზი, არ ვითარდება პათოლოგიური სიყვითლე, ის თავისით ალაგდება და არ საჭიროებს ჩარევას. რაც შეეხება საშიშ სიყვითლეს, არსებობს სამშობიაროდან ახალშობილთა გაწერის კრიტერიუმები და ერთ-ერთია სწორედ პათოლოგიური სიყვითლის შეფასება. უნდა შეფასდეს, მიეკუთვნება თუ არა სიყვითლე საშიში სიყვითლის განვითარების რისკ-ჯგუფს. ეს ფასდება ბილირუბინის მაჩვენებლის მიხედვით. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სიყვითლის განვითარების დროს, ინტენსივობას და გავრცელებას. სიყვითლე საშიშია, თუ ის სიცოცხლის პირველ 24 საათში ვითარდება, ასევ დაბადებიდან 7 დღის შემდეგ. თუ სიყვითლე მთელ სხეულზეა და სკლერებზეც გვხვდება, თუ სიყვითლე არის ინტენსიური, შარდი მუქია, განავალი კი ღია ჩალისფერი, ამ დროს შეიძლება სანაღვლე გზების ატრეზიაზე ვიფიქროთ. რისკებში განიხილება ასევე  ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს რეზუს-კონფლიქტით ან ჯგუფის შეუთავსებლობით. რეზუს-კონფლიქტი ვითარდება მაშინ, როცა დედას უარყოფითი რეზუსის სისხლი აქვს, ბავშვს კი დადებითი. თუ დედა პირველი ჯგუფის სისხლითაა, ბავშვი კი მეორე ან მესამე ჯგუფით, ამ შეიმთხვევს შეიძლება განვითარდეს ჯგუფური შეუთავსებლობა და მისგან გამოწვეული სიყვითლე. თუ ბავშვს პირველი თვის განმავლობაში აქვს სიყვითლე, ის აუცილებლად  უნდა შეაფასოს ნეონატოლოგმა. ამ შემთხვევაში  კონსულტაცია აუცილებელია.

ქალბატონო ნანა, ვისაუბროთ დედის რძეზე. ვიცით, რომ ძუძუთი კვებას არ აქვს ალტერნატივა და ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია ამბობს, რომ დედის რძე შეუცვლელია. ჯერჯერობით ვერცერთმა კომპანიამ ვერ მიუახლოვა დედის რძის ფორმულას ის ფორმულა, რასაც აწარმოებენ. თუმცა არსებობს მიზეზები, როცა ბუნებრივი კვება ვერ ხერხდება. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, რომელი რძე მივცეთ ბავშვს? როგორ ავარჩიოთ რძე ბავშვებისათვის?
ნანა ზერაგია: დედის რძე ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად იცვლება. მისი  ანალოგი დღემდე არ არსებობს. დედის რძეში შედის შეუცვლელი ამინომჟავები და ცილები, რომელთა შემადგენლობასთან მიახლოებასაც ყველა კომპანია ცდილობს. არსებობს კვების მოდელი, როცა ბავშვი მთლიანად დედის რძეზეა. ეს ბუნებრივი კვებაა. არსებობს ხელოვნური კვების მოდელი, როცა ბავშვი მთლიანად ხელოვნურ კვებაზეა. არის შერეული მოდელიც, როდესაც ბავშვი ორივეს იღებს. შერეულ მოდელში ხელოვნური კვება არის საერთო მოცულობის 1/5-ზე მეტი. ყველა დედას შეუძლია გამოკვებოს შვილი დედის რძით, რომლის ოქროს წვეთებიც აუცილებელია ყველა ახალშობილისთვის.  ხოლო როცა დამატებითი საკვებია საჭირო, სასურველია ის იყოს ჰიპოალერგიული, რომელშიც ცილა არის ნაწილობრივი ჰიდროლიზატის სახით. ამ ფორმულაში ცილის სწორედ ის ფრაქციაა დაშლილი, რაზეც შესაძლოა ჩვილს ალერგია ჰქონდეს. შესაბამისად, მისი მიცემა უფრო სწორია ჩვილისთვის. არსებობს ჯანმრთელი ბავშვების ფორმულები, რომლებსაც უპრობლემო ბავშვებს ვაძლევთ და სამკურნალო ფორმულები იმ ბავშვებისთვის, ვისაც აქვს ლაქტოზის აუტანლობა, ღებინება და ა.შ. ნარევები ექიმის მიერ უნდა იყოს შერჩეული. 3 თვემდე ასაკში დაუშვებელია საკვების ხშირი ცვლა. საკვები უნდა შეიცვალოს დიდი სიფრთხილით, რადგან ხშირმა ცვლამ შეიძლება კვებითი ტოლერანტობის დარღვევა და რძის აუტანლობა გამოიწვიოს. რაც შეეხება პალმის ზეთს, უფრო სწორად იმას, თუ რატომ არ იღებენ პალმის ზეთს თავისი ფორმულიდან წამყვანი კომპანიები. პალმის ზეთი შეიცავს დიდ რაოდენობით პალმიტინის მჟავას, რომელიც დედის რძეში შედის. ის აუცილებელია ჩვილის ნერვული სისტემის განვითარებისათვის და ზოგი წამყვანი ბრენდი სწორედ ამიტომ არ იღებს მას ფორმულიდან, პირიქით, ცდილობს რომ პალმიტინის მჟავა, რომელიც არის პალმის ზეთში, დედის რძის შემადგენლობაში შემავალ ბეტამალმიტატს დაუახლოოს. ის აუცილებელია ტვინის განვითარებისათვის, ხელს უშლის კალციუმის კარგვას და ყაბზობის განვითარებას. არის ბრენდები, რომლებმაც ამოიღეს პალმიტინის მჟავა და იყენებენ ქოქოსის რძის ან სოიას რძის ცხიმს თავის ფორმულებში, თუმცა ეს საუბრის ცალკე, ვრცელი თემაა.

კიდევ ერთი აქტუალური პრობლემა ღებინებაა ჩვილებში. როდის არის ის საშიში, როდის უნდა ავტეხოთ განგაში და ექიმს მივმართოთ? გარდა ამისა, მინდა გკითხოთ საკვების ხშირი გადაცდენების შესახებ. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?
ნანა ზერაგია: საკვების გადაცდენა ბავშვებში, რომლებიც სამშობიაროში იმყოფებიან, თითქმის არ გვხვდება, რადგან ლაქტაცია ამ დროს არ არის ისეთი ძლიერი, რომ რძე მოდიოდეს ნაკადურად. ეს ძირითადად გვხვდება ჩვილებში სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, როცა რძე მოდის ნაკადით, ბავშვი აქტიურად წოვს, მაგრამ გადაყლაპვას ვერ ასწრებს და ხდება გადაცდენა. როდესაც ბავშვი იბადება, მას უნდა ჩამოუყალიბდეს წოვის რეფლექსი, რომელიც უნდა იყოს კოორდინირებული ყლაპვასთან და სუნთქვასთან. ყლაპვა არის რთული მოტორული აქტი, რომელშიც მონაწილეობს ენა, ხახის კუნთები, საყლაპავის კუნთები და როცა ყლაპვა და წოვა არ არის კოორდინირებული, რადგან ნერვული სისტემა უმწიფარია, შესაძლოა გვქონდეს გადაცდენის შემთხვევა. როგორ მოვახდინოთ გადაცდენის პრევენცია? ბავშვი არ უნდა ვკვებოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. როცა რძე დიდი რაოდენობით მოდის, დედამ კვებამდე მკერდი უნდა გამოიწველოს,რომ რძე წამოვიდეს ნაკლები ნაკადით და ბავშვმა მოასწროს გადაყლაპვა.  ხოლო თუ მაინც გადასცდა და ვერ ყლაპავს იმის მიუხედავად, რომ ნაკადი მცირეა, თუ ბავშვი გაწითლდა, გაულურჯდა ტუჩები და ვერ ტირის, ესე იგი მას რძე ჩაუვიდა სასუნთქ გზებში. ამ დროს ბავშვი უნდა დავხაროთ 30 გრადუსით, თავი უნდა ჰქონდეს ქვემოთ. შედეგად რძე პირიდან გადმოვა  და სასუნთქი გზები გათავისუფლდება. თუ გადაცდენის შემთხვევები იმატებს და ხშირია, შეიძლება სახეზე იყოს ნევროლოგიური პრობლემა, გამოწვეული ნერვული სისტემის უმწიფრობით. ამ დროს უნდა მივმართოთ ნევროლოგს. ხშირად, როცა ბავშვს გადასცდება საკვები, წარბებს შორის უსვამენ ხოლმე ხელს, რაც აბსოლუტურად არაფერს აკეთებს, არაფერშია ეს საჭირო. პირიქით,  ბავშვს თავი ქვემოთ უნდა ჰქონდეს, რომ რძე გადმოვიდეს.

რაც შეეხება ღებინებას, უფრო ხშირად ეს წამოქაფებაა და არა გულისრევა. ამ დროს ხდება კუჭიდან საყლაპავში საკვების პასიური ამოსვლა. ეს რძე ამოდის პირში, შეიძლება ცხვირ-ხახაშიც, ეს არის მხოლოდ წამოქაფება და არ არის ღებინება. ღებინება საშიშია მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღებული საკვების რაოდენობაზე მეტია ამოღებული საკვების რაოდენობა. მაგალითად, როდესაც არის შადრევნისებური ღებინება, ეს შეიძლება სხვა პათოლოგიის სიმპტომი იყოს. როცა კუჭიდან საყლაპავში ამოდის ეს საკვები, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ამას იწვევს ის, რომ ჩვილებში საყლაპავი მოკლეა, საყლაპავის ბოლოს არის სფინქტერი რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ვერ იხურება და საკვები კუჭიდან უკან ბრუნდება. თუ ბავშვს აქვს რეფლუქსი, ჭამის მერე 40-45 წუთი ის ვერტიკალურად უნდა დავიჭიროთ. ბავშვი უნდა იწვეს 30 გრადუსიან დახრილზე, ის ბეჭებიანად უნდა იყოს წამოწეული და არა მხოლოდ თავით, რომ საკვები ნაკლები ამოვიდეს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, კვების ტიპის მიუხედავად, კვებამდე 10-15 წუთით ადრე ბავშვს უნდა მივცეთ სპეციალური ფორმულა ანტირეფლუქსი და შემდეგ გამოვკვებოთ ძირითადი საშუალებით, იქნება ეს დედის რძე თუ ხელოვნური ფორმულა.

წყარო: https://fortuna.ge