Nuk
ბრუცელოზი

თარიღი: 17 აგვისტო, 2020

ბრუცელოზი ზოონოზური დაავადებაა. ინფექციის წყაროა როგორც წვრილი, ასევე მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. ინფექცია ცხოველიდან ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ალიმენტური, კონტაქტური და ასპირაციული გზით. ალიმენტური გზით ინფექციის გადაცემისას ადამიანი ავადდება  დაავადებული ცხოველის თერმულად არასაკმარისად დამუშავებული რძისა და ხორცის პროდუქტების მიღებისას.  კონტაქტური გზით ინფექციის გადაცემისას, ინფექციის გამომწვევი ორგანიზმში ხვდება დაზიანებული კანისა და ლორწოვანის დაავადებული ცხოველის გამონაყოფებთან შეხებისას. ბრუცელოზი, როგორც წესი, პროფესიული დაავადებაა, ვინაიდან უმეტესად რისკს ექვემდებარებიან ფერმერები, ცხოველთა მომვლელები, სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები და ლაბორატორიის პერსონალი. დაფიქსირებულია ბრუცელოზის სქესობრივი, ტრანსპლაცენტური და ძუძუთი კვების გზით გადაცემაც. იშვიათად, ინფიცირება ასევე შეიძლება მოხდეს ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვის და/ან სისხლის გადასხმის შედეგად.

სტატისტიკურად  დაავადების გავრცელების მაღალი რისკია ივლისიდან-ოქტომბრის თვემდე პერიოდი. დაავადება საქართველოს ყველა რეგიონში გვხვდება.

ბრუცელოზის სიმპტომებისა და მკურნალობის თავისებურებებზე, უფრო ვრცლად, „ავერსის კლინიკის“ ინფექციონისტი ქეთევან ჩიტაიშვილი გვიამბობს.

ბრუცელოზის სიმპტომები ხშირად  წააგავს გრიპისას და ის მჟღავნდება მიკრობის ორგანიზმში მოხვედრიდან  რამდენიმე დღეში ან თვეში
- ცხელება
- ოფლიანობა
- თავის ტკივილი
- საერთო სისუსტე
- დაღლილობის შეგრძნება
- სახსრების ტკივილი

ავადობის გამომწვევი მიკრობები და მათი ტოქსინები  ორგანიზმში შეჭრის  შემდეგ ხვდება ლიმფურ ჯირკვლებში. ლიმფისა და სისხლის  საშუალებით ისინი ვრცელდება  ორგანიზმში. სწორედ ამის შემდეგ იწყებს დაავადება გამოვლენასა და  პროგრესირებას.

ბრუცელოზის მიმდინარეობისას შესაძლებელია განვითარდეს თითქმის ყველა სისტემისა და ორგანოს პათოლოგია:

ნერვული სისტემის - თავის ტკივილი, ძილის რეჟიმის მოშლა, ემოციური დისბალანსი და უჩვეულო გაღიზიანება. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს მენინგიტით დასნებოვნებაზე.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები

სასუნთქი სისტემა - სასუნთქი გზების ანთებით პროცესი, ბრონქიტი,  პნევმონია

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გართულებები, სახსრების ტკივილი

საყურადღებოა ის ფაქტი რომ,  ბრუცელოზს ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა, ის შესაძლოა ჩამთავრდეს, მაგრამ შემდეგ ისევ იჩინოს თავი. ზოგჯერ, ბრუცელოზს ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს და მკურნალობას სჭირდება რამდენიმე წელი.

მკურნალობა და დიაგნოსტიკა
ბრუცელოზის დიაგნოსტირება რთულია, მით უფრო საწყის სტატიაზე, როცა კლინიკური სურათი არაპათოგნომურია. დიაგნოსტიკა ხდება ანამნეზისა და ლაბორატორიული კვლევების გათვალისწინებით.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-ინფექციონისტს, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კურსის დასაგეგმად, თუ შენიშნავთ, რომ:
- სხეულის ტემპერატურა მკვეთრად გეზრდებათ
- დისკომფორტს გიქმნით კუნთების ტკივილი
- გრძნობთ სისუსტეს
- ახლო წარსულში კონტაქტი გქონდათ ცხოველებთან