Nuk
გინეკოლოგიური დარღვევები და სიმპტომები, რომლებიც ბავშვის განვითარების შეფერხებას იწვევს

თარიღი: 08 აგვისტო, 2017

ჰიგიენური პროცედურების სწორად დაცვა, გინეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც განვითარების შეფერხებას იწვევს, დარღვეული მენსტრუალური ციკლი და რთული გარდატეხის ასაკი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ჟორდანიას კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა მაკა ჯორბენაძემ ისაუბრა.

 

რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მიმართონ მშობლებმა ბავშვთა გინეკოლოგს?

უნდა გამოვყოთ ასაკობრივი ჯგუფები, გოგონები სქესობრივ მომწიფებამდე და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, ანუ რვა წლის ასაკამდე, ბავშვებს შეიძლება მრავალი პრობლემა ჰქონდეთ და დასჭირდეთ გინეკოლოგთან ვიზიტი. შეიძლება იყოს სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, ქავილი, წვა, ტკივილი და ა.შ. შეიძლება იყოს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, რაც გამოიხატება სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებაში, მეორადი სასქესო ნიშნების წარმოქმნასა და ა.შ. ამ დროს აუცილებელია მშობელმა ბავშვთან ერთად მიმართოს ბავშვთა გინეკოლოგს და მოხდეს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. თუკი ბავშვს 3-4 წლის ასაკში დაეწყო მკერდის ზრდა, დროულად უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს. შეიძლება იყოს გენეტიკური ანომალიები, რაც ახალშობილობის შემდეგ ვლინდება, გინეკოლოგმა უნდა შეაფასოს, როგორია გარეთა სასქესო ორგანოები, ხომ არ არის რაიმე განვითარების მანკი და ა.შ. რაც შეეხება სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით რვა წლის ასაკიდან იწყება, სხვადასხვა ნიშნებით გამოიხატება. პირველი ნიშანი ეს არის მკერდის გაჯირჯვება, შემდეგ კი იღლიის ფოსოსა და ბოქვენზე თმიანობის გაჩენა. ამ პერიოდში შეიძლება სხვადასხვა გართულება მოხდეს. მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენიდან დაახლოებით ორ წელიწადში იწყება პირველი მენსტრუაცია. თუ დაიწყო მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა რვა წლის ასაკში, 10-11 წლის ასაკში შეიძლება იყოს პირველი მენსტრუაცია, რომელსაც ჩვენ სამედიცინო ენაზე მენარხეს ვეძახით. შეიძლება იყოს მეორადი სასქესო ნიშნები, მაგრამ არ იყოს მენსტრუალური ციკლი, რაც სხვადასხვა პათოლოგიებთან არის კავშირში. მენსტრუალური ციკლის დადგომის შემდეგ, მოზარდობის პერიოდში, უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორია მათი ციკლი. პირველი მენსტრუაციიდან 2-3 წლის განმავლობაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევა. ხშირად, ბავშვები სისხლდენას მალავენ, ეს გრძელდება ერთი თვეც კი და სანამ ძალიან არ დასუსტდებიან, დედა ვერ ამჩნევს. დარღვევის კიდევ ერთი ვარიანტია გაიშვიათება და მენსტრუალური ციკლი შეიძლება იყოს 3-6-9 თვეში ერთხელ.

 

შესაძლოა თუ არა, გინეკოლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვიოს განვითარების ეტაპების შეფერხება და როგორ უნდა მოხდეს ამის შეფასება?

რა თქმა უნდა, ხდება როგორც ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, ისე შეიძლება შეფერხდეს ეს პროცესი და ამისი მიზეზიც სხვადასხვა პათოლოგიები, ან ჰორმონალური დისბალანსი იყოს. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ასაკობრივ ნორმებს. ჩვენ ვამბობთ, რომ მომწიფება იწყება რვა წლიდან, მაგრამ ეს არის წიგნის მიხედვით. შეიძლება ბავშვი იყოს რვა წლის, არ ჰქონდეს განვითარებული არანაირი მეორადი სქესობრივი ნიშნები და ეს იყოს ნორმა, მაგრამ ამადროულად, რვა წლის ბავშვი შეიძლება იყოს განვითარებული ფიზიკურად, წონით, ზომით, სიმაღლით და შესაბამისად მას შეიძლება ჰქონდეს მეორადი სასქესო ნიშნები. შესაძლოა 11 წლის ასაკში არ ჰქონდეს გოგონას მეორადი სქესობრივი ნიშნები განვითარებული და ესეც არ არის საგანგაშო, თუკი ამ ფაქტს ბავშვის ფიზიკურ განვითარებასთან მიმართებაში ვაფასებთ. შეიძლება ბავშვს 5-6 წლის ასაკში ჰქონდეს მკერდი, მაგრამ ეს იყოს ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე, ანუ ბავშვი წონაში მეტია და ამასაც სჭირდება გამოკვლევა, რომ რაიმე სახის პათოლოგია გამოირიცხოს. როდესაც არ არის მეორადი სასქესო ნიშნები და არის მენსტრუალური გამონადენი, ესეც უნდა იქნას დიფერენცირებული, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე გართულება. მოგეხსენებათ, ეს ასაკი ძალიან რთულია, ამ დროს ბავშვები შორდებიან მშობლებს, საზოგადოებაში ამას „გარდატეხის ასაკს“ ეძახიან და ამ დროს შეიძლება რაიმე სიმპტომი, რომელიც მას აწუხებს, არ უთხრას მშობელს. ამიტომ, დედა უნდა იყოს ძალიან ყურადღებით.

 

როდესაც საქმე ეხება მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რა ჰორმონალურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე?

ასაკი, რომელიც არის უნივერსალური პირველი მენსტრუაციისთვის არის 11-13 წელი. რაც შეეხება დარღვევებს – მშობელი უნდა დააკვირდეს, ხომ არ არის თმიანობა, საუბარია გოგონებში მამაკაცური ტიპის გათმიანებაზე იქ, სადაც თმა არ უნდა იყოს და ამას სჭირდება მკურნალობა. შეიძლება ასეთი ტიპის თმა იყოს, ტუჩის ზედა მხარეს, ბაკებზე, მუცლის თეთრ ხაზზე, მკერდის ძვალზე – ეს ძალიან ხშირი პათოლოგიაა საქართველოში. დიაგნოსტირება საქართველოში რთული გახდა, რადგან მოდაშია ეპილაცია და ყველა მოზარდს გაკეთებული აქვს. ეს ცუდი არ არის, ესთეტიურად კარგია, მაგრამ ვეკითხებით პაციენტს, ხომ არ აქვს თმიანობა, რომ დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე. ასევე, ხშირია სებორეა, ანუ გამონაყარი სახესა და ზურგზე და ამას კანის ცხიმიანობა იწვევს, ესეც სპეციალისტმა უნდა ნახოს და დაინიშნოს მკურნალობა. ყველაზე ხშირი სტატისტიკურად არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ამას თან სდევს თმიანობა, გამონაყარი და ამას უკვე პაციენტი გამოკითხვისას აღნიშნავს ხოლმე. მოზარდობის პერიოდში ხშირია მწვავე ინფექციები, რასაც წვა და ქავილი მოყვება და უნდა ინახოს სპეციალისტის მიერ, რათა მოხდეს დიაგნოსტირება. ხშირია მომართვიანობა მტკივნეული მესტრუაციის გამო, ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ასაკობრივი, რაც უფრო ადრე იწყება, ამბობენ, რომ უფრო ხშირად არის ხოლმე მტკივნეული  და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებელია ექიმის ჩარევა.

 

რა მიიჩნევა მენსტრუალური ციკლის დარღვევად?

ძალიან საინტერესოა ისიც, რა მიიჩნევა მენსტრუაციის დარღვევად. კლასიკურად მიიჩნევა, რომ მენსტრუაცია არის 28 დღეში ერთხელ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ქალბატონს ასე არ აქვს. მენსტრუაცია შეიძლება იყოს 21 დღეში ერთხელ და 35 დღეში ერთხელაც. ეს დიაპაზონია, რომელიც დარღვევად არ მიიჩნევა, თუკი 21 დღეზე ნაკლებია, დარღვევაა და 35 დღეზე მეტი გადაცდენაც დარღვევაა. რაც შეეხება დღეების რაოდენობას დაახლოებით შვიდ დღემდე ნორმალურია, შვიდი დღის შემდეგ მენსტრუალური გამონადენი პრობლემაა. რაოდენობრივად კი დღეში უნდა იყოს 80 მილილიტრი, ამაზე მეტი ჭარბად მიიჩნევა და საჭიროა ექიმის ჩარევა. პირველი მენსტრუაცია ხშირად არის ხოლმე გახანგრძლივებული და ეს განსაკუთრებით საყუარდღებოა, რადგან 1-2 თვე გრძელდება და ბავშვები მაშინ მიმართავენ კლინიკებს, როდესაც მწვავე ანემია აქვთ და სისხლის გადასხმა სჭირდებათ. შეიძლება მენარხე საერთოდ არ იყოს, გოგონას ჰქონდეს მეორადი სასქესო ნიშნები განვითარებული და ესეც სხვადასხვა პათოლოგიების მიზეზი იყოს. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საქალწულე აპკი დახურულია და სისხლი გარეთ არ გამოდის. შეიძლება ასე გაგრძელდეს 4-6 მენსტრუალური ციკლი, ამ დროს მცირე მენჯის არეში აქვთ ხოლმე ტკივილი  და სანამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე არ მივლენ, ექიმთან არ მიდიან. ასეთ დროს მცირე ქირურგიული ჩარევა ხდება. 16 წლის ასაკში თუ არ არის მენსტრუალური ციკლი, ეს უკვე დაგვიანებულია.

 

ადრეული სექსუალური კავშირი და ადრეული ორსულობა-მშობიარობა, რა ითვლება ადრეულ ასაკად და რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ?

ძალიან საინტერესო თემაა, გართულებები ბევრია მოზარდობის პერიოდში ორსულობისა და მშობიარობისას. ნაადრევი არის 19 წლის ასაკამდე ორსულობა და მშობიარობა, რაც ბევრ გართულებას იძლევა. ორსულები, რომლებიც მალავენ ორსულობას და არ არიან ქორწინებაში, ეს კიდევ უფრო ართულებს დედისა და ნაყოფის მდგომარეობას. მოზარდის შემთხვევაში, რომელიც თავადაც ყალიბდება და ატარებს ნაყოფს, ხშირია ანემია, ინფექცია, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მკვდრადშობადობა, ნაყოფის დაბალი წონა და მშობიარობის გართულება, რადგან არ არის კარგად განვითარებული მენჯის ძვალი. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც სწორედ მოზარდობასთან არის დაკავშირებული. მშობიარობის შემდეგ შეიძლება იყოს სისხლდენით გართულება. ყველა გართულება, რაც ჩამოვთავლე, ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ზრდასრულის ასაკის ქალბატონებში. შეიძლება 15 წლის ასაკში გოგონა იყოს ზრდასრული, ბავშვი გააჩინოს სრულფასოვნად, თუმცა პრობლემები ამის შემდეგ მაინც იწყება. ისინი არ არიან მზად ბავშვის გაზრდისთვის, არ კვებავენ ძუძუთი, არ უვლიან შესაბამისად, რადგანაც თავადაც ბავშვები არიან და ეს მძიმე პრობლემაა.

 

ნაადრევი სქესობრივი კავშირები იწვევს ნაადრევ ორსულობასა და მშობიარობას. ადრეული მენარხე შეიძლება ერთ-ერთი რისკი იყოს ნაადრევი ორსულობა-მშობიარობისა. ბავშვი ინფორმირებული იყოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ, რომ ნაადრევი ორსულობით საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას. არ არის აუცილებელი 14-16 წლის ასაკში ორსულობა – ეს უნდა გაითავისოს საქართველოს მოსახლეობამ.

 

როგორი უნდა იყოს გოგონების ჰიგიენა, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?

ეს არის ანატომიური და ფიზიოლოგიოური ფაქტორები, ანატომიური გულისხმობს იმას, რომ არ არის ჩამოყალიბებული გარეთა სასქესო ორგანოები, არ არის ცხიმოვანი ქსოვილი განვითარებული დიდ სასირცხვო ბაგეში და ა.შ. ამ დროს ხელსაყრელი პირობებია იმისათვის, რომ განვითარდეს ინფექციები. ამ პერიოდში არის ხოლმე ესტროგენების დეფიციტიც და ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. მშობლებს ხშირად გონიათ, რომ თუ ბავშვებს ხშირად დაბანენ და ბევრ საპონს გამოიყენებენ, ეს კარგია. ბავშვები, რომლებიც პამპერსს გამოიყენებენ, მათ უფრო ხშირად ბანენ, მაგრამ არ არის აუცილებელი საპნით მოხდეს ყოველი დაბანა, რადგან საპონი აშრობს გარეთა სასირცხვო ბაგეებს, რაც იწვევს ხოლმე მცირე სასირცხვო ბაგეების შეხორცებას. ეს საკმაოდ რთული და ხშირი პათოლოგიაა ბავშვებში, რადგან ამ დროს არ არის ესტროგენების საკმარისი რაოდენობა. თუ მთლიანად შეხორცდა მცირე სასირცხვო ბაგეები, ხდება შარდის შეკავება, რაც აღმავალ ინფექციას იწვევს. ხშირად მოდიან პაციენტები, რომ ქირურგის რეკომენდაციით პატარას სჭირდება ოპერაცია, თუმცა ჩვენ მედიკამენტოზურად და დედის მიერ, შესაბამისი ჰიგიენის დაცვით შეგვიძლია ბაგეების გახსნა და ნორმაში მოყვანა. შემდეგში არის სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები, რომელიც მოიხმარება ბავშვებში, რომ ასეთი ტიპის გართულება არ მოხდეს. დაბანა უნდა ხდებოდეს წინიდან უკან, რომ არ დაისვაროს სხვადასხვა ბაქტერიით გარეთა სასქესო ორგანოები. თუკი პატარს მკურნალობენ ანტიბიოტკიებით, შეიძლება თავი იჩინოს სოკოვანმა ინფექციამ, ამასაც მიხედვა სჭირდება. სასურველია პამპერსი ნაკლები დროის განმავლობაში ჰქონდეთ პატარებს. რადგან ჰაერთან კონტაქტი მნიშვნელოვანია. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება სველი ხელსახოცის გამოყენება, თუმცა, რა თქმა უნდა უმჯობესია დაბანა. მოზარდ გოგონებში ეს პრობლემა ნაკლებად არის, წინათ ამბობდნენ, რომ მენსტრუაციისას დაბანა არ შეიძლებოდა, პირიქით, ციკლის დროს უფრო ხშირად არის ჰიგიენის დაცვა საჭირო.

 

ჟორდანიას კლინიკის დიღმის ფილიალი ცოტა ხნის წინ განახლდა…

ჟორდანიას ინსტიტუტს დიდი ისტორია აქვს, ახლა მას ჟორდანიას კლინიკა ქვია. სხვადასხვა მიმართულებას ვთავაზობთ პაციენტებს, გვაქვს ინ ვინტრო განაყოფიერება, რეპროდუქციული განყოფილება, გენეტიკური, ჰორმონალური მიმართულება, საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპია, ბავშვთა განყოფილება და ა.შ.

წყარო: http://fortuna.ge