Nuk
ანაფილაქსიური შოკი, რა უნდა ვიცოდეთ?

თარიღი: 14 ივნისი, 2020

ანაფილაქსია არის ორგანიზმის  მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში, სისტემური, გენერალიზებული რეაქცია სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ. ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ვითარდება ძალიან სწრაფად, ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა რამდენიმე საათის შემდეგაც განვითარდეს. მისი განვითარება არ არის დამოკიდებული ალერგენის დოზაზე და უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შესაძლოა გამოიწვილოს ანაფილაქსიური შოკი. რაც უფრო სწრაფად ვითარდება რეაქცია, მით უფრო მძიმეა მისი საბოლოო შედეგი.

ანაფილაქსიური შოკის შესახებ „ავერსის კლინიკის“ ალერგოლოგი, შორენა კარბელაშვილი გვიამბობს.

ანაფილაქსიური შოკის გარდა, სადაც მონაწილეობს IgE ანტისხეულები,  გამოყოფენ ფსევდო ანუ ანაფილაქტოიდურ შოკსაც, რომელიც იგივე კლინიკური სურათით მიმდინარეობს, თუმცა ამ დროს ალერგიული რეაქცია ვითარდება IgE ანტისხეულების გარეშე.
ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკი მაღალია იმ პირებში, რომელთაც აწუხებთ შემდეგი  ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, პოლინოზი, ურტიკარია, ანგიოშეშუპება, ატოპიური დერმატიტი, კვებითი ალერგია ან არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა.
ყველაზე ხშირად ანაფილაქსიური რეაქცია ვითარდება მედიკამენტებზე, საკვებზე (არაქისი, თხილეული, რძე, კვერცხი, სოიო, ხორბალი, თევზი და ზღვის პროდუქტები),  ლატექსზე, მწერის შხამზე (ნაკბენი). აგრეთვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ვერ ხერხდება ზუსტი მიზეზის დადგენა(იდიოპათიური). არსებობს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ განვითარებული ანაფილაქსიური რეაქციაც.

ანაფილაქსია სისტემური რეაქციაა, ამიტომ შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით: კანის სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება, ცემინება, სურდო, ცრემლდენა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა,  ხმის შეცვლა, ყლაპვის გაძნელება, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, კანკალი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, პულსის აჩქარება, მოახლოებული სიკვდილის შიშის შეგრძნება. ანაფილაქსიის დროს სიკვდილის მიზეზს, ძირითადად სასუნთქი გზების ობსტრუქცია და არტერიული წნევის სწრაფი, მკვეთრი დაცემა წარმოადგენს(დაახლოებით 10% შემთხვევაში ვითარდება შოკი).
ანაფილაქსია საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას, რაც პირველ რიგში გულისხმობს, ეპინეფრინის(ადრენალინი) შეყვანას ორგანიზმში, კერძოდ ბარძაყის კუნთში, შემდეგ კი აუცილებელია სასწაფოს დახმარების გამოძახება.

გაითვალისწინეთ:
- პაციენტმა ზუსტად უნდა დაიმხასოვროს, თუ კონკრეტულად რაზე ჰქონდა  წარსულში ალერგიული რეაქცია და აუცილებლად უთხრას ექიმს ამის შესახებ. ასევე საკვების შეძენისას კარგად დააკვირდეს და გამოიკითხოს შემადგენლობა, არ მიიღოს ისეთი საკვები, რაზეც ადრე ჰქონდა ალერგიული რეაქცია
- იმ პირმა, ვისაც მწერის ნაკბენზე ჰქონდა ალერგიული რეაქცია, ბუნებაში გასვლისას უნდა ატაროს ტანსაცმელი, რომელიც სრულად ფარავს სხეულს, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ღია სივრცეში საკვების ან სასმელის მიღებას, ვინაიდან როგორც წესი საჭმელი და სასმელი იზიდავს მწერებს. სახლის ფანჯრებზე აუცილებელია მწერებისგან დამცავი ბადის გაკეთება

იმისათვის, რომ პაციენტებმა თავიდან აიცილონ ანაფილაქსიური შოკი ან ისწავლონ როგორ მოიქცნენ მისი განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია მუდმივად ექიმი-ალერგოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.