Nuk
ალერგიული პაციენტი და სპორტი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 13 მარტი, 2017

ალერგიული პაციენტი და სპორტი.

როგორ შევარჩიოთ სპორტის სახეობა და რას მივაქციოთ ყურადღება?

 

1. არის თუ არა ყველა სახეობის სპორტი დასაშვები ალერგიული პაციენტისთვის?

ერთ-ერთი მთავარი კითხვა ალერგოლოგთან ვიზიტის დროს არის თუ რა სახის ფიზიკური ვარჯიში ან სპორტია შესაძლებელი ალერგიული პაციენტებისთვის.

პასუხი მარტივია პრევენციისა და კარგი მკურნალობის დამსახურებით სპორტით დაკავება  აღარ წარმოადგენს პრობლემას მაშინ როდესაც გაწუხებთ ალერგია ან ასთმა; თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:

ყველა სპორტი არ არის  თანაბრად შესაფერისი ალერგიული ადამიანისთვის და რეჟიმები მორგებული უნდა იყოს სეზონს, თუ რომელი საინჰალაციო ალერგენების მიმართ არის მგრძნობიარე პაციენტი (მცენარეული მტვერი, ოთახის მტვერი, ნესტი) და აუცილებელად გასათვალისწინებელია ფიზიკური დატვირთვის ხარისხი.

 

2. შეუძლიათ თუ არა ბრონქული ასთმის მქონე ბავშვებს დაკავდნენ სპორტით?

ხშირად ექიმებს ან მშობლებს არასწორად სჯერათ, რომ ასთმის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ფიზიკური ვარჯიში. არსებობს გრძელი სია ასთმით დაავადებული მსოფლიო დონის სპორტსმენებისა, რომლებმაც წარმატების უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამიტომ ასეთ ბავშვებს არა მხოლოდ შეუძლიათ, არამედ აუცილებელიც არის რომ დაკავდნენ სპორტით. რაც სასარგებლოა არა მხოლოდ ზრდის, არამედ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვისაც.

 

3. რომელია მაღალი და დაბალი რისკის სპორტი ალერგიისა და ასთმის მქონე პაციენტებისთვის?

ცნობილია, რომ ზოგიერთი სპორტის სახეობა უფრო ნაკლებ რისკიანია ალერგიული და განსაკუთრებით ასთმის მქონე ადამიანებისთვის. ასეთი დაბალი რისკის სპორტს მიეკუთვნება მაგალითად  ცურვა, მხატვრული ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ფარიკაობა, ველოსიპედით ვარჯიში, გოლფი.

საშუალო და მაღალი რისკის მატარებელია გუნდური სპორტი სახეობა (განსაკუთრებით კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ჰოკეი და ა.შ), რომლებშიც მონაცვლეობს უწყვეტი ვარჯიშის  პერიოდები, ასევე თხილამურებით სრიალი.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ  ამ სახის სპორტში მონაწილეობის მიღება.

 

4. რა უნდა გაითვალისწინონ ასთმის მქონე ბავშვებმა და მათმა მშობლებმა სპორტით დაკავების წინ?

1. აუცილებელია ალერგოლოგთან ვიზიტი, შესაბამისი კვლევების ჩატარება, დანიშნულების მიღება და ერთად სპორტის სახეობის შერჩევა. ასთმა უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, რათა მათ შეძლონ სპორტის თამაში  ბრონქოსპაზმის განვითარების გარეშე;

2. მწვრთნელის ინფორმირება, გაუთვალისწინებელ შემთხვევაში „მაშველი“ ინჰალატორის თან ქონა;

3. ვარჯიშის დროს ცხვირით სუნთქვა და არა პირით;

4. საკმარისი დროის ქონა გახურებისა და გაგრილებისთვის.

 

5. რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ალერგიული ბავშვის ცურვაზე მიყვანის წინ?

1. გაიარეთ ალერგოლოგის კონსულტაცია, რადგან მაღალი შემცველობით ქლორს შეუძლია კანის, ცხვირის, თვალების, ბრონქების გაღიზიანება;

2. თუ ქლორი ხელს უწყობს ალერგიული სიმპტომების პროვოცირებას გადაინაცვლეთ გარეთ. რადგან დახურულ აუზებში ქლორის გაზის წილი მეტია და ეს გააძლიერებს თქვენს ალერგიულ რეაქციებს. ღია აუზები  ქლორის დაშლის საშუალებას იძლევა და ნაკლებად ზემოქმედებს;

3. ოგროც კი ამოხვალთ აუზიდან სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი. დაქლორილი წყლის ჩამორეცხვით, აუზიდან ამოსვლის შემდეგ თქვენ კანზე ქლორის მოქმედება მცირდება;

4. აუზიდან ამოსვლისთანავე შხაპის შემდეგ დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი, იმისთვის, რომ ქლორმა კანი არ გააღიზიანოს და კანი არ გამოშრეს.

 

6. რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მცენარეულ მტვერზე ალერგიის შემთხვევაში სპორტით დაკავების წინ?

1. რეკომენდებულია ალერგოლოგთან კონსულტაცია სანამ დაიწყება დამტვერვის პერიოდი გამოკვლევისა და დანიშნულების მიღებისთვის;

2. ერიდეთ ქარიან ამინდში გარეთ ვარჯიშს, ასევე ყურადღება მიაქციეთ დღის მონაკვეთს, დილის 6 სთ-დან 10 სთ-მდე მცენარეული მტვრის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია;

3. სახლში დაბრუნებსთანავე გამოირეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით ან ზღვის წყლის სპრეით და აუცილებლად უნდა მიიღოთ შხაპი, რათა ჩამოირეცხოთ თქვენს კანსა და თმაზე დარჩენილი მტვერი და ალერგენები.

 

7. რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშის დროს?

სავარჯოშო დარბაზებში  ძირითადი ალერგენი ოთახის მტვერია, ამიტომ რეკომენდებულია:

1. შეარჩიოთ ისეთი დარბაზი, რომელიც კარგად ნიავდება;

2. რეგულარულად გარეცხოთ პატარა სავარჯიშო ხალიჩა რაზეც ვარჯიშობთ;

3. სასურველია დარბაზში ტემპერატურა არ აღემატებოდეს 21 ° C ხოლო ტენიანობა იყოს 50% -ზე ნაკლები, იმისთვის რომ არ შეიქმნას ხელსაყრელი გარემო მტვრის ტკიპების გამრავლებისთვის;

4. წინასწარ გაარკვიეთ სპორტული დარბაზის დასუფთავების პირობები