Nuk
ალერგიული კონიუნქტივიტი

თარიღი: 26 მაისი, 2022

ალერგიული კონიუნქტივიტი არის თვალის ლორწოვანი გარსის - კონიუნქტივის ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგიული  რეაქციით. ის ხშირად თან ერთვის  სხვა ალერგიულ დაავადებებს, როგორებიცაა ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა და ატოპიური დერმატიტი.

ამ ეტაპზე მომართვიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს სეზონური ალერგიული კონიუნქიტივი, რომელიც თავისივე დასახელებით მიგვითითებს, რომ ის მჭიდრო კავშირშია სეზონურ ალერგიასთან და მისი პროვოცირება ხდება ზუსტად რომ ჰაერში არსებული მაღალალერგენული თვისებების მქონე ხე - მცენარეების მტვრის მარცვლების მოხვედრით თვალის ლორწოვან გარსზე.

 

ზოგადად გამოარჩევენ ალერგიული კონიუნქტივიტის შემდეგ სახეებს:

სეზონური ალერგიული კონიუნქიტივი  - ხშირად ასოცირებულია ალერგიულ რინიტთან და ცნობილია როგორც  ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სახელით. ის იწყება შედარებით მსუბუქი კლინიკური ჩივილებით და მწვავდება ნელ-ნელა  რამდენიმე კვირის განმავლობაში. სეზონური ალერგენები მოიცავს გაზაფხულზე ხეების ყვავილობის პერიოდს, ზაფხულში ბალახები/მარცვლოვნების და შემოდგომაზე სარეველების ყვავილობას.

 

მუდმივ წლიური ალერგიული კონიუნქტივიტი - როგორც წესი ხასიათდება მსუბუქი კლინიკური სიმპტომებით და დაკავშირებულია კარშიდა ალერგენებთან, როგორიცაა ოთახის მტვერთან, შინაური ცხოველებთან, ნესტის სოკოებთან.

 

მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტი - ჰიპერმგრძნობელობის უეცარი რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ჩვეულებრივ ნაცნობ გარემო ალერგენთან კონტაქტის დროს. მაგალითად კატის ეპითელიუმზე ალერგიის შემთხვევაში, შესაძლებელია კატა არ გყავდეთ სახლში, მაგრამ სხვასთან სტუმრობისას ალერგენთან (კატის ალერგენთან) კონტაქტის დროს ვითარდება მწვავე ჩივილები.

 

რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება და როდის  მივიტანოთ ეჭვი ალერგიულ კონიუნქტივიტზე ?

თვალების ქავილი, რომელიც წარმოადგენს წამყვან სიმპტომს და არის ძალიან შემაწუხებელი პაციენტისთვის

ხშირად შეიძლება თან ახლდეს თვალების წვა

თვალების სიწითლე

ქუთუთოების შეშუპება

ცრემლდენა-რომელიც არის წყლისებრი და არაჩირქოვანი

არის ორმხრივი

შესაძლებელია თან ახლდეს მსუბუქი ფოტოფობია (სინათლის შიში)

 

აღსანიშნავია, რომ თვალების ტკივილი არ გხვდება ამ დროს და აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სხვა სერიოზული ოფთალმოლოგიური დაავადებების გამორიცხვა, როგორიცაა გლაუკომა, სკლერიტი ან ეპისკლერიტი.

ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოსტირება დაფუძნებულია კლინიკურ სიმპტომებზე, სეზონური ალერგიის პირობებში ექიმი კი  ითვალისწინებს ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდს, მუდმივ წლიური ალერგიის შემთხვევაში ოთახის მტვრის ტკიპების, ნესტის სოკოებისა და შინაური ცხოველების არსებობას.  დიაგნოსტიკა ხდება კანის პრიკ ტესტებით და სისხლის გზით.  

 

მკურნალობის დანიშვნამდე მარტივი რეკომენდაციები, რომლებიც მკვეთრად ამცირებს კონიუნქტივიტის გამწვავებას:

ჩივილების შემთხვევაში მნიშვნელოვანია  ალერგენების კონცენტრაციის შემცირება ან მათგან თავის არიდება. სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის დროს, როცა მაღალია ალერგენების კონცენტრაცია გარეთ,  გამოყენებულ უნდა იქნას კონდიციონერი,  მანქანის და სახლის ფანჯრები უნდა იყოს დახურული, გარეთ აქტივობების დრო უნდა შემცირდეს შეძლებისდაგვარად.

მუდმივ წლიური  ალერგიული კონიუნქტივიტისას-ოთახის მტვრის ტკიპების თავიდან არიდების მიზნით,  ხშირად უნდა ხდებოდეს სახლის სველი წესით დალაგება, სასურველია გამოყენებულ იყოს შესაბამისი მტვერსასრუტი, ასევე მტვრის ტკიპების საწინააღმდეგო ხსნარები.  სახლში არ უნდა იყოს  ძველი ხალიჩები, ძველი რბილი ავეჯი, ძველი ფარდები. როდესაც დამნაშავე ალერგენს წარმოაგდენს შინაური ცხოველი (კატა, ძაღლი) და თუ ვერ ხდება მათთან კონტაქტის არიდება, სასურველია, სულ მცირე,  პაციენტის ოთახში არ ხდებოდეს მათი შესვლა.

ალერგიული კონიუნქტივიტის მედიკამენტოზური მკურნალობა ხდება შესაბამისი ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტებით, რომელსაც ნიშნავს ექიმი ინდივიდუალურად.