Nuk
ალერგია და თანამედროვე სამყარო

თარიღი: 04 მაისი, 2015

ალერგია და თანამედროვე სამყარო

იმუნური სისტემა ადამიანს გარეგანი და შინაგანი წარმოშობის მავნე ანტიგენებისაგან (ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება) იცავს. თუმცა,  ზოგჯერ  ისიც ცდება. უვნებელ ნივთიერებებს აღიქვამს როგორც ორგანიზმისთვის საშიშს, მის წინააღმდეგ ანტისხეულებს (ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს იმუნური სისტემა ანტიგენების საპასუხოდ) გამოიმუშავებს, ზედმეტად აქტიურობს და საბოლოოდ ალერგიულ დაავადებებს იწვევს.

ალერგიას ბევრი უკანასკნელი წლების გამოძახილად მიიჩნევს, თუმცა ის ახალი დაავადება არაა. პირველი ანაფილაქტიური შოკის (ალერგიის ყველაზე დაუნდობელი ფორმა, რომელმაც შეიძლება რამდენიმე წუთში ან საათში გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი) დოკუმენტირება ეგვიპტელებმა მოახდინეს. ჰეროდოტეს (ძველი ბერძენი ისტორიკოსი) მიხედვით, ეგვიპტის I დინასტიის პირველი მეფე მენესი, ბზიკის კბენის შემდგომ განვითრებულ ალერგიულ რეაქციას ემსხვერპლა (ძვ.წ. 3460 და 3300 წლებს შორის პერიოდი).  ეს ტრაგიკული შემთხვევა  შემდგომში ეგვიპტურ კედლის მხატვრობაში აისახა. ალერგიის სხვა, ასევე უძველესი ისტორია  რომის იმეპერატორის კლაუდიუსის ვაჟს ბრიტანიკუსს უკავშირდება, რომელიც ალერგიული იყო ცხენების მიმართ. როგორც ძველი ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, ბრიტანიკუსს ცხენებთან კონტაქტისთანავე „უჩნდებოდა გამონაყარი, ხოლო თვალები უშუპდებოდა იმ დონემდე, რომ ვერ ხედავდა სად მიდიოდა“. უძველეს დროში,  უვნებელ ნივთიერებებზე ზოგ შემთხვევაში ორგანიზმის გადაჭარბებული რეაგირება ფილოსოფოსების დაკვირვების საგანიც იყო. „ის რაც საკვებია ზოგიერთისთვის, სხვისთვის შესაძლოა სასტიკი შხამი გახდეს“-განაცხადა რომაელმა ფილოსოფოსმა, ლუკრეციუსმა ამ ფენომენზე დაკვირვების შემდგომ.

მიუხედავად ალერგიის შესახებ უძველესი ჩანაწერების არსებობისა, ალერგიის შესწავლის თანამედროვე ეპოქა 1800-იანი წლებიდან იწყება, როცა ექიმმა ბოსტოკმა დაწვრილებით აღწერა  დაავადება „თივის ცხელება“.  მართალია, ამ დაავადებას სინამდვილეში არ აქვს კავშირი არც თივასთან და არც ცხელებასთან, მაგრამ ეს იყო ალერგიული მდგომარეობის, რომელიც აზიანებდა ზედა სასუნთქ გზებს, პირველი სამედიცინო აღწერა. დღეს,  ამ დაავადებას  სამედიცინო ენაზე სეზონური ალერგიული რინიტი ეწოდება. 

ალერგიის, როგორც დაავადების პირველ აღწერას სხვა მრავალი აღმოჩენაც მოყვა, თუმცა თავად ტერმინი "ალერგია" მედიცინაში ავსტრიელმა მეცნიერმა, ვენაში მცხოვრებმა პედიატრმა პირკემ დაამკვიდრა (1906 წ). ის ამ სიტყვას იყენებდა იმ უცნაური სიმპტომების დასახასიათებლად, რომლებიც არ იყო დაკავშირებული საწყის დაავადებასთან და ვითარდებოდა ზოგიერთ დიფთერიით დაავადებულში ცხენის შრატის ანატოქსინით მკურნალობისას. ტერმინი პირკემ მიიღო ბერძნული სიტყვა „ალლეგროს“-ისგან, რომელიც „რეაქცია უცხოზე“ ნიშნავს.  შემდგომში, ნივთიერებებს, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს იწვევენ ალერგენები ეწოდა.

ამჟამად ათასობით ალერგენია ცნობილი. ალერგენებად შესაძლოა მოგვევლინოს ერთი შეხედვით უსაფრთხო ნივთიერებები. მაგ, საკვები, სახლის მტვერი (რომელიც ტკიპას, ტარაკნებსა და ეპიდერმულ ნარჩენებს შეიცავს), მცენარეების მტვერი, მედიკამენტები, ცხოველის ბეწვი, ფრინველის ბუმბული, საყოფაცხოვრებო და საწარმოო ქიმიური ნვთიერებები (პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები)...[ივ] არსებობს ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული ალერგიაც. მაგალითად, ალერგია მექანიკურ გაღიზიანებაზე,  სითბოზე, სიცივეზე, წყალზე.[ვ] ორგანიზმის პასუხი ამ და სხვა ალერგენებზე შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი (მაგ, ალერგიული სურდო, კანის ქავილი, თვალის ლორწოვანის ალერგიული დაზიანება...), ასევე უმძიმესი, სიცოცხლისთვის საშიში (მაგ, ანაფილაქტიური შოკი).ალერგიული რეაქციების სიმძიმეს ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებები, ე.წ. ფონური ქრონიკული დაავადებების არსებობა (რომლებიც ცვლიან ორგანიზმის იმუნურ სტატუსს), შეჭრილი ნივთიერების ბუნება და სხვა მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს და არა  ორგანიზმში შეჭრილი ალერგენის რაოდენობა. ძლიერი ალერგიული რეაქციები ალერგენის უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

ალრეგიას არცთუ უმიზეზოდ უწოდებენ ჩვენი საუკუნის დაავადებას. თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში  მოსახლეობის 10-30%-ს სხვადასხვა სახის ალერგია აწუხებს. ეს მაჩვენებელი მზარდია. ალერგიული დაავადებების სწრაფი ზრდის პარალელურად მიმდინარეობს ალერგიული დაავადებების რისკ-ფაქტორების და მიზეზების მეცნიერული შესწავლა. აღმოჩნდა, რომ ალერგიის განვითარებაში ერთ–ერთი უდაო და წამყვანი ფაქტორია გენეტიკური წინასწარგანწყობა. კვლევებით დადგინდა, რომ ალერგიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაავადებულია ალერგიით: თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის განვითარების ალბათობა დაახლოებით 48 %-ია; ორივე ალერგიული მშობლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70%-მდე იზრდება.[ვიიი] გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ალერგიის განვითარების ალბათობას ზრდის თამბაქოს მეორადი კვამლის (თამბაქოს მოწევის პროცესში გარემოში გამოყოფილი კვამლი) ზეგავლენა,  საკეისრო კვეთით დაბადება და სხვა.[იხ]

მსოფლიოში ალერგიით (მათ შორის ბრონქული ასთმით) დაავადებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის ტენდენციას მხოლოდ ზემოთ მოხსენიებული ფაქტორები ვერ ხსნის. ამიტომ, შემუშავდა ორი თეორია:

პირველი თეორიის მიხედვით, თანამედროვე სამყაროში ალერგიული დაავადებების რაოდენობის ზრდა სინთეზური ნივთიერებების სიჭარბის შედეგია. დღეს, განვითარებულ ქვეყნებში შიგა გარემო (საცხოვრებელი სახლები, სამუშაო გარემო) გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გარე; შენობების ჰერმეტიზაციამ შიგა გარემოს ორგანული და არაორგანული მტვრით გაჯერება გამოიწვია. ადამიანების უმეტესობას ძირითადად ასეთ გარემოში უხდება ყოფნა, ამიტომ ადვილი მისახვედრია, რამდენად ძლიერია ალერგენული ზეწოლა და რატომ იზრდება ამ დაავადების სიხშირე;

მეორე თეორია იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობის განვითარების ჰიგიენური თეორიაა.  მის მიხედვით, ალერგიული დაავადებები უმთავრესად მათი ხვედრია, ვინც ზედმეტად ჰიგიენურ პირობებში იზრდებოდა. იმუნური სისტემის დანიშნულებაა შეებრძოლოს ვირუსებს, ბაქტერიებს, პარაზიტებს და სხვა მიკრობებს. თანამედროვე სამყაროში ზედმეტად ჰიგიენური პირობების, ანტიბიოტიკების გამოყენების და სხვა მსგავსი ფაქტორების გამო  ჩვენი იმუნური სისტემა მუდმივად განიცდის  ანტიალერგიული მექანიზმების  დეფიციტს.  იმუნიტეტს აღარ უწევს ჭეშმარიტად მავნე ორგანიზმებთან გამკლავება, ამიტომ მისი ყურადღების და ენერგიის მიმართვა  ორგანიზმის გარემომცველი ნივთიერებებისადმი ხდება. იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურდება სხვადასხვა უსაფრთხო და უვნებელი ნივთიერებების მიმართ, რაც თავის მხრივ, ალერგიული დაავადების განვითარებას განაპირობებს.

აგრესიული გარემოს, მემკვიდრული წინასწარგანწყობის და ალერგიის ხელშემწყობი მრავალი სხვა ფაქტორის მიუხედავად, ალერგიის განვითარების პროფილაქტიკა გარკვეულწილად მაინცაა შესაძლებელი. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ძუძუთი ექსკლუზიური (მხოლოდ დედის რძით კვება) კვება ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს ალერგიის განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში. რაც შეეხება ალერგიულ პირებს – ალერგიის პროფილაქტიკის და მკურნალობის ერთ–ერთი ძირითადი საშუალება გამომწვევის ელიმინაცია, ანუ მასთან კონტაქტის აღკვეთაა