Nuk
ექვსი თვის ბავშვი

თარიღი: 16 სექტემბერი, 2020

თქვენი პატარა ძალიან გააქტიურებულია. აკვირდება გარემოს და სწავლობს ბევრ ახალს. ითხოვს ყურადღებას და ხალისიანია, როდესაც ეთამაშებიან. ღუღუნი იცვლება სიტყვების მსგავი ბგერებით. ამეტყველების პირველი ელემენტები სწორედ ამ ასაკიდან იწყება. ბავშვის ენის სამყაროსთან სწორი კავშირი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ესაუბრებიან მას. უნდა ეცადოთ რომ ბავშვს გამართულად ელაპარაკოთ. არ გაიმეოროთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და სიტყვები, არ უნდა ,,მოიჩლიფოთ“ ენა. ბავშვი ყველაფერს სწავლობს მიბაძვით და ასეთ შემთხვევაში სწორი მეტყველების დაწყება არ გაუძნელდება. ექვსი თვის ბავშვთან აქტიურად იწყებს მუშაობას მეტყველების ორგანოები. რაც უფრო ცოცხალია ეს პროცესი, მით აქტიურია მისი ჩართულობა გარემოში.

 

ექვსი თვის ბავშვს, უნდა ჰქონდეს განმარტოების, სიმშვიდისა და თამაშის პერიოდი მისთვის უსაფრთხო ადგილზე. ეს არის მისი საწოლი. ის წევს თავის საწოლში, სიამოვნებით და ღუღუნით ეთამაშება თავის ხელებსა და ფეხებს. ისინი ბავშვის პირველი სათამაშოები არიან. ბავშვი ადვილად ტრიალდება საწოლში. ფეხებს აყრდნობს ან ურტყამს საწოლის კიდეებს. საფენის გამოცვლის დროს მისი, უკვე ძლიერი, ფეხები შეიძლება მომვლელს მტკივნეულადაც კი მოხვდეს მუცელში. ზურგზე წოლისას ადვილად ტრიალდება მუცელზე და იწყებს ხოხვას. სამწუხაროდ ყველა ბავშვი ამას არ აკეთებს, თავისი თუ უფროსების მიზეზით. ყველანაირი ხერხით ხელი უნდა შეუწყოთ იმას, რომ ბავშვმა სულ მცირედით მაინც იხოხოს. ეს არის მისი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, ისევე როგორც ჯდომა, დგომა და სიარული.

 

ექვსი თვის ბავშვს შეუძლია ჯდომა. მართალია ეს დახმარებით  ხდება, მაგრამ ის ზის და ეს მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ჯდომის დროს იწყებს თამაშს და როგორც კი მისი ყურადღება სათამაშოსკენ გადაინაცვლებს ის კარგავს წონასწორობას. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში განსაკუთრებული  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო!

 

ბავშვი ხელებით აკეთებს რიტმულ მოძრაობებს, კერძოდ, ერთ საგანს ამოძრავებს მეორე უძრავი საგნის მიმართ, მაგალითად, ურტყამს კოვზს მაგიდას. კარგად იჭერს დიდ საგნებს. შეიძლება რამოდენიმე საგანიც კი ერთდროულად დაიჭიროს. ძირს აგდებს ნივთებს და ეს მას ახალისებს.

 

ბავშვი კარგად გრძნობს გარშემომყოფის ხასიათს, მკაცრი ლაპარაკი ტირილს აწყებინებს და შეიძლება გაგებუტოთ კიდეც. გრძნობს თქვენი საუბრის ინტონაციას. ესმის სახელები. დაძახებაზე რეაგირებს.

 

ხელებისა და თითების შეხებით და პირში ჩადებით შეიმეცნებს სამყაროს. იწყებს თქვენი სახის შესწავლას, აღებს დიდი პირს და უნდა რომ ,,ჩაგკბიჩოთ“. ასეთი ქმედებებით ის კარგად შეგიგრძნობთ და თქვენ, მისთვის უკვე ძალიან ახლობელი ხდებით.

 

ამ პერიოდში ამოჭრას იწყებს კბილები, რასაც წინ შეიძლება უძღოდეს ბავშვის დისკომფორტი, რაც გამოიხატება მისი მოუსვენრობით, უძილობით, უმადობით, შესაძლებელია აღინიშნოს ტემპერატურული რეაქცია. გაზლიერებულია ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია).

 

ექვსი თვის ბავშვი კარგად ცნობს საგნებს. განსაკუთრებით იმ საგნებს, რომლებიც მის კვებასთან არიან დაკავშირებული.

 

ხშირად გაიყვანეთ ჰაერზე სასეირნოდ, ზამთრის პერიოდში ჩაცმის პროცესი მისთვის არასასიამოვნოა და იწყებს ტირილს. გარეთ გაყვანისთანავე ტირილს წყვეტს. შინ ყოფნის დროს ეცადეთ ბევრი არ ჩააცვათ ბავშვს. ის ,,კომბოსტავით“ არ უნდა გამოიყურებოდეს.

 

ექვსი თვე ის ასაკია, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება კვების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს დამატება უკვე მიღებული აქვთ. ძუძუზე მყოფ ბავშვს ექვს თვემდე არანაირი საკვების დამატება არ უნდა. ახლა კი მან ახალი საკვები უნდა მიიღოს. კვების საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს პედიატრს.

 

ექვსი თვის ბავშვის წონაა 7-7,5კგ. სიგრძე 65-70სმ.

 

ექვსი თვის ბავშვთან ძილის მხრივ რადიკალური ცვლილებები არ ხდება, შედარებით ხუთი თვის ბავშვთან. ღამით ძინავს 10 საათი, დღის განმავლობაში 2-3ჯერ. ხანგრძლივობა და ხარისხი ინდივიდუალურია. საღამოს ძილის წინ ეცადეთ, რომ არ ეთამაშოთ აქტიურად და ენერგიულად. სიმშვიდით, სიწყნარითა და სიმღერით ხელი შეუწყეთ ძილის სამყაროში მის გამგზავრებას. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.