Nuk
5 ეფექტური გზა გრიპის ვირუსისგან თავდასაცავად - ნუგზარ უბერის რეკომენდაციები

თარიღი: 28 იანვარი, 2020

ყველაზე აქტუალური პრობლემა სეზონზე: სეზონური გრიპი, სიმპტომები და პროფილაქტიკა – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ნუგზარ უბერი.

სეზონის ყველაზე აქტუალური პრობლემა – გრიპი და მასთან დაკავშირებული გართულებები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს გრიპისა და  სასუნთქი სისტემის სხვა ვირუსების ზედამხედველობას. შესაბამისად მოსახლეობას და მედიკოსებს აქვთ ინფორმაცია იმ ვირუსების შესახებ, რომლებიც ცირკულირებს წლის განმავლობაში და სეზონის მანძილზე. ისინი ინფორმირებული არიან პროფილაქტიკურ ღონისძიებებზეც. მიუხედავად ამისა, ყოველ სეზონზე საზოგადოებას მაინც აქვს კითხვები ამ თემაზე და დღეს ჩვენ ამ კითხვებზე ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ადამიანი გვიპასუხებს.

ბატონო ნუგზარ, რა არის გრიპი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

საღამო მშვიდობის, მადლობას გიხდით მოწვევისათვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ გრიპის შესახებ ინფორმაცია ამოუწურავია. მას ყოველ წელს  ემატება ახალი მიდგომები და რეკომენდაციები, ამ პერიოდში კი საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია და ადამიანები ყურადღებით ადევნებენ თვალს ვირუსულ ინფექციებსა და  სეზონურ გრიპთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.

ვისაუბროთ სეზონურ გრიპზე. გრიპი გახლავთ ფრანგული სიტყვა და მოჭერას ნიშნავს. სეზონური გრიპი შესაბამისად არის კონკრეტულ სეზონზე მიმდინარე გრიპოზული ინფექცია. სეზონური გრიპი A ან B ტიპის ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ამ სეზონისთვისაა დამახასიათებელი. ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე და სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ წარმოებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით ვიცით, რომ სწორედ A და B ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში ამ ეტაპზე.

არსებობს სხვა ტიპის ვირუსული ინფექციებიც, მაგრამ გრიპს ცალკე გამოყოფენ. გეტყვით იმასაც, თუ როგორი მიმდინარეობით და რა კლინიკური ნიშნებით ხასიათდება გრიპი და გრიპოზული ინფექციები. არსებობს გაურთულებელი და გართულებული გრიპი.

გაურთულებელი გრიპის სიმპტომებია ცხელება, ხველება, სახსრების ტკივილი, სურდო, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი. ამ დროს პაციენტს აღენიშნება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, უმადობა, საერთო სისუსტე, შებოჭილობა. ამ ნიშნების ინტენსივობა და სიმძიმე განაპირობებს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს. გრიპი შეიძლება მიმდინარეობდეს მარტივი ანუ მსუბუქი ფორმით. მსუბუქი და საშუალო ფორმები არის თვითგაჯანსაღებით მიმდინარე, ამიტომ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ექიმები ერთი კვირა მკურნალობენ გრიპს, რომელიც თავისით მორჩება 7 დღეში. ეს ასეა, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ გრიპის მარტივ ან საშუალო ფორმას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონცეფციის თანამხად, ადამიანში ან ადამიანთა ჯგუფებში ყოველთვის ერთნაირად არ მიმდინარეობს გრიპი, არსებობს ისეთი ჯგუფები სადაც უფრო მეტად მოსალოდნელია გართულებები და ლეტალური შედეგიც. შესაბამისად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოყო რისკის ჯგუფები. ვინ შედის რისკის ჯგუფებში? პირველ რიგში ეს არიან ორსული ქალები, ასევე 5 წლამდე ასაკის ბავშვები და განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვები. რისკ-ჯგუფში არიან ქრონიკული დაავდების მქონე პირები ვისაც ღვიძლი, თირკმელი, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები და ენდოკრინული პათოლოგიები აწუხებთ, ან აქვთ  დაქვეითებული იმუნიტეტი. ხშირად გაიგონებთ, რომ გარდაცვლილს გრიპით დაეწყო ავადობა, რამაც მერე თირკმლის ან გულის მდგომარეობა გაართულა და ლეტალური შედეგი გამოიწვია. რთული კითხვაა შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მისი გადარჩენა. რისკ-ჯგუფი სწორედ იმიტომაა რისკ-ჯგუფი, რომ დიდია ალბათობა გრიპის გართულების.

 

-თქვენ აღნიშნეთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვები რისკ-ჯგუფში იმყოფებიან, თუ შეიძლება ამ ბავშვების ჯგუფებად დაყოფაც, მაგალითად ბავშვები, რომლებიც იზოლირებულად იზრდებიან, ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ დედმამიშვილები და უფროს ბავშვებთან აქვთ კონტაქტი, რომლებმაც შეიძლება ბაღიდან და სკოლიდან მოიტანონ გრიპის ვირუსი და ა.შ.

საერთოდ, როდესაც ექიმი გასცემს რეკომენდაციას, უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი წამალიც კი ყოველთვის არაა წამალი. ყველა წამალს აქვს გვერდითი მოვლენები, ალერგიული ან ტოქსიური გამოვლინებები. არსებობს ასეთი კონცეფცია – სარგებელი მეტია, ვიდრე ზიანი. ეს ვრცელდება საკვებზეც, რომელიც მეტ-ნაკლებად შეიძლება იყოს მისაღები ან მიუღებელი ბავშვის ორგანიზმისათვის.

შეიძლება პრეპარატი რეკომენდირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და  ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეიმუშაოს მკურნალობის გეგმა.

მცირეწლოვან ბავშვებზე კი გეტყვით, რომ გრიპის აცრა ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცით შეიძლება 6 თვის ასაკიდან, მაგრამ თუ უფროსი დედმამიშვილი არის აცრილი, ან იმყოფება მეტ-ნაკლებად იზოლირებულ გარემოში და ძალიან დაბალი შანსი აქვს გრიპის ვირუსით ინფიცირების, შეიძლება ბავშვი არც ავცრათ ამ ასაკში.

აცრა ნომერ პირველი რეკომენდირებული პრევენციული ღონისძიებაა გრიპისაგან თავის დასაცავად, მაგრამ ასევე არსებობს სხვა არანაკლებ ეფექტური საშუალებები გრიპისაგან თავის დაცვის, მოგეხსენებათ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შიში აქვს აცრების მიმართ,  მაგრამ მინდა სრული სამედიცინო პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ყველაზე კარგი და ყველაზე უსაფრთხო გზა გრიპის წინააღმდეგ არის გრიპის აცრა.

ბუნებრივია არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც არ იცრებიან, იმიტომ, რომ ისინი რისკ- ჯგუფში არ შედიან და დიდი აქვთ ალბათობა იმისა, რომ გრიპისაგან გართულებების გარეშე განიკურნონ.

-გვესაუბრეთ გრიპის სიმპტომებზე, რომლითაც გრიპი გამოირჩევა სხვა ტიპის ვირუსებისაგან. მაღალი ცხელებით, ტკივილებით ხომ შეიძლება სხვა ვირუსიც იწყებოდეს და ეს არ იყოს გრიპი? რა დროს უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს?

ჩემი მრავალწლიანი კლინიკური პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს ერთ რამეს – ნებისმიერი ინფექცია მოითხოვს მონიტორინგს, მუდმივ ყურადღებას და მუდმივ ურთიერთობას ექიმსა და პაციენტის მშობელს შორის.

გრიპისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, ცხელება, ხველება, ყელის ტკივილი,სურდო, თავის ტკივილი, სახსრების, კუნთების ტკივილი, ეს ზოგადი სიმპტომებია. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნიშნებს აქვს თავისი გამოვლენის ხარისხი და ინტენსივობის ფორმა. ჩემს პაციენტებს ხშირად ვეუბნები, რომ თუ ისინი შეამჩნევენ რაიმე უჩვეულოს ან ძლიერად გამოვლენილ კლინიკურ ნიშანს, იქნება ეს გრიპის თუ რაიმე სხვა დაავადების დროს, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. გასაგებია, რომ უმეტეს შემთხვევაში გრიპი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და თვითლიმიტირებადია, მაგრამ ხდება ისეც, რომ მსუბუქი ფორმით დაწყებული გრიპი ძალიან სწრაფად რთულდება. ამიტომ თუ კლინიკური ნიშნების ინტენსივობა მატულობს და ცუდად ექვემდებარება არსებულ მედიკამენტოზურ მკურნალობას, მაგ: თუ სიცხის დამწევის მიღების მიუხედავად სიცხე არ იწევს ან ხველების საწინააღმდეგო საშუალების მიღების მიუხედავად ხველება არ ჩერდება, ესე იგი საჭიროა უფრო მაღალი დონის ჩარევა. ამიტომაც არსებობს 24 საათიანი გადაუდებელი დახმარების სამსახური და კლინიკები, რომ დროულად მოხდეს მდგომარეობის შეფასება და მივიღოთ ზომები.

-ბატონო ნუგზარ, შემოვიდა საინტერესო კითხვა. თუ დადასტურდა რომ ბავშვს გრიპი აქვს, ყოველთვის საჭიროა კლინიკაში გადაყვანა თუ სახლის პირობებშიც შეიძლება მკურნალობა?

პირველი, რაც შემდეგ უნდა გაკეთდეს – უნდა იყოს განხილული და შეფასებული ყველა რისკი. თუ ეს ეხება ასაკობრივი რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტს, თუ ეს ეხება ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს, ბავშვს თუ მოზრდილს, თუ ეს არის გრიპი საშუალოდან მძიმე მიმდინარეობამდე ექიმის შესფასებით უნდა მოხდეს პაციენტის ჰისპიტალიზაცი. თუ ეს მდგომარეობა არ არის და სახლის პირობებში შეიძლება მკურნალობა და მონიტორინგი, მაშინ ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო, მილიონობით ადამიანი სახლში მკურნალობს გრიპს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან კარგი შედეგითაც. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.

– დავუბრუნდეთ ვაქცინაციას. რა დროს უნდა გაკეთდეს აცრა და რა სიხშირით? ჩვენი რეალობისთვის ეს ძალიან აქტუალური კითხვაა, რადგან არის ხოლმე პერიოდები როდესაც ვაქცინა დეფიციტშია. არიან ბავშვები ვისი აცრაც შემოდგომაზე ვერ მოესწრო და მათ ახლა, იანვარში ცრიან ამ ვაქცინით. რამდენად სწორია ეს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკონტროლებს ნებისმიერი ინფექციის ცირკულაციას მთელ მსოფლიოში და ბუნებრივია, ევროპის რეგიონში, რომელშიც შედის საქართველოც. როდესაც ხდება იმის კონტროლი, თუ რომელი ვირუსი ცირკულირებს ჩვენს ნახევარსფეროში, ცნობილი ხდება ისიც, თუ კონკრეტულად რომელ შტამთან ბრძოლაა საწირო და ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზადდება. ვაქცინის დამზადება ხდება გრიპის ტიპის ან ქვეტიპის მიხედვით. ვაქცინა ქვეყანაში ოქტომბრის დასაწყისში შემოდის, იმიტომ, რომ საქართველოში გრიპის სეზონი ოქტომბრიდან იწყება. ვაქცინაციიდან მინიმუ  2-3 კვირა სჭირდება თავდაცვითი ანტისხეულების და იმუნიტეტის გამომუშავებას, ამიტომ იდეალური ვარიანტია აცრის ჩატარება ოქტომბერში. 2-3 კვირის შემდეგ ორგანიზმი შეიმუშავებს თავდაცვის მექანიზმს და ასეთ პირობეში, 70%-ში ეს პაციენტი დაცულია გრიპის იმ ვირუსის ტიპისგან რომელიც ვაქცინაში შედის. დაცვის პროცენტი დამოკიდებული ორგანიზმის იმუნურ მდგომარეობაზე და ასაკზე. 65 წლის ზემოთ ვაქცინა უფრო ნაკლებად იცავს, ვიდრე უფრო მცირე ასაკში. თუ მოხდება თანხვედრა ორგანზიმის იმუნურ სისტემასა და იმ ვირუსების შტამებს შორის, რომლებიც ქვეყანაში ცირკულირებს, მაშინ ვაქცინის ეფექტი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

კიდევ ერთი კითხვა სეზონურ გრიპზე. თქვენ ბრძანეთ, რომ გრიპის ვაქცინა ყველაზე უსაფრთხოა ვაქცინებს შორის, მაგრამ შეიძლება თუ არა მას რაიმე გართულება მაინც ჰქონდეს? მაგალითად ამბობენ, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს გრიპი. და კიდევ, ზოგი მშობელი თვლის, რომ უმჯობესია ბავშვმა თავისით გამოიმუშავოს იმუნიტეტი იმიტომ, რომ ყოველწლიურმა აცრამ შეიძლება იმუნიტეტი დაუსუსტოს. რამდენად ახლოა რეალობასთან ეს აზრი?

დაახლოებით 50 წელია გრიპის ვაქცინა არსებობს მსოფლიოში და მისით ასეულობით მილიონი ადამიანი არის აცრილი. ჯერჯერობით არცერთ საერთაშორისო სოლიდურ, ავტორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებას არა აქვს რაიმე გვერდითი გამოვლინების შემთხვევა, რომელიც უშუალოდ გრიპის ვაქცინით აცრამ გამოიწვია.

საერთოდ, აცრა არ არის მარტივი გადასაწყვეტი საკითხი, ეს არის ორგანიზმზე ზემოქმედება, მაგრამ მილიონობით ადამიანი სწორედ ამ გზით გადაურჩა დიფტერიას, პოლიომიელიტს, ყვავილს, შავ ჭირს და ა.შ. სწორედ აცრების მეშვეობით გახდა შესაძლებელი მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა. აცრა ეს არის შემთხვევა, როდესაც სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე ზიანი. კიდევ გავიმეორებ, რომ ამ დროისათვის არ არის საერთოდ აღწერილი შემთხვევა, რომ გრიპის აცრამ განავითარა გრიპი. ერთადერთი, რაც შეიძლება მან გამოიწვიოს, ეს არის გარდამავალი ტრანზიტორული მსუბუქი რეაქციები მაგ: ნანემსარზე სიწითლე, პატარა რეაქცია რომელიც თავისით გაივლის რამდენიმე დღეში.

-გრიპის რომელი ტიპისგან შეიძლება დაგვიცვას ამ ვაქცინამ? ვიცით, რომ არსებობს რამდენიმე ტიპის ვაქცინა, სამვალენტიანი, ოთხვალენტიანი და ა.შ.. ცნობილია, რომ გრიპის ვაქცინა ყველაზე აგრესიული ვირუსისგან გვიცავს, რომელიც წლის განმავლობაში ცირკულირებს, მაგრამ აქვს თუ არა მას რაიმე ჯვარედინი ეფექტი, რომელიც სხვა მსგავსი ვირუსული ინფექციებისგან დაგვიცავს?

მე ვირუსოლოგი არა ვარ, მე პედიატრი ვარ და კარგად მესმის პედიატრიული შეფასებები და პედიატრის როლი ვირუსულ ინფექციებსა და ვაქცინაციასთან მიმართებაში.

არსებობს გრიპი და სხვა ვირუსული ინფექციები, მაგ: ადენოვირუსი, პარა-გრიპი, პარაგრიპოზული ინფექცია, რესპირაციული-სინციტიალური ვირუსი, ენტეროვირუსი, რინო ვირუსი, როტავირუსი და ა.შ.  ამ ვირუსებისაგან გრიპის საწინაარმდეგო ვაქცინა არ იცავს. მას არა აქვს ჯვარედინი ეფექტი.

 

საქართველოში  ახლა არის და წარმატებით გამოიყენება სამვალენტიანი და ოთხვალენტიანი გრიპის ვაქცინა. ეს არის შტამები, რომლებიც გასულ წელს ცირკულირებდა მსოფლიოში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სწორედ ამის მიხედვით შეიმუშავა ეს ვაქცინა. სამვლენტიანი ვაქცინა შესაბამისად გრიპის სამ ტიპზე მოქმებდებს, ესენია A ტიპის ორი და B ტიპის ერთი სეროტიპი. ოთხვალენტიანი ვაქცინა შეიცავს A და B ტიპის ორ-ორ სეროტიპს. C ტიპის ვირუსი მსუბუქი მიმდინარეობისაა, ამიტომ ამ ვაქცინაში არ არის. არ არის გამორიცხული , რომ უახლოეს მომავალში ვაქცინაში შემავალი სეროტიპების რაოდენობამ მოიმატოს. საქართველოში 2014 წლიდან ხდება სავალდებულო და უფასო, ფილტვების ანთების აცრა. იყო დრო, როცა ფილტვების ანთებას სტეპტოკოკის ან პნევმოკოკის შვიდი სერიოტიპი იწვევდა და შეიქმნა ვაქცინა, რომელშიც სწორედ ეს სეროტიპები შედიოდა. თუმცა შემდეგ წინა პლანზე წამოვიდა სხვა სეროტიპები და ნელ-ნელა ვაქცინა გახდა ოცდასამვალენტიანი. ვირუსოლოგები და იმუნოლოგები აღრიცხავენ ამ სეროტიპებს და შესაბამისად მოქმედებენ, ასე რომ გრიპის ვაქცინაც შეიძლება გახდეს უფრო მეტი სეროტიპის შემცველი და დაგვიცვას გრიპის უფრო მეტი ტიპისაგან.

-თქვენ ჩამოთვალეთ რისკ-ჯგუფები სადაც აუცილებელია ვაქცინაცია, მაგრამ რატომ არ ურჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვებს, რომ აიცრან? საუბარია ჯანმრთელ ადამიანებზე, ვინც რისკ-ჯგუფში არ შედის. ხომ შეიძლება რომ ეს იყოს არჩევანი და თუ ადამიანს უნდა, აიცრას?

მთელი მსოფლიოს აცრა არ არის რეკომენდირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოყო ჯგუფები ვინც უნდა აიცრას, თუმცა  ბევრ ქცვეყანაში იცინიც არ იცრებიან. პირველი, აცრა არის ექიმის გადასაწყვეტი და არ არის რეკომენდირებული იმათთვის, ვისაც რეალურად არა აქვს ამის საჭიროება. როგორც ვიცით, არსებობს გრიპის პრევენციის სხვა საშუალებებიც, რომლებიც არანაკლებ ეფექტურია. თანაც გრიპი უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს და სრულიად ექვემდებარება თვითლიმიტირებას. მეორე- ეს არის საზოგადოებისა და ქვეყნისათვის ეკონიმიკური ტვირთი. ცხადია ჩვენი საზოგადოებაც და სამედიცინო სამყაროც ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ტითოეულ ლეტალურ შედეგს, ადამიანებისთვის ეს სტატისტიკაა, მაგრამ ყოველი ლეტალური შედეგის უკან ტრაგედია დგას და მის მიმართ გულგრილი ვერავინ იქნება. თუმცა როგორც გითხარით, ეს არ შეიძლება იყოს საფუძველი, რომ ყველა ადამიანი აიცრას.

-როგორ ვრცელდება ეს ვირუსი მსოფლიოში და როდის აღწევს პიკს?

გრიპის ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით, აქედან გამომდინარე მას აქვს მიმღებლობიდან დაავადების განვითარებამდე პერიოდი, რომელიც შეიძლება რამოდენიმე საათს ან დღეს გაგრძელდეს. რადგანაც ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ერთ-ერთი უპირველესი პრევენცია არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების დაბანა უნდა მოხდეს ხშირად. ხელით არ უნდა შევეხოთ  თვალებს, ცხვირს და პირს, რადგან სწორედ ამ ლორწოვანი გარსებიდან აღწევს ვირუსი ორგანზიმში.

პრევენციის კიდევ ერთი ზომაა იზოლირება. ხშირად გაიგონებთ რეკომენდაციას, რომ ავადმყოფი ადამიანი უნდა დარჩეს სახლში. ეს ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაცია და მოთხოვნაა. ავადმყოფი ადამიანი არის ვირუსის გამავრცელებელი. ამიტომ ის უნდა იყოს იზოლირებული და არ უნდა იქონიოს სხვებთან კონტაქტი.  კიდევ ერთი პროფილაქტიკური გზაა ექიმისთვის დროული მიმართვა უკვე დასნებოვნების შემთხვევაში, ეს გულისხმობს უკვე იმის პროფილაქტიკას, რომ დაავადება არ გართულდეს.

– მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში საბედნიეროდ არ არის გრიპის ეპიდემია, ძალიან ბევრმა მშობელმა ბავშვი ბაღში და სკოლაში მაინც არ გაუშვა. რას გვირჩევთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს თუ ბავშვი აუცრელია?

 

სხვათა შორის, სწორედ ახლა იქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს იმას, რომ დაავადებული ბავშვი არ იქნას დაშვებული საბავშვო ბაღში ან სკოლაში სასწავლო პროცესზე. იმ შემთხვევაში, თუ ბაღში ან სკოლაში არ მივა დაავადებული ბავშვი, დანარჩენების დაავადების რისკი ძალიან შემცირდება, რაც ბუნებრივია. ამას თუ დაემატება ისიც, რომ საკლასო ოთახი ხშირად განიავდება და სველი წესით რეგულარულად დასუფთავდება, მაშინ მინიმალური შანსი იქნება იმისა, რომ ბავშვს გრიპი გადაედოს. რასაკვირველია ვერაფერს ვიტყვით საზოგადოებტივ ტრანსპორტსა და საცხოვრებელ სივრცეზე, სადაც შეიძლება ოჯახის წევრმა გადაგვდოს გრიპი.

-გადაცემის ბოლოს, საინტერესო კითხვა შემოვიდა მონონუკლეოზზე. რა არის მონონუკლეოზი, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როდის არის საჭირო დამატებითი კვლევები?

 

მონომუკლეოზი სერიოზული პათოლოგიაა, რომელიც ძალიან გავრცელდა ჩვენთან. დაავადების გამოვლინებები გახლავთ ნადები ნუშურაზე, ე.წ. ჩირქოვანი ნადები, ყბისქვეშა და კისრის ლიმფური კვანძების გასიება, ელენთის და ღვიძლის გადიდება, სერიოზული ნიშანია ნაზალური ობსტრუქცია ანუ ცხვირის გაჭედილობა. როცა ცხვირიდან გამონადენი არ არის, მაგრამ ბავშვი ცხვირით ცუდად სუნთქავს. საკმაოდ ხშირად ამას ემატება ცხელება, საერთო სისუსტე და უმადობაც. ინფექციური მონონუკლეოზი ძალიან ხშირად ეპშტეინ-ბარის ვირუსითაა გამოწვეული, რაც შეიძლება არ იყოს ერთადერთი ვირუსი. მასთან ერთად შეიძლება საქმე გვქონდეს ციტომეგალოვირუსთან ან ჰერპესის ვირუსთან. პირველ რიგში სიმპტომების არსებობისას უნდა მოხდეს კლინიკური განსინჯვა, შემდეგ კი ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი და თუ გარკვეული დრო გავიდა დაავადებიდან, ეპშტეინ-ბარის ვირუსის მარკერებზე უნდა გაკეთდეს გამოკვლევა. ეს უკანასკნელი ზუსტად ადგენს აქვს თუ არა ბავშვს ეს დაავადება. სხვათა შორის, ეს ვირუსი გადადის ნერწყვით, კოცნით. ძირითადად, გავრცელებულია მსუბუქი, უსიმპტომოდ მიმდინარე ფორმები. ეს ვირუსი მთელი ცხოვრება ცირკულირებს ადამიანის ორგანიზმში და თუ არ იქნა ამ ვირუსის ერთგვარად გამოცოცხლების ფაქტორები, მაგ: მაღალი ინსოლაცია,სტრესი და სხვა არახელსაყრელი ფაქტორები, არასდროს შეგაწუხებთ.

წყარო: https://fortuna.ge/