Nuk
10 ფაქტორი, რომელსაც ბავშვის ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს

თარიღი: 14 აპრილი, 2022

1) დაღლილობა
გადაღლილი ბავშვები უფრო მეტად ავლენენ რთულ ქცევას, ვიდრე დასვენებულები. შესაბამისად, დაღლილობის, როგორც რთული ქცევის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად განსაზღვრა სრულიად ლოგიკურია. უფროსებიც კი, დაღლილობისას საკუთარი თავის ყველაზე ცუდი ვერსიები ვართ. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი საკმარისად იძინებს და ისვენებს, რაც პირველი ნაბიჯია რთული ქცევის შესამცირებლად.

2) შიმშილი
დაღლილობის მსგავსად, შიმშილიც რთული ქცევის მაპროვოცირებელ ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ. მაგალითად, ხშირია, როცა ბავშვი სკოლის შემდეგ ავლენს რთულ ქცევას, რადგან მშიერია, ან იმ დროს, როცა ერთი კვებიდან მეორემდე შუალედი ხანგრძლივია, რაიმე მიზეზის გამო. ბავშვების შემთხვევაში სასურველია კვების გრაფიკი იყოს გონივრული და რეგულარული.

3) ზედმეტად ბევრი საქმე
ისედაც საკმაოდ აქტიური და დატვირთული გრაფიკის მქონე ბავშვებს, ხშირად დამატებითი დავალებები, საქმეები და წნეხი ძალიან სტრესავს, რაც რთული ქცევის გამომწვევ მიზეზად იქცევა ხოლმე.

4) ქცევითი დარღვევები
ხშირად რთული ქცევის მიზეზი არის სხვადასხვა სახის ქცევითი დარღვევები, რაც გამოიხატება ჰიპერაქტიურობაში, კონცენტრაციის, ყურადღების, მეხსიერების პრობლემებში. ასეთ შემთხვევაში სასურველია ადრევე მივმართოთ სპეციალისტს, შესაბამისი, დროული დახმარების მისაღებად.

5) რუტინების, ჩვევების ნაკლებობა
რუტინებისა და თანმიმდევრული ჩვევების დამკვიდრება ბავშვის ყოველდღიურობაში მას სტაბილურობისა და სიმშვიდის განცდას უქმნის. მნიშვნელოვანია დღის ძირითად რუტინების დამკვიდრება, როგორებიცაა დილით გაღვიძება, სკოლის შემდეგი აქტივობები, საღამოს, ძილისწინა აქტივობები.

6) ოჯახური მდგომარეობის ცვლილება
ცვლილება გავლენას ახდენს თქვენი ბავშვის ქცევაზე. განქორწინებამ, განშორებამ, ოჯახის წევრის გარდაცვალებამ ან ავადმყოფობამ და ა.შ, შესაძლოა, შეცვალოს ბავშვის ქცევა. ისეთი ტიპის ცვლილებებიც კი, როგორიცაა დაწყებითი კლასიდან ზედა საფეხურზე გადასვლა, მასწავლებლის ცვლილება – ბავშვის ქცევაზე აისახება.

7) შიში
შფოთვების გარდა, ხშირად შიში საგრძნობლად ცვლის ბავშვის ქცევას, შიშის დამალვის მცდელობა მათ არასათანადო მოქმედებებს იწვევს, ხანაც ძალიან უცნაურ ტყუილს ათქმევინებს ხოლმე ბავშვებს.

8) გადაჭარბებული დრო ეკრანთან
კვლევებმა აჩვენა, რომ ეკრანთან გატარებულმა დრომ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ბავშვის ქცევაზე. მას შეუძლია გაზარდოს აგრესია და კონცენტრაციის პრობლემები, ინდიფერენტული გახადოს გარშემო არსებული სხვა საგნებისა თუ მოვლენებისადმი.

9) იარლიყები
ბავშვებს სჯერათ სიტყვების, რომლებითაც მათ ვახასიათებთ და ამ სიტყვებს შეუძლიათ განსაზღვრონ მათი ქცევა. რაც უფრო მეტად აღწერთ თქვენს შვილს, როგორც „აგრესიულს“, მით მეტად მოიქცევა ამ იარლიყის შესაბამისად. რაც უფრო მეტად აღწერთ მას, როგორც “დამხმარეს”, მით უფრო დამხმარე და გულისხმიერი იქნება ის. იარლიყებს აქვთ ქცევის ფორმირების ძალა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ როგორ აღწერთ თქვენს შვილს.

10) განვითარების ეტაპები
ბავშვები ასაკისა და განვითარების ეტაპების მიხედვით ავლენენ კონკრეტულ ქცევას. მაგალითად, ტანტრუმი ხშირია სამი წლის ბავშვებში, დამოუკიდებელი თამაშის მაგალითები ხშირია 2 წლის ასაკში, 2 წლისებს არ უყვართ სათამაშოების გაზიარება. ბავშვების კონცენტრაციის დიაპაზონი ასაკისა და განვითარების ეტაპების მიხედვით განსხვავებულია. არასწორია ბავშვებისაგან ველოდოთ სტანდარტულად ან სხვასავით მოქცევას, რადგან ასე იქცევიან მისი ასაკის ბავშვები ზოგადად. განვითარების ეტაპები რბოლა და შეჯიბრი არ არის. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს რაიმე სახის განვითარების შეფერხებას ვამჩნევთ, რაც მალე იდენტიფიცირდება პრობლემა სპეციალისტთან ერთად, მით უფრო მარტივი იქნება მასთან გამკლავება.

წყარო: https://azrovnebisakademia.ge