Nuk
კონფერენცია 2015
კონფერენცია 2015

მისამართი: თბილისი, სასტუმრო ძველი თბილისი
თარიღი: 13/06/2015

ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია ‘’ჯანსაღი შთამომავლობა – ძლიერი საზოგადოება’’, ტარდება 2015 წლის 13 ივნისს სასტუმროში "ძველი თბილისი".

კონფერენცია ეძღვნება ქალთა რეაბილიტაციისა და პერინატალური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს. განხილული იქნება მკვდრადშობადობის საკითხი ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევის მონაცემებისა და აგრეთვე მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსის წამყვანი სპეციალისტების მიერ შესრულებული კვლევების მიმოხილვით. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ავსტრალიიდან, ჰოლანდიიდან და ლიტვიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები მეანობა–გინეკოლოგიაში, ეპიდემიოლოგიასა და მორფოლოგიაში.

კონფერენციაზე განიხილება დღეისათვის აქტუალური საკითხები: მკვდრადშობადობის გამომწვევი მიზეზები, მკვდრადშობადობის შემდგომი პერიოდის მართვა, შემდგომი ორსულობის დაგეგმვა, მშობელთა კონსულტირება, პერინატალური აუდიტი, მკვდრადშობადობის ფსიქოემოციური ასპექტები და ფსიქო–რეაბილიტაციის მნიშვნელობა.

კონფერენციას დაესწრებიან: ჯანდაცვის წარმომადგენლები (მეან–გინეკოლოგი, რადიოლოგი, გენეტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, პათანატომი, ბებიაქალები, ექთნები), მშობლები, რომლებმაც გადაიტანეს პერინატალური დანაკარგი, ექიმი–რეზიდენტები, მკვდრადშობადობის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარ–მეცნიერთა ჯგუფი.

დამსწრე საზოგადოებას პირველად ეძლევა საშუალება ჩაერთოს ისეთ ღონისძიებაში, სადაც მონაწილეობს მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსი და მათი ექსპერტთა ჯგუფი. საქართველოში პირველად ტარდება კონფერენცია, სადაც პრაქტიკოსი ექიმები, მეცნიერები და მშობლები, რომელთაც გადაიტანეს პერინატალური დანაკარგი, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, რითაც ხელს შეუწყობენ საქართველოში მკვდრადშობადობის მონაცემების შემცირებასა და შობადობის ზრდას.

ონლაინ რეგისტრაცია წარმოებს 2015 წლის 13 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით ჩვენს ვებ-გვერდზე (www.wra.org.ge) განთავსებული ფორმის საშუალებით (ბანერი-რეგისტრაცია კონფერენცია 2015). სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 100 ლარს საქართველოს მოქალაქეებისთვის და 100 ევროს უცხოელი მონაწილეებისთვის. სარეგისტრაციო თანხის შეტანა ხდება ასოციაციის საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია სარეგისტრაციო ფორმაში. თანხის შეტანისას მიუთითეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დანიშნულება. კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდებათ სერტიფიკატები, პროგრამა და აბსტრაქტები.

კონფერენციის შემდეგ დაგეგმილია ბანკეტი რესტორანში "ტაბლა". სურვილის შემთხვევაში ამ ღონისძიებაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. მონაწილეებმა თანხა უნდა გადმორიცხონ კონფერენციაზე რეგისტრაციის თანხასთან ერთად.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]