Nuk
ევროპის იმუნიზაციის კვირეული 20-25 აპრილი 2015 წელი - აცერი და დაიცავი
ევროპის იმუნიზაციის კვირეული 20-25 აპრილი 2015 წელი - აცერი და დაიცავი

მისამართი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
თარიღი: 20/04/2015

მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2015 წლის 20 -25 აპრილის  პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო, როგორც  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება - იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდით და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით .

იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები).  

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს გარდაიცვალა 5 წლამდე ასაკის 6,3 მლნ ბავშვი, დაახლოებით 17 000 - ყოველ დღე. ამასთან,  შემთხვევათა ნახევარზე მეტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ხელმისაწვდომი პრევენციული მეთოდებით. http://www.who.int/gho/child_health/mortality/mortality_under_five_text/en/

2013 წელს საქართველოში  დაიწყო წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, რომელმაც ეპიდაფეთქების სახე მიიღო დადღემდე გრძელდება. მიმდინარე პერიოდისათვის სტატისტიკური  მონაცემების მიხედვით, შემთხვევათა რაოდენობამ 11 ათასს გადაჭარბა,  აქედან 4 დასრულდა ლეტალურად.  მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაბალია მოსახლეობის ინტერესი წითელას საწინაღმდეგო აცრების მიმართ. კერძოდ,  ქ თბილისში დამატებითი აცრების კამპანიის ფარგლებში აიცრა  მხოლოდ კონტინგენტის  8,6%;

2000-2013 წლების პერიოდში  მსოფლიოში  ვაქცინაციის შედეგად წითელათი გარდაცვალების შემთხვევები  შემცირდა 75 %-ით,  544 200-დან 145 700-მდე. (http://www.who.int/wer/2014/wer8946.pdf?ua=1)

კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის,  პოლიტიკოსებისათვის,  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის  ქვეყნებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: პრეს-კონფერენციები, საუბრები მრგვალ მაგიდასთან, სემინარები, გამოფენები და სხვა. კვირეულს საქართველოც უერთდება სხვადასხვა ღონისძიებებით.

გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!

თქვენც შემოგვიერთდით   -   აცერი და დაიცავი მომავალი თაობა!


დაგეგმილი ღონისძიებები

დაგეგმილი აქტივობები:
1. 18 აპრილი 12:00 საათი - მშობლების ვებინარი -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2. 20 აპრილი, 13:00 საათი -  -პრესკონფერენცია;
სშჯსდ სამინისტროს, დკსჯე ცენტრის,ქ.თბილისის მერიის წარმომადგენლების,  WHO, USAID, UNICEF, CDC  საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობით - ქ.თბილისი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
3. 20-25 აპრილი -  მასალების დარიგება ქ.თბილისის პოლიკლინიკებში;
4. 20-25 აპრილი - საზოგადოების გამოკითხვა იმუნიზაციის შესახებ- საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“ - მთავარი გვერდი;
5. 20-25 აპრილი - ქვეყნის მასშტაბით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და  ჯანდაცვის პირველადი რგოლების  მიერ მოსახლეობის  მასობრივი  თავშეყრის ადგილებში, საჯარო სკოლებში  ერთობლივად ჩაატარებენ ლექცია საუბრებს იმუნიზაციის მნიშვნელობის  და აუცილებლობის  შესახებ, დაურიგდებათ ბუკლეტები ,,აიცერი და დაიცავი“. დროულად  ჩატარებული  აცრების  მნიშვნელობის შესახებ მასალა განთავსდება მუნიციპალიტეტის გამგეობის  და  საკრებულოს  ვებგვერდებზე.
6. 28 აპრილი, 17:00 საათი - კონცერტი და საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მის: ვაჟა ფშაველას გამზირი29);
7. 29აპრილი, 17:00 საათი - პრესკონფერენცია - კვირეულის დახურვა,დაჯილდოების ცერემონიალი (კვირეულის მხარდამჭერი მედია, ორგანიზაციები და მონაწილე ცნობადი სახეები) - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი -მეორე სართულიმის:ასათიანის #9;
8. 17-30 აპრილი - მომზადებული მასალის განთავსება (ცენტრის ვებ გვერდი, ფეისბუქი, ტვიტერი, myvideo, youtube);
9. მედია კამპანია იმუნიზაციისაქტუალურსაკითხებზე საქართველოს მასშტაბით;