ვალომენთი / Valomenthum

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): valeriana, mentha
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნეოფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 130გ სიროფი #10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

130გ-ზე:
აქტიური სუბსტანციები: კატაბალახას სქელი ექსტრაქტი – 1,3 გ; პიტნის ნაყენი – 3,25 მლ; პიტნის ზეთი – 0,0052 მლ;
დამხმარე სუბსტანციები: სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი, 95% ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი.
,,ვალომენთი’’ შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, ბორნეოლიზოვალერიანატი, იზოვალერიანის მჟავა), ფლავონოიდებს, ტრიტერ¬პენულ საპონი¬ნებს, ვალეპოტრიატებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს სედაციური, სპაზმოლიზური და ტკი¬ვილგამაყუ¬ჩებელი მოქმედება. აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებადობას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, რეფლექსურად აფართოვებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, პერის¬ტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აქვს სუსტი ანტისეპტიკური ეფექტი.

ჩვენებები
• სხვადასხვა ფორმის ნევროზი, ისტერია, ნევრასთენია; 
• აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
• ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას;
• შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი;
• ნეიროგენული არითმია;
• ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები;
• კუჭ-ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის დარღვევა;
• მეტეორიზმი, გულისრევა.

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად.
ბავშვებში 6 თვიდან 1 წლამდე: 2,5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში. 
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში. 
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 10მლ სიროფი 2_ჯერ დღეში. 
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში; 
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ. 
დოზის გამოტოვება: 
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

უკუჩვენება
• შაქრიანი დიაბეტი.
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე. 

სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება
დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დასაშვებია სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, აძლიერებს საძილე და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა: 2 წელი;
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება 15-25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.