Nuk
სუპრაბათი / Suprabat


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ტაბლეტი შეიცავს:
ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს _ 25 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სუპრაბათი წარმოადგენს ეთილენდიამინის წარმოებულ ანტიჰისტამინურ (H1-რეცეპტორების ბლოკატორი) პრეპარატს. იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ანტიალერგიული ეფექტის გარდა, პრეპარატს ახასიათებს გამოხატული სედატიური, საძილე და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. გააჩნია პერიფერიული ანტიქოლინერგული აქტივობა, ზომიერად გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა
სუპრაბათი მეტაბოლიზდება ღვიძლში და ელიმინირდება თირკმლებისა და ნაწლავების საშუალებით.

ჩვენებები
ალერგიული დაავადებები: სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე, კანის ქავილი და სხვა.
სისტემური ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების დამხმარე თერაპია.

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები ინიშნება პერორალურად, ჭამის დროს, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
მოზრდილებში ინიშნება 25 მგ (1 ტაბლეტი) 3_4-ჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზებით:

ასაკიერთჯერადი დოზამიღების სიხშირე
1-12 თვე1/4 ტაბლეტი (6.25 მგ)2_3-ჯერ დღეში (ფხვნილამდე დაფშვნილი ტაბლეტი, შერეული ბავშვის საკვებში)
1 წლიდან 6 წლამდე1/4 ტაბლეტი (6.25 მგ)3-ჯერ დღეში
1/2 ტაბლეტი (12.5 მგ)2-ჯერ დღეში
6 წლიდან 14 წლამდე1/2 ტაბლეტი (12.5 მგ)2-3-ჯერ დღეში


გვერდითი მოვლენები
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სედატიური ეფექტი, დაღლილობა, თავბრუხვევა, ატაქსია, ნერვული აგზნებადობა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არასასიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში, ტკივილი ეპიგასტრიუმში, პირის ღრუს სიმშრალე, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა ან მომატება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
სხვა: დიზურია, შარდის შეკავება, მიოპათია, თვალის შიდა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევა, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან ეთილენდიამინის სხვა წარმოებულების მიმართ;
• ბრონქული ასთმის მწვავე შეტევა;
• ახალშობილობის პერიოდი

ორსულობა და ლაქტაცია
სუპრაბათის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
ანტიქოლინერგული და სედატიური ეფექტების გამო სუპრაბათი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს.
ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატმა შეიძლია გამოიწვიოს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ძილიანობა და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჰალუცინაციები, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ათეტოზი, კრუნჩხვები.
მცირე ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება, ზოგჯერ პირის სიმშრალე, სახის სიწითლე, სინუსური ტაქიკარდია, ციებ-ცხელება. მოზრდილებში აგზნებას მოსდევს კრუნჩხვები, დეპრესია, კომა და კარდიორესპირატორული უკმარისობა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღებიდან 12 სთ-ის განმავლობაში _ კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა, არტერიული წნევისა და სუნთქვის პარამეტრების კონტროლი, სიმპტომური თერაპიის, ხოლო აუცილებლობისას _ რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება.
სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ერთდროული გამოყენებისას სუპრაბათი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების, ანალგეტიკების, მაო-ს ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ატროპინის, სიმპატოლიტიკებისა და ეთანოლის ეფექტებს.
სუპრაბათმა შეიძლება შენიღბოს ოტოტოქსიკურობის ადრეული ნიშნები ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას.

შენახვის პირობები და ვადები
ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე..
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?