Nuk
მებერიქსი ტაბლეტები / MEBERIX TABLETS


შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:
მებენდაზოლს – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის საქარინი, საღებავი, ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ვანილინი, ფორთოხლის არომატიზატორი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ღიადან მუქ ნარინჯისფრამდე, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მებერიქსი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთურ პრეპარატს. მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჰელმინთებში, რაც აბლოკირებს გლუკოზის უტილიზაციის პროცესს და თრგუნავს ორგანიზმში ატფ-ის სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მებენდაზოლის მცირე რაოდენობა ხვდება სისხლში, რომლის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს და მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატი არათანაბრად ნაწილდება ორგანოებში: გროვდება ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ჰელმინთების ლარვებში.
მებენდაზოლის 90%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეუცვლელი სახით, დაახლოებით 2% ელიმინირდება თირკმელების საშუალებით (უცვლელი ან მეტაბოლიტების სახით).

ჩვენებები
მებერიქსი გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ:
• ენტერობიოზი: Enterobius vermicularis;
• ასკარიდოზი: Ascaris lumbricoides;
• ანკილოსტომიდოზი: Ancylostoma duodenale, Necator americanus;
• სტრონგილოიდოზი: Strongyloides stercoralis;
• ტრიქოცეფალოზი: Trichuris trichiura; 
• ტენიოზი: Taenia spp.;
• შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება 100 მგ (1 ტაბ.) ერთჯერადად. განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა. 
ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: 100 მგ (1 ტაბ.) 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.
ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში – 200 მგ (2 ტაბ.) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში – 100 მგ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა. 
სისხლმბადი სისტემის მხრივ: მებერიქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, მებერიქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. 
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
მებერიქსით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის. 
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე.

ჭარბი დოზირება
მებერიქსის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება და დიარეა. 
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარით (20 მგ/100 მლ კონცენტრაციით). საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მებერიქსის ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინაქტივაციისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების გამო. კარბამაზეპინთან და ჰიდანტოინებთან კომბინირებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შესუსტება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?