ქეთევან უზნაძე-მჭედლიშვილი #1 / KETEVAN UZNADZE-MCHEDLISHVILI #1


შემადგენლობა

გ/100გ-ზე
ანესთეზი (Anestezinum) – 0,1 გ, სტრეპდოციდი (Streptocidum) – 1,0 გ, სანთელი (თეთრი ან ყვითელი) (Cera (alba seu flava)) – 70,0 გ, მზესუმზირის ზეთი (Oleum Helianti) 28,9 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მალამო აჩქარებს ნეკროზული ქსოვილების გამოყოფას და რეგენერაციას, რაც ამცირებს ავადმყოფის მკურნალობის ხანგრძლივობას. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისება, განსაკუთრებით განგრენიან ავადმყოფებში, მალამოთი შეხვევის პროცესში სწრაფად ეხსნებათ ძლიერი ტკივილები.

ჩვენებები
სამკურნალო მალამო გამოიყენება განგრენული იარების ინფიცირებისას, მწვავე ბუასილის, მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, კბილის ექსტრაქციის, სტომატიტის, პაროდონტიტის, სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, ფურუნკულის, მასტიტის, კოღოს ნაკბენის ინფიცირებისას და შეუხორცებელი წყლულების დროს, რომლებიც ძლიერი ტკივილით მიმდინარეობს.

მიღების წესები და დოზები
სხვადასხვა სახის პათოლოგიურ კერებს სქლად დაედება მალამო. დაეფნება 2-3 ფენა სტერილური მარლა და გადაიხვევა. ნახვევის შეცვლა ხდება დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.
მწვავე ბუასილის შემთხვევაში ტამპონის გამოყენებით მალამო დაიტანება კვანძებზე. მკურნალობის კურსი გრძელდება 7 დღის განმავლობაში. 
პაროდონტიტის და ინფექციური სტომატიტების დროს მალამოს გამოყენება ხდება პირის ღრუში ადგილობრივი აპლიკაციების სახით, ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია, რის შემდეგაც უნდა შეწყდეს მალამოს გამოყენება. ზოგიერთ განგრენიან ავადმყოფებზე იარის ინფიცირებისას მალამოს სისტემატიური გამოყენებისას შეინიშნება იარის ირგვლივ უმნიშვნელო მაცერაცია. ასეთ შემთხვევაში იარას დაედება „ქეთევან უზნაძე-მჭედლიშვილი - 1“ მალამო, ხოლო მის ირგვლივ კანს გადაესმევა „ქეთევან უზნაძე-მჭედლიშვილი - 2“ მალამო.

უკუჩვენება
ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
პირის ღრუდან ნარჩენების შემთხვევით გადაყლაპვისას არავითარი უკუჩვენება არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენაბა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი
შენახვის წესი: მალამო ინახება სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ