დრიმოლინი / DRIMOLIN


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ზოპიკლონის 7.5 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ზოპიკლონი წარმოადგენს ციკლოპიროლონის ჯგუფის საძილე საშუალებას, რომელიც სტრუქტურულად განსხვავებულია ბენზოდიაზეპინებისა და ბარბიტურატებისაგან. პრეპარატი ხასიათდება საძილე, სედატიური, ტრანკვილიზური, მიორელაქსაციური და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებით. ზოპიკლონის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის გამაამინოერბომჟავას რეცეპტორებზე მოქმედებით. პრეპარატი იწვევს დაძინების დროის და ღამის გამოღვიძებათა სიხშირის შემცირებას, ძილის ხანგრძლივობის ზრდას და აუმჯობესებს ძილისა და გამოღვიძების ხარისხს. ზოპიკლონი ამცირებს ძილის I სტადიას, ახანგრძლივებს II სტადიას, არ ცვლის ან ახანგრძლივებს ღრმა ძილის ფაზებს (III და IV სტადიები) და პარადოქსულ ძილს. პერორალური მიღების შემდგომ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1.5-2 საათში. აბსორბცია არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. პლაზმის ცილებს უკავშირდება 45%. რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, ზოპიკლონის ნახევარგამოყოფის პერიოდი 5 საათია. ზოპიკლონი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით - 80% შარდთან, ხოლო 16% ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენებები
- გარდამავალი, ხანმოკლე და ქრონიკული უძილობა;
- გაძნელებული დაძინება, ღამისა და ადრეული გამოღვიძებები;
- ძილის დარღვევები ფსიქიური აშლილობისას.

მიღების წესები და დოზები
დრიმოლინით მკურნალობის კურსი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე და 4 კვირას არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმალურად დასაშვებზე მეტად მკურნალობის კურსის გახანგრძლივება ხდება მხოლოდ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასების შემდეგ. პრეპარატი ინიშნება ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა: გარდამავალი უძილობა – 2-5 დღე; ხანმოკლე უძილობა – 2-3 კვირა; ქრონიკული უძილობა – ხანგრძლივი მკურნალობა ინიშნება სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ. მოზრდილებში რეკომენდებული დღიური დოზაა 7.5 მგ, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია. ასაკოვან პაციენტებში, პაციენტებში ღვიძლის ფუნქცის დარღვევით ან ფილტვის ქრონიკული უკმარისობით ინიშნება 3.75 მგ (1/2 ტაბლეტი), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 7.5 მგ-მდე. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის ან მისი მეტაბოლიტების კუმულაციის შემთხვევები არ არის გამოვლენილი, საწყისი რეკომენდებული დოზა 3.75 მგ-ია.

გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტია მწარე გემო პირის ღრუში. შედარებით იშვიათად ვლინდება დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე) და ცნს-ის მხრივ (გაღიზიანებადობა, გონების დაბინდვა, უხასიათობა). ალერგიული ან კანის რეაქციები ქავილისა და გამონაყარის სახით იშვიათად ვლინდება. გამოღვიძებისას შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.

უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- მძიმე მიასთენია;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
- ძილში სუნთქვის შეჩერების სინდრომი (აპნოე);
- ორსულობა და ლაქტაცია;
-18 წლამდე ასაკის პაციენტები (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

განსაკუთრებული მითითებები
მინიმალური რისკის მიუხედავად, დრიმოლინის (ზოპიკლონი) დანიშვნისას გასათვალისწინებელია, პრეპარატისადმი შეჩვევისა და მის მიმართ დამოკიდებულების განვითარების შესაძლებლობა. ზოპიკლონისადმი დამოკიდებულების რისკი ვითარდება: მკურნალობის დროს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის დარღვევის, ალკოჰოლის ან/და სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენების, ალკოჰოლთან ან სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში. დრიმოლინის მიღების მკვეთრად შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას, გასათვალისწინებელია უკუგების ფენომენის ან მოხსნის სინდრომის განვითარება. ამიტომ რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება და შესაბამისად, პაციენტის გაფრთხილება ამის თაობაზე. ძილის შეწყვეტის ან პრეპარატის მიღებიდან დაძინებამდე საკმაო დროის გასვლისას, შესაძლოა განვითარდეს ანტეროგრადული ამნეზია. აღნიშნული რისკის შესამცირებლად საჭიროა, პრეპარატი მიღებულ იქნას უშუალოდ ძილის წინ, ხოლო ძილის ხანგრძლივობა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს. ზოპიკლონი არ არის ნაჩვენები დეპრესიის სამკურნალოდ (შესაძლებელია მისი სიმპტომები შენიღბოს). პრეპარატის ცნს-ზე დამთრგუნველი ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს მისი კომბინაციით ნეიროლეფსიურ, საძილე საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, სედატიურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან, ნარკოტიკებთან, ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან, ტკივილგამაყუჩებელ და სედატიური ეფექტის მქონე ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას. ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გაძლიერდეს ზოპიკლონის სედატიური ეფექტი. ალკოჰოლთან ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამ დროს ძლიერდება ზოპიკლონის სედატიური ეფექტი. ზოპიკლონის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის დადგენილი. დრიმოლინი გავლენას ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე. დრიმოლინის მიღების ფონზე პაციენტებმა, რომელთა საქმიანობა ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს, დიდი სიფრთხილე უნდა დაიცვან ან თავი შეიკავონ ასეთი საქმიანობის შესრულებისგან.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბება ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის დათრგუნვის სახით, ძილიანობიდან კომამდე და დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობაზე. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციებს. ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია. ფლუმაზენილი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც ანტიდოტი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით!

რეგისტრაციის # და თარიღი
ბრძ. N 596/ო 04.11.2008