Nuk
დალაცინი 1% / DALACIN 1%


შემადგენლობა

1 გელში: 
აქტიური ნივთიერება: კლინდამიცინი (კლინდამიცინის ფოსფატის სახით) 10მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ალანტოინი, მეთილპარაბენი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი, კარბომერი 934P, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი. 
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო წებოვანი მასა. 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი-ლინკოზამიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
კლინდამიცინის ფოსფატი არააქტიურია in vitro, მაგრამ კანზე წასმის შემდეგ სწრაფად ჰიდროლიზდება ფოსფატაზებით საოფლე ჯირკვლების სადინრებში და წარმოქმნის კლინდამიცინს, რომელსაც ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება. in vitro ნაჩვენებია propionibacterium acnes ყველა გამოკვლეული შტამის მგრძნობელობა კლინდამიცინის მიმართ (მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია 0,4მკგ/მლ), რაც ხსნის პრეპარატის ეფექტურობას ვულგარული ფერიმჭამელების მკურნალობის დროს. 
კანზე კლინდამიცინის წასმის შემდეგ კანის ზედაპირზე თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა მცირდება დაახლოებით 14%-დან 2%-მდე.

ფარმაკოკინეტიკა
კლინდამიცინის 1%-იანი გელის გარეგანი გამოყენების შემდეგ სისხლის შრატში და შარდში ისაზღვრება კლინდამიცინის ძალიან დაბალი კონცენტრაციები. 
ნაჩვენებია კლინდამიცინის აქტივობა კომედონებისადმი ვულგარული ფერიმჭამელების მქონე პაციენტებში. ანტიბიოტიკის საშუალო კონცენტრაცია კომედონში კლინდამიცინის ხსნარის გამოყენების შემდეგ იზოპროპილის სპირტში და წყალში გახსნისას (10მგ/მლ) 4 კვირის განმავლობაში საშუალოდ შეადგენდა 597 მკგ/გ-ს კომედონის შემცველობისა (0-1490 მკგ/გ).

ჩვენებები
ვულგარული ფერიმჭამელები.

მიღების წესები და დოზები
გარეგანად. გელის თხელი ფენა იდება დაზიანებული კანის მშრალ, სუფთა უბანზე 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი: დამაკმაყოფილებელი შედეგების მისაღებად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6-8 კვირა, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს 6 თვემდე.

გვერდითი მოვლენები
მეტნაკლებად ხშირად: კანის სიმშრალე.
იშვიათად: ტკივილი მუცლის არეში, კანის გაღიზიანება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (დიარეა, გულისრევა, ღებინება), კონტაქტური დერმატიტი, თვალების წვის შეგრძნება, ფოლიკულიტი გამოწვეული გრამუარყოფითი ფლორით, საოფლე ჯირკვლების პროდუქციის მომატება. 
უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კოლიტის განვითარება.
კლინდამიცინის ფოსფატი ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება შეიწოვებოდეს სისტემური ეფექტების გამომწვევი რაოდენობით.

უკუჩვენება
ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა კლინდამიცინის ან ლინკომიცინის მიმართ. 
სიფრთხილით: 12 წლამდე ასაკში (მონაცემები უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე არ არსებობს).

ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველების გამოკვლევებში კლინდამიცინის შეყვანისას დოზით 100-600მგ/კგ დღეში კანქვეშ ან შიგნით ფერტილობის გაუარესება, ან რაიმე ტერატოგენური ეფექტი არ აღინიშნა.
ადექვატური კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. რადგან ცხოველების გამოკვლევის შედეგების ადამიანზე გადატანა ყოველთვის არ შეიძლება, ორსულობის დროს პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. 
უცნობია გამოიყოფა თუ არა კლინდამიცინი რძეში გარეგანი გამოყენების შემდეგ. კლინდამიცინი აღმოჩენილია რძეში პერორალური და პარენტერული შეყვანის შემდეგ, ამიტომ პრეპარატის ძუძუთი კვების პერიოდში დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე.

განსაკუთრებული მითითებები
უნდა მოერიდონ პრეპარატის მოხვედრას თვალების და პირის ღრუს ლორწოვანზე. გელის წასმის შემდეგ უნდა დაიბანონ ხელები. მგძნობიარე ზედაპირთან შემთხვევითი კონტაქტისას (თვალები, ლორწოვანი გარსები) საჭიროა მოცემული უბნის გრილი წყლით ჩამობანა. კლინდამიცინის (როგორც სხვა ანტიბიოტიკების) შიგნით ან პარენტერულად მიღება რიგ შემთხვეებში დაკავშირებულია მძიმე დიარეის და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებასთან.
კლინდამიცინის გარეგანი გამოყენებისას დიარეის და კოლიტის შემთხვევები იშვიათია, მიუხედავად ამისა საჭიროა სიფრთხილე, გამოხატული ან ხანგრძლივი დიარეის განვითარებისას პრეპრატი უნდა მოიხსნას და აუცილებლობის შემთხვევაში გატარდეს შესაბამისი დიაგნოსტიკური ან სამკურნალო ღონისძიებები. მძიმე დიარეის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს კოლონოსკოპიის ჩატარების საკითხი.
გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე. 
არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ პრეპარატ დალაცინის გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არსებობს მიკროორგანიზმების ჯვარედინი გამძლეობა კლინდამიცინის და ლინკომიცინის მიმართ. აღინიშნა ანტაგონიზმი კლინდამიცინს და ერითრომიცინს შორის.
დადგენილია, რომ კლინდამიცინი არღვევს ნერვკუნთოვან გადაცემას და შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტების აქტივობა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებიც ამ ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობენ.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 2 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის პირობები:არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
გაყინვა არ შეიძლება.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?