Nuk
ბრუფენ რაპიდი / Brufen Rapid


1. რა არის და რისთვის გამოიყენება ბრუფენ რაპიდი

ბრუფენ რაპიდი არის არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება (აასს), ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს იბუპროფენი. თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ იბუპროფენს.

ბრუფენ რაპიდი გამოიყენება ისეთი მსუბუქი და ზომიერი ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისათვის, როგორიცაა თავის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, კბილის ტკივილი, ტკივილი გრიპის სიმპტომების არსებობისას და ცხელებისას მოზრდილებში, მოზარდებსა და 20 კგ-ზე არანაკლები წონის ბავშვებში (დაახლოებით 6 წლის ასაკიდან):   

 

2. რა უდნა ვიცოდეთ, სანამ გამოვიყენებდეთ ბრუფენ რაპიდს

არ მიიღოთ ბრუფენ რაპიდი, თუ:

- თქვენ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა იბუპრუფენის ან ამ წამლის რომელიმე დამხმარე ნივთიერების  მიმართ (მითითებულია მე-6 ნაწილში).

- გიჩნდებათ/გიჩნდებოდათ ბრონქოსპაზმი, ასთმა, ალერგიული სურდო, ჭინჭრის ციება (კანის ზედაპირზე ან ლორწოვან გარსებზე ქავილის გამომწვევი ბუშტუკების გაჩენა, რომლებიც გარეგნულად ჭინჭრით დაშუშხვით გამოწვეულ შედეგებს მოგვაგონებს), შეშუპება ან ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას/ასპირინის ან სხვა აასს-ების მიღების შემდეგ.

- ოდესმე გქონიათ კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან პერფორაცია (კუჭის ან ნაწლავების კედლის მთლიანობის დარღვევა გამჭოლი ხვრელის წარმოქმნით), რომელიც დაკავშირებულია ადრინდელ მკურნალობასთან აასს-ებით.

- გაქვთ პეპტიკური წყლულის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განმეორებადი ეპიზოდები.

- გაქვთ გულის, თირკმლების, ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

- ნებისმიერი აქტიური სისხლდენის არსებობა.

- სისხლწარმოქმნის დარღვევები (მათ შორის, გაურკვეველი მიზეზებით).

- გაქვთ მძიმე ფორის გაუწყლოება ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღების გამო.

- იმყოფებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

- თქვენი წონა 20 კგ-ზე ნაკლებია.

ნუ გამოიყენებთ ბრუფენ რაპიდს, თუ თქვენზე ვრცელდება ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი. თუ დარწმუნებული არ ხართ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ბრუფენ რაპიდის მიღებამდე.

 

განსაკუთრებული გაფრთხილებები

გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისათვის.

ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომების (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენის) გამოჩენის შესახებ ექიმს უნდა ეცნობოს მკურნალობის საწყის ეტაპზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

- დიაგნოსტირებული გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის იმუნური სისტემა გაურკვეველი მიზეზებით აღიქვამს საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებს, როგორც უცხოს და იწყებს მათზე „შეტევას“, რაც იწვევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანებას) ან სხვა აუტოიმუნური დაავადებები, ასეპტიკური მენინგიტის (ტვინის რბილი გარსის ანთება) გაზრდილი რისკის გამო;

- გაქვთ მემკვიდრეობითი მწვავე წყვეტილი პორფირია (ხასიათდება პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით);

- გაქვთ პრობლემები კუჭის ან ნაწლავების მხრივ (როგორიცაა პეპტიკური წყლული, წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება ან სხვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა ისეთ გართულებებს, როგორიცაა სისხლდენა ან პერფორაცია);

- გაქვთ პრობლემები თირკმლების, გულის ან ღვიძლის მხრივ (თირკმლის, გულის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა, მომატებული არტერიული წნევა);

- ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები;

- ალერგიული ხართ რაიმე სხვა ნივთიერებების მიმართ;

ახლა ან წარსულში დიაგნოსტირებული გქონდათ ალერგიული რინიტი, ცხვირის პოლიპები ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. ალერგიები შეიძლება გამოვლინდეს ასთმის შეტევების, კვინკეს შეშუპების ან ჭინჭრის ციების სახით.

კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლულისა და პერფორაციის განვითარება (კუჭის ან ნაწლავების კედლის მთლიანობის დარღვევა გამჭოლი ხვრელის განვითარებით)

თუ თქვენ მიეკუთვნებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტების ჯგუფს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, აცნობეთ თქვენს ექიმს მუცლის ღრუს ორგანოების მხრიდან ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომების შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენის შესახებ) მკურნალობის ნებისმიერ (განსაკუთრებით საწყის) სტადიებზე, რადგან ისინი შეიძლება ლეტალური შედეგით დასრულდეს. კუჭ-ნაწლავური სისხლდენის ან წყლულების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და რჩევისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს.

თუ თქვენ იღებთ/არცთუ დიდი ხნის წინ იღებდით რომელიმე სხვა პრეპარატებს (მათ შორის სხვა დაავადებების დროს), ბრუფენ რაპიდით თერაპიის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო სერიოზული შედეგების წარმოშობა რამდენიმე სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენების გამო.

 

დერმატოლოგიური ეფექტები

ბრუფენ რაპიდის მიღებასთან დაკავშირებით შემოდიოდა შეტყობინებები კანის მძიმე რეაქციების შესახებ.

იბუპროფენის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ნებისმიერი სხვა ნიშნების გაჩენისთანავე.

კანზე გამონაყარის გაჩენის, ლორწოვანი გარსის დაზიანების, ბუშტუკების ან ალერგიის სხვა ნიშნების გამოჩენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს სამედიცინო დახმარებისათვის, რადგან ეს შეიძლება იყოს კანის ძალიან სერიოზული რეაქციების პირველი გამოვლინებები (იხ. მე-4 ნაწილი).

 

გულ-სისხლძარღვოვანი და ცერებროვასკულური მდგომარეობები

იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გულის უკმარისობის ან მომატებული არტერიული წნევის მქონე პაციენტებში. იბუპროფენის მიღებამ შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი გამოიყენება მაღალი დოზებით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

პრეპარატის მიღებამდე თქვენი მკურნალობის საკითხი უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

- გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის, გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია გულის სისხლით არასაკმარის მომარაგებასთან მისი სანათურის სისხლძარღვების შევიწროების შედეგად და რომელიც ვლინდება ტკივილის შეტევების სახით გულის არეში ფიზიკური დატვირთვისა თუ მოსვენების დროს), გაქვთ პერიფერიული არტერიების დაავადებები (დაავადებები, რომელთა დროსაც ირღვევა სისხლის ნორმალური მიმოქცევა კიდურებში - უფრო ხშირად, ქვედა კიდურებში -  მათი სისხლძარღვ-არტერიების შევიწროვების შედეგად და წარმოიშობა ტკივილი სიარულის დროს, რომელიც ქრება გაჩერების შემდეგ) ან/და ცერებროვასკულარული დაავადებები (ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც გამოწვეულია თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიური ცვლილებებით ტვინში სისხლის ცირკულაციის დარღვევის თანხლებით).

– გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკფაქტორები (მაგალითად, მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, ოჯახში გულის დაავადებების ან ინსულტის შემთხვევები, აგრეთვე თუ ეწევით).

გულის, ღვიძლის, თირკმლების ფუნქციის დარღვევა

აასს-ები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ ორგანოების ფუნქციის გაუარესება.

 

ზოგადი ინფორმაცია ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების შესახებ

(რამდენიმე სახის) ანალგეტიკების ჩვეულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი, სერიოზული პრობლემები თირკმელების, ღვიძლის, გულის მხრივ. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური დატვირთვისას, რომელსაც თან ახლავს მარილის დაკარგვა და გაუწყლოება, ამიტომ ის თავიდან უნდა იქნას აცილებული. ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას თავის ტკივილი, რომლის მკურნალობაც არ შეიძლება სამკურნალო საშუალების  დოზის გაზრდით.                                                                  

თუ ეს თქვენც გეხებათ, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება და რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღებისას აუცილებელია დაკვირვება სისხლის შედედების მხრივ დარღვევების მქონე პაციენტების მდგომარეობაზე. აასს-ების მიღების შეწყვეტას, ჩვეულებრივ, თან ახლავს აღდგენა თერაპიის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობამდე. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს პრეპარატთან ერთად, ვინაიდან შეიძლება გაძლიერდეს თანამდევი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან.

რეკომენდებულია, მოვერიდოთ ჩუტყვავილას დროს ბრუფენ რაპიდის მიღებას.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბრუფენ რაპიდის მიღებამდე, თუ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან რომელიმე თქვენც გეხებათ.

 

ბავშვები და მოზარდები

ბრუფენ რაპიდი მოცემული მედიკამენტური ფორმითა და დოზირებით უკუნაჩვენებია 6 წელზე უმცროსი ასაკის ან 20 კგ-მდე წონის ბავშვებისათვის.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით, ან გეგმავთ სხვა პრეპარატების მიღების დაწყებას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს:

- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც წარმოადგენს ანტიკოაგულანტებს (მაგ. ვარფარინი) ან ანტიაგრეგანტულ პრეპარატებს (მაგ. ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა) (ეს პრეპარატები ამცირებს სისხლის შემდედებელი სისტემის აქტიურობას);

- მაღალი არტერიული წნევის დამწევი წამლები (აგფ-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი, ანგიოტენზინ-II-ის რეცეპტორების ანტაგონისტები, როგორიცაა ლოზარტანი), დიურეტიკები (შარდმდენი პრეპარატები).

კერძოდ, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს უნდა შეატყობინოთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილის გარდა დამატებით იღებთ რომელიმე შემდეგ  წამლებს:

- დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები), კალიუმის შემანარჩუნებლების ჩათვლით;

- გულის გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი (რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ);

- ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის გარკვეული ფორმების სამკურნალოდ);

- ზიდოვუდინი (ანტივირუსული სამკურნალო საშუალება);

- კორტიკოსტეროიდები (რომლებიც გამოიყენება ანთებითი დაავადებების მკურნალობისას);

- მეტოტრექსატი (გამოიყენება კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალოდ);

- იმუნოსუპრესიული საშუალებების სახელით ცნობილი წამლები (რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის ხელოვნურად შესასუსტებლად), როგორიცაა ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი;

- წამლები, რომლებიც ცნობილია როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუმსი) (რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

- ქინოლონებად წოდებული ანტიბიოტიკები, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი;

- პრობენეციდი და სულფინპირაზონი, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის დროს (სახსრებისა და ქსოვილების დაავადებები, გამოწვეული ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით);

- მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის მედიკამენტური შეწყვეტისათვის);

- იბუპროფენის ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის, ურეცეპტოები;

- ნებისმიერი სხვა აასს-ები, რომლებიც შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას/ასპირინს;

- ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად);

- სულფონილშარდოვანას პრეპარატები, როგორიცაა გლიბენკლამიდი (გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ);

- ვორიკონაზოლი ან ფლუკონაზოლი;

- ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიისას).

 

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან

კაფსულებს უნდა მიაყოლოთ წყალი. არ დაღეჭოთ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის დროს. პრეპარატის მიღება საკვების მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება გახდეს მისი მოქმედების შეყოვნების მიზეზი. ამ შემთხვევაში დამატებით არ უნდა მიიღოთ პრეპარატის კიდევ ერთი დოზა, არამედ უნდა დაელოდოთ 4-საათიანი ინტერვალის დასრულებას წინა 1 კაფსულის (200 მგ) მიღებიდან და  6-საათიანი ინტერვალის დასრულებას წინა 2 კაფსულის (2 х 200 მგ) მიღებიდან.

ალკოჰოლთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს აქტიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ეხება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ან ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

 

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში 

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, გაქვთ ჩასახვის პრობლემები, ან გადიხართ გამოკვლევას უნაყოფობის თაობაზე, ასევე ძუძუთი კვებავთ ჩვილს, რათა მიიღოთ რეკომენდაციები ამ პრეპარატის მიღებამდე. 

აკრძალულია ბრუფენ რაპიდის მიღება ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში.

პირველ და მეორე ტრიმესტრში პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ყველაზე დაბალ დოზებში უმოკლესი პერიოდის განმავლობაში. ამ დრომდე ცნობილი არ არის ჩვილებზე თანამდევი ზემოქმედების შემთხვევები, ამიტომ, ტკივილისა და მომატებული ტემპერატურისას რეკომენდებული დოზით მოკლევადიანი მკურნალობისათვის ძუძუთი კვების შეწყვეტა, ჩვეულებრივ, საჭირო არ არის.

იბუპროფენი უარყოფითად მოქმედებს ქალის დაორსულების უნარზე. იბუპროფენის გამოყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, არ არის რეკომენდებული.

 

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი

თუ პაციენტებს პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებოდათ რეტიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ, მათ არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაონ სხვა მექანიზმებთან.

პრეპარატის ერთჯერადი ან მოკლევადიანი მიღებისას, ჩვეულებრივ, სიფრთხილის ზომების მიღება საჭირო არ არის. ეს უფრო მეტად ვლინდება ალკოჰოლთან ურთიერთობისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბრუფენ რაპიდის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ.

ბრუფენ რაპიდი შეიცავს სორბიტს (E 420). ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

 

3. როგორ გამოვიყენოთ ბრუფენ რაპიდი

მიიღეთ მოცემული პრეპარატი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. გაესაუბრეთ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თანამდევი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

გამოყენების მეთოდი

მოზრდილები და მოზარდები, რომელთა სხეულის მასაც ≥ 40 კგ:

მიიღეთ შინაგანად 1 (200 მგ) ან 2 (2 x 200 მგ) კაფსულა.

მიაყოლეთ წყალი. არ დაღეჭოთ.

თუ იღებთ 1 (200 მგ) კაფსულას, შემდეგი მიღება, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს 4 საათის შემდეგ.

თუ იღებთ 2 (2 x 200 მგ) კაფსულას, შემდეგი მიღება, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს 6 საათის შემდეგ.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ-ს (6 კაფსულა), რომლებიც გამოიყენება რამდენიმე მიღებად.

ბავშვები, რომელთა სხეულის მასაც ≤ 39 კგ:

პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას 20 კგ-ზე არანაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვების სამკურნალოდ.

იბუპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20-30 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც იყოფა 3-4 მიღებად 6-8 საათიანი ინტერვალით მიღებებს შორის.

არ შეიძლება რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ შეიძლება 30 მგ/კგ მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.

 

დოზირება უნდა იყოს შემდეგი:

სხეულის მასა

ერთჯერადი დოზა

(კაფსულები)

მაქისმალური სადღეღამისო დოზა

(კაფსულები)

20-დან 29-კგ-მდე ბავშვები

1 კაფსულა

(200 მგ იბუპროფენი)

3 კაფსულა

(600 მგ იბუპროფენი)

30-დან 39-კგ-მდე ბავშვები

1 კაფსულა

(200 მგ იბუპროფენი)

4 კაფსულა

(800 მგ იბუპროფენი)

პაციენტებმა, რომლებსაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, პრეპარატი უნდა მიიღონ ჭამის დროს.

ხანდაზმული ადამიანები: ასეთი პაციენტებისათვის დოზის შემცირება საჭირო არ არის, თუმცა საჭიროა მათ მდგომარეობაზე განსაკუთრებით საფუძვლიანი დაკვირვება თანამდევი ეფექტების შესაძლო განვითარების გამო.

თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა: დოზის შემცირება არ არის საჭირო თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ არსებობს პრეპარატის 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების საჭიროება (ბავშვებსა და მოზარდებში), 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების საჭიროება (მოზრდილებში ტკივილისას) ან ადგილი აქვს სიმპტომების გაუარესებას, რჩევისათვის უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ გადააჭარბეთ პრეპარატ ბრუფენ რაპიდის რეკომენდებულ დოზას

სიმპტომები                                                                         

თუ თქვენ გადააჭარბეთ პრეპარატ ბრუფენ რაპიდის დოზას, ან თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი, ყოველთვის აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს შესაძლო რისკის შეფასებისა და შემდგომი მოქმედებების თაობაზე რჩევისათვის.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებში შეიძლება შედიოდეს გულისრევა, პირღებინება (შესაძლოა სისხლის კვალით), მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, შხუილი ყურებში, დეზორიენტაცია და თვალის კაკლების კანკალით მოძრაობა. მაღალი დოზების მიღებისას შემოდიოდა შეტყობინებები ძილიანობის, გულმკერდის არეში ტკივილის, გახშირებული გულისცემის, გონების დაკარგვის, კრუნჩხვების (ძირითადად ბავშვებში), სისუსტისა და თავბრუსხვევის, შარდში სისხლის გამოჩენის, შემცივნებისა და სუნთქვის პრობლემების შესახებ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ბრუფენ რაპიდის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ბრუფენის გამოყენება 

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

 

4. შესაძლო თანამდევი ეფექტები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ბრუფენ რაპიდსაც შეუძლია თანამდევი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თანამდევი ეფექტების წარმოშობის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის მიღების გზით დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში სიმპტომების შემსუბუქებამდე. შეიძლება თავი იჩინოს ერთერთმა ცნობილმა თანამდევმა ეფექტმა აასს-ების გამოყენების შედეგად (იხ. ქვემოთ). თუ ეს მოხდა, ან თუ გაგიჩნდათ შეშფოთება მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოცემულ  პრეპარატს, იზრდება ჯანმრთელობის პრობლემების წარმოშობის რისკი, რომლებიც დაკავშირებულია თანამდევ ეფექტებთან.

შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ:

ნაწლავური სისხლდენის ნიშნები, როგორიცაა ძლიერი ტკივილი მუცელში, მელენა, სისხლიანი პირღებინება ან პირღებინება დაფქვილი ყავის მსგავსი მუქი ნაწილაკების თანხლებით;

ძალიან იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნები, როგორიცაა ასთმის გამწვავება, სტვენისმაგვარი სუნთქვა ან აუხსნელი ქოშინი, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა, ტაქიკარდია ან არტერიული წნევის ვარდნა, რომელიც იწვევს კოლაფსს (მკვეთრ სისუსტეს გონების დაკარგვამდე, თავბრუსხვევას, შემცივნებას). მსგავსი რეაქციები შეიძლება წარმოიშვას მოცემული პრეპარატის პირველად გამოიყენების შემთხვევაშიც კი;

შესაძლებელია კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი მთელი სხეულის დაფარვით, აქერცლვა, ფუთქების ან ბუშტუკების წარმოქმნა, ან კანის ფენის აქერცლვა, კერძოდ, კანის მძიმე რეაქცია, რომელსაც ეწოდება DRESS-სინდრომი (სიხშირე უცნობია). DRESS-სინდრომის სიმპტომებში შედის: კანზე გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (ლეიკოციტების ნაირსახეობა) რაოდენობის ზრდა.

სხვა შესაძლო თანამდევი რეაქციები:

აცნობეთ ექიმს შემდეგი თანამდევი რეაქციებიდან ერთერთის წარმოშობის, ან ერთერთი მათგანის გამწვავების, ან ისეთი რეაქციის წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც აქ არ არის ნახსენები.

ხშირი (≥ 1/100 <1/10-მდე):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, როგორიცაა გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება, გაზების მომატებული წარმოქმნა (მეტეორიზმი), დიარეა, ყაბზობა და უმნიშვნელო სისხლდენები კუჭში ან/და ნაწლავებში, რომლებმაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.  

არც თუ ხშირი (≥ 1/1000 <1/100-მდე):

წყლულები კუჭსა და ნაწლავებში, რომლებსაც ზოგჯერ თან ახლავს სისხლდენა ან პერფორაცია, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების წარმოქმნით (წყლულოვანი სტომატიტი), კუჭის ანთება (გასტრიტი), კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება.  

დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნება, გაღიზიანება ან დაღლილობა.

დარღვევები მხედველობის მხრივ.

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი და ასთმის შეტევები. ასეთ შემთხვევებში უნდა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ ვაცნობოთ ექიმს.

სხვადასხვა გამონაყარი კანზე.

იშვიათი (100 1/10000 <1/1000-მდე)

ხმაური (ზრიალი) ყურებში, სმენის დარღვევა.

თირკმლების დაზიანება (პაპილარული ნეკროზი) და სისხლში შარდმჟავის კონცენტრაციის მომატება.

სისხლში შარდოვანის კონცენტრაციის მომატება.

ჰემოგლობინის შემცველობის შემცირება.

ძალიან იშვიათი (<1/10000):

აასს-ებით მკურნალობის დროს შემოდიოდა შეტყობინებები შეშუპების, მომატებული არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის წარმოშობის შემთხვევების შესახებ.  

საყლაპავის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, მსხვილი და წვრილი ნაწლავების შევიწროება ფოლაქების წარმოქმნით (ნაწლავების დიაფრაგმისებრი სტენოზი).

კანის მძიმე ინფექციებისა და რბილი ქსოვილების მხრივ გართულებების წარმოშობა ჩუტყვავილათი დაავადებისას.

შარდის ნორმაზე დაბალი რაოდენობა და შეშუპებები (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში); შეშუპება და მღვრიე შარდი (ნეფროზული სინდრომი); თირკმლის ანთებითი დაავადება (ინტერსტიციალური ნეფრიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთი სიმპტომის წარმოშობის ან ზოგადი გაუარესების შეგრძნების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს თირკმელების დაზიანების ან თირკმელის უკმარისობის პირველი ნიშნები.  

სისხლწარმოქმნის დარღვევები (პირველი ნიშნები: ცხელება, ყელის ტკივილი, ზედაპირული წყლულები პირის ღრუში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, მკვეთრად გამოხატული სისუსტე, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები). ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. არ სცადოთ თვითმკურნალობა ტკივილგამაყუჩებლების ან სიცხის დამწევი საშუალებების დახმარებით (სხეულის ტემპერატურის დასაწევი პრეპარატები).

ფსიქოტიკური რეაქციები და დეპრესია.

შემოდიოდა შეტყობინებები ინფექციებთან დაკავშირებული ანთებების გამწვავების (მაგალითად, ნეკროზირებული ფასციტის განვითარების) შესახებ გარკვეული ანალგეტიკების (აასს) გამოყენებისას. თუ ბრუფენ რაპიდით მკურნალობის დროს განგივითარდათ ან გაგიძლიერდათ ინფექციის ნიშნები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მოცემულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა ჩვენებები ანტიბაქტერიული თერაპიისათვის/ანტიბიოტიკებით მკურნალობისათვის.

არტერიული ჰიპერტენზია, გახშირებული გულისცემა, გულის უკმარისობა და გულის შეტევა.

გადახრები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლებში, ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის მწვავე ანთება (ჰეპატიტი).

პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ იბუპროფენს, აღენიშნებოდათ ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომები კეფის კუნთების რიგიდულობის, თავის ტკივილის, გულისრევის, პირღებინების, ცხელების ან ცნობიერების დარღვევის თანხლებით. მსგავსი რეაქციები უფრო ხშირად აღინიშებათ აუტოიმუნური დაავადებების (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება) მქონე პაციენტებს. ასეთი შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.

კანის რეაქციების მძიმე ფორმები, როგორიცაა კანზე გამონაყარი გაწითლებით და ფუთქებისა და ბუშტუკების წარმოქმნით (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი, თმის ცვენა (ალოპეცია)).  

მძიმე სისტემური ალერგიული რეაქცია.

ასთმისა და ბრონქოსპაზმის გამწვავება.

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი).

უცნობი სიხშირის (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):

შეიძლება აღინიშნებოდეს კანის მძიმე რეაქცია, ცნობილი DRESS-სინდრომის სახელით, ასეთი სიმპტომების თანხლებით: გამონაყარი კანზე, ცხელება, ლიმფური კვანძების შესიება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მატება;

წითელი ქერცლოვანი გამონაყარი კანქვეშა ბორცვაკებითა და ბუშტუკებით, რომლებიც ლოკალიზებულია ძირითადად კანის ნაკეცებში, ტორსზე და ზედა კიდურებზე, თან ახლავს ცხელება თერაპიის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ექზანთემატური პუსტულოზი).

ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ბრუფენ რაპიდის მიღება და მიმართოთ ექიმს (იხილეთ ნაწილი 2).

ისეთმა წამლებმა, როგორიცაა ბრუფენ რაპიდი, შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის განვითარების რისკი.                         

შეტყობინება თანამდევი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე თანამდევი ეფექტები, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება თანამდევ ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ თანდართულ საინფორმაციო ფურცელში.

თანამდევი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ გვაცნობოთ თანამდევი რეაქციების შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის საშუალებით, რომლის დეტალებიც გამოქვეყნებულია წამლებისა და სამედიცინო ნაწარმის სააგენტოს ვებსაიტზე: http://amdm.gov.md/ ან ელფოსტით: [email protected].

თანამდევი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ უფრო დეტალური ინფორმაციის უზრუნველყოფას მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

5. როგორ შევინახოთ პრეპარატი ბრუფენ რაპიდი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 30 °С ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერის „ვარგისია“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატ ბრუფენ რაპიდის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება – იბუპროფენი. 1 კაფსულა შეიცავს 200 მგ იბუპროფენს;

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლები (პოლიეთილენგლიკოლი 600), კალიუმის ჰიდროქსიდი (სიწმინდე 85%), გაწმენდილი წყალი; კაფსულის გარსი: ჟელატინი; სორბიტის ხსნარი, ნაწილობრივ დეჰიდრირებული (E 420), გაწმენდილი წყალი, ლეციტინი (სოიოს), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები.

 

პრეპარატისა და შეფუთვის აღწერა

ბრუფენ რაპიდი წარმოდგენილია მქრქალი ყვითელი ფერის გამჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულების სახით, ოვალური ფორმის, ზომა - 8,5 minim, გამჭვირვალე შიგთავსით.

ბრუფენ რაპიდი ხელმისაწვდომია მუყაოს კოლოფებში 1 პვქ-პვდქ/ალ ბლისტერით, თითოში 10 რბილი კაფსულით.

სად შევიძინოთ?