Nuk
აციკლოვირი ნორმონი / Aciclovir Normon

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): aciclovir
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Normon
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: 200მგ ტაბლეტი №25
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

1. რას წარმოადგენს აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები და მისი გამოყენება 

აციკლოვირი მიეკუთვნება ე.წ. ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს.

ის გამოიყენება მარტივი ჰერპესის ვირუსით, გენიტალური ჰერპესით, ჰერპეს ზოსტერითა და ჩუტყვავილით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისათვის.

 

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების მიღებამდე 

დაუშვებელია აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების მიღება:

• თუ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირის ან ვალაციკლოვირის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აციკლოვირის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა:

- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან ხანდაზმულია. ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა. ასევე, საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, რათა შენარჩუნებულ იქნას ადექვატური ჰიდრატაცია;

- თუ პაციენტს აღენიშნება გენიტალური ჰერპესის ინფექცია, რეკომენდებულია მიღებულ იქნას სიფრთხილის ზომები სქესობრივი აქტის დროს, ანტივირუსული მკურნალობის დაწყების მიუხედავად. 

 

სხვა მედიკამენტები და აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

 

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი უკანასკნელ პერიოდში იღებდა პრობენეციდს, ციმეტიდინს ან მიკოფენოლატის მოფეტილს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტირებულ პაციენტებში).

 

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

 

აციკლოვირი აღწევს დედის რძეში. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ძუძუთი კვების დროს.

 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ, როგორიცაა მოთენთილობა ან ძილიანობა, შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარზე. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტი გრძნობს, რომ მისი უნარებზე გავლენა იქონია მედიკამენტმა. 

აციკლოვირი ნორმონი 200 მგ შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.

 

3. აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების მიღების წესი 

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

 

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს საჭირო დოზას, სქემას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

 

პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება.

 

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს აციკლოვირი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად.

 

მოზრდილებისათვის ჩვეულებრივი დოზაა:

- მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ერთი 200 მგ ტაბლეტი ხუთჯერ დღეში ყოველ ოთხ საათში, საღამოს დოზის გამოტოვებით;

- მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული რეციდივების სუპრესია: ერთი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში ყოველ ექვს საათში, ან ორი 200 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში ყოველ თორმეტ საათში;

- მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების პრევენცია იმუნოსუპრესორულ პაციენტებში: ერთი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში ყოველ ექვს საათში;

- ჩუტყვავილისა და ჰერპეს ზოსტერით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ოთხი 200 მგ ტაბკლეტი ხუთჯერ დღეში ყოველ ოთხ საათში, საღამოს დოზის გამოტოვებით.

 

ბავშვებისათვის ჩვეულებრივი დოზაა:

- მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების პრევენცია იმუნოსუპრესორულ ბავშვებში:

- ბავშვები და მოზარდები (2-დან 18 წლამდე): დოზა იგივეა, რაც მოზრდილებში

- ჩვილები (28 დღიდან 23 თვემდე): ინიშნება მოზრდილების დოზის ნახევარი.

ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც უფრო შესაბამისია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

• ჩუტყვავილის მკურნალობა:

- ბავშვები (6 წლის ასაკის ზემოთ) და მოზარდები: ოთხი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში;

- 2-6 წლის ასაკის ბავშვები: ორი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში.

ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც უფრო შესაბამისია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.

 

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ აციკლოვირი ნორმონის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

 

აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.

 

აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები 

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

 

ხშირი შესაძლო გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ცხელება;

• გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი;

• ქავილი, კანზე გამონაყარი (შეიძლება გამოწვეული იყოს სინათლეზე მგრძნობელობით).

 

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

• თმის ცვენა;

• ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

 

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

• გავლენა სისხლის ანალიზებზე (ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მომატება, სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება);

• სუნთქვის გაძნელება;

• ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების და ენის შეშუპება);

• მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია).

 

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

• ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება) ან ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), სისხლჩაქცევა (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო);

• აღელვება, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, მოძრაობის გაძნელება, ლაპარაკის გაძნელება, ცნობიერების დაბინდვა ან ჰალუცინაციები, პიროვნული აშლილობები და ქცევის ცვლილებები, კრუნჩხვები, ძილიანობა, ენცეფალოპათია (თავის ტვინის დარღვევები), კომა. ეს ეფექტები ძირითადად შექცევადია და ჩვეულებრივ ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვევები ან წინასწარგანმწყობი ფაქტორები;

• ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე (კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი (შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის უკმარისობასთან).

 

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული სიმპტომი: ხმაურიანი სუნთქვა, გულის თრთოლვა ან მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, გამონაყარი კანზე ან სისხლჩაქცევა. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს, რომ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირი ნორმონის მიმართ. დაუშვებელია დამატებითი ტაბლეტების მიღება ექიმის მითითების გარეშე.

 

 

5. აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების შენახვის წესი 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 30°C-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

 

სად შევიძინოთ?