Nuk
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად  ამ სამსახურს სულ ორი-სამი ექიმი ჰყავდა, რომლებიც პაციენტების სანახავად ერთი სამედიცინო ეტლით დადიოდნენ. დღეისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი თავისი კვალიფიციური პრესონალით, უახლესი აღჭურვილობით, კომუნიკაციისა  და სატრანსპორტო საშუალებებით დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ოპერატიული და თანამედროვე სამსახურია.

ქ. თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის"  მიზანია  თბილისის საზღვრებში თითოეული მოქალაქისათვის პრეჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.  ტერიტორიული პრინციპით თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებული  12 ფილიალი და 7 პუნქტი სრულად მოიცავს დედაქალაქს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურება უფასოა.

ბოლო წლები გარკვეულწილად გარდამტეხი იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის: განხორციელდა ცენტრის სტრუქტურული რეფორმა; განახლდა  სამედიცინო დახმარების მომსახურების მოდელი; სასწრაფო დახმარება "033" გადაკეთდა "113"-ად. მოსახლეობა, სწორედ, ამ ნომრით უკავშირდება ცენტრალურ სადისპეჩეროს.



დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მუშაობს კავშირის ოთხმაგი სისტემა: სტაციონარული სატელეფონო, სტაციონარული რაცია, პორტატიული რაცია და მობილური ტელეფონი. ყველა სამედიცინო ბრიგადა აღიჭურვა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო-ტექნიკური აპარატურით;  უახლესი GPშ-ის მოდელის რადიოგადამცემით, მრავალფუნქციური დეფიბრილატორებით, ელექტრო-კარდიოგრაფიული აპარატებით; სამედიცინო ყუთში არის ყველა საჭირო მედიკამენტი; ყველა ბრიგადას აქვს თბილისის შესაბამისი ტოპოგრაფიული რუკა, რამაც აამაღლა ოპერატიულობის ხარისხი.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. სისტემატურად მიმდინარეობს თანამშრომელთა პროფესიული მომზადება და გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით. დიაგნოზები ისმება IჩD-10-ის (ავადმყოფობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკატორის) შესაბამისად. სამედიცინო მომსახურება ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დადგენილი გაიდლაინ-პროტოკოლების საფუძველზე.

აგვისტოს ომის დროს ცხელ წერტილებში თბილისის სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის 44 ბრიგადა მუშაობდა. მათი მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით შესაძლებელი გახდა თბილისის საავადმყოფოებში ყველა პაციენტის წარმატებული ჰოსპიტალიზაცია;  ცენტრის რვა ექიმი და მძღოლი დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. თანამშრომელთა ნაწილს  გადაეცა ფულადი პრემიები და მადლობის სიგელები.

ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებში.  ცენტრს  ჰყავს  ვოკალური ანსამბლი  და საფეხბურთო გუნდი. ჩვენი ექიმები გაერთიანებული არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელში", რომლის მიზანიც ახალგაზრდა ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.